ტრიფონ გამსახურდია
ტრიფონ გამსახურდია (დ. 28 იანვარი, 1896, ნოსირი — გ. 1993) — ქართველი ექიმი, საზოგადო მოღვაწე, ქიმიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაწყებითი განათლება მიიღო ძველი სენაკის ქართულ ოთხკლასიან სკოლაში. 1912 წელს დაასრულა ქუთაისის ქართული გიმნაზია. 16 წლის ასაკში სამსახური დაიწყო აზერბაიჯანში, კერძოდ ბაქოში, ვატუშინსკის აფთიაქში, სადაც 3 წლის განმავლობაში იმუშავა. მოგვიანებით გახდა ყაზანის უნივერსიტეტის სპეციალური კურსების მსმენელი. კურსების დასრულების შემდეგ წარმატებით ჩააბარა გამოცდები უნივერსიტეტში. 1915 წელს უმაღლესი განათლების დიპლომით დაბრუნდა ბაქოში და მუშაობა დაიწყო რეცეპტარად. 1917 წლიდან მუშაობდა ფოთში, ალექსანდრე მდივნის კერძო აფთიაქში რეცეპტარად. 1918 წელს გადაიყვანეს ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში აფთიაქის გამგედ. მისი ხანგრძლივი და ნაყოფიერი შრომის ეტაპი 1924 წლიდან დაიწყო, როდესაც გორში გადავიდა საცხოვრებლად. სხვადასხვა დროს იგი იყო გორის, ე.წ. ძველი აფთიაქის რეცეპტარი, კასპის რაიონის სოფელ წითელქალაქის აფთიაქის გამგე, პროფკავშირის სამაზრო გამგეობის თავმჯდომარე, საოლქო გამგეობის თავმჯდომარე, რაიონული პროფსაბჭოს გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი, გორის რაიონის ჯანმრთელობის განყოფილების გამგე, გორის რაიონის სოფელ ტყვიავის აფთიაქის გამგე, გორის პირველ აფთიაქში რეცეპტარ-კონტროლიორი და სხვა.
1938 წელს დააკავეს. 1940 წელს კი გაათავისუფლეს. ოფიციალურ დოკუმენტში მითითებულია, რომ წაყენებულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნეს. იგი აირჩიეს გორის საქალაქო საბჭოს დეპუტატად და გორის რაიონული საბჭოს აღმასკომის პრეზიდიუმის წევრად. გორის ჯანდაცვის განყოფილების ხელმძღვანელობისას, მისი ინიციატივითა და უშუალო მეთვალყურეობით დაარსდა და ამოქმედდა ქალაქის ტუბდისპანსერი, რომელიც აღჭურვეს იმ დროისთვის უახლესი რენტგენის აპარატით, ფიზიოთერაპიის კაბინეტებითა და ბიოქიმიური ლაბორატორიით. კასპის რაიონის სოფელ წითელქალაქში მოღვაწეობისას მისი მცდელობით გამოიყო შენობა და მოეწყო კულტურის ცენტრი. წითელქალაქში შექმნა თეატრალური დასი, იმართებოდა სპექტაკლები და კონცერტები. ტრიფონ გამსახურდიას წამოწყებით სოფელ წითელქალაქში ჩამოყალიბდა საფეხბურთო გუნდი, რომელშიც თავადაც ასპარეზობდა ცენტრალური მცველის პოზიციაზე. იგი დააჯილდოვეს საიუბილეო მედლით, შრომის ვეტერანის წოდებით, საკავშირო ჯანდაცვის სამინისტროსა და საკავშირო მედმუშაკთა პროფკავშირის „დამკვრელის", „ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსნის" სიგელებითა და ფასეული საჩუქრებით. მას მიენიჭა სოფელ ტყვიავისა და გორის საპატიო მოქალაქის წოდება. მისი გარდაცვალების შემდეგ, გორში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფასადზე (სტალინის გამზ. 24), სადაც ბოლო, დაახლოებით 35 წელი იცხოვრა, ტრიფონ გამსახურდიას მემორიალური დაფა დაამაგრეს.[1]
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შრომის წითელი დროშის ორდენი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კაცი - ლეგენდა : ტრიფონ გამსახურდია / ვახტანგ ჭანკოტაძე, თბ., 2017, გვ. 106