სიმონ განგებლოვი
სიმონ განგებლოვი | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 24 მაისი, 1757 |
დაბადების ადგილი | მოსკოვი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 17 თებერვალი, 1827 (69 წლის) ან 1827[1] |
გარდაცვალების ადგილი | Bohodarivka |
კუთვნილება | რუსეთის იმპერია |
ჯარის სახეობა | არმია |
სამხედრო სამსახურის წლები | 1771–1818 |
წოდება | გენერალი |
ბრძოლები/ომები | რუსეთ-თურქეთის ომი ანაპის იერიში ბაუცენის იერიში |
ჯილდოები | 1.წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენი 2. ოქროს ნიშანი 3. ვლადიმერის მესამე კლასის ორდენი 4. წმინდა გიორგის მეორე კლასის ორდენი |
სამსახურიდან გადადგომა | 1818 |
სიმონ გიორგის ძე განგებლოვი (განგებლიძე) (დ. 24 მაისი, 1757, მოსკოვში, — გ. 17 თებერვალი, 1827) — რუსეთის არმიის გენერალი.
წარმოშობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი მამა, გიორგი ქრისტეფორეს ძე განგებლიძე, 1734 წელს ქართველ მეფისწულ ბაქარ ვახტანგის ძეს ახლდა რუსეთში. უკანასკნელის დახმარებით გიორგი ქართულ ჰუსართა პოლკში ჩაურიცხავთ, 1740 წელს მეფისაგან მიუღია მამული 40 კომლი გლეხით პოლტავის გუბერნიის ოსტაპოვოში. გიორგი განგებლიძე მონაწილე იყო რუსეთის ომებისა შვედებთან, პრუსიასა და თურქეთთან. 1768-1774 წლების რუსეთ-თურქეთის ომის ერთ-ერთი ბრძოლის დროს მაიორი განგებლიძე მძიმედ დაჭრეს და 1772 წელს გარდაიცვალა. მისმა მეუღლემ მამული გაყიდა და უკრაინიდან პეტერბურგს გადასახლდა. სიმონ და ეკატერინე განგებლიძეს სამი ქალიშვილი და სამი ვაჟიშვილი — ნიკოლოზ, ალექსანდრე, და სპირიდონი ჰყავდათ. ერთ-ერთი მათგანი იყო მომავალი დეკაბრისტი ალექსანდრე განგებლიძე.
სამხედრო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1771 წლის 1 იანვარს 14 წლის სიმონ განგებლიძე სამხედრო სამსახურში შედის ჰუსართა ლეგიონში, რომელიც ნოვგოროდის მხარეში იდგა.მისი კარიერა კაპრალის ჩინით დაიწყო. 6 წლის შემდეგ ეს ლეგიონი დაიშალა, რის შემდეგ სიმონი იუნკერად გადაიყვანეს ახლად ჩამოყალიბებულ მოლდავეთის ჰუსართა ლეგიონში და მომდევნო წელს იქ იგი პრაპორშჩიკი გახდა. 1788 წელს სიმონი პორუჩიკის ჩინით გადადის იაროსლავლის ქვეით ლეგიონში, რომელიც ფელდმარშალ პოტიომკინის არმიის შემადგენლობაში მონაწილეობს 1787-1791 წლების რუსეთ-თურქეთის ომში, კერძოდ ოჩაკოვის ალყაში. ციხეზე იერიშის დროს სიმონ განგებლიძე მოხალისეტა რაზმის რიგებში პირველი ავიდა სიმაგრის კედელზე. თურქი მეომრები უდიდესი ენერგიით იცავდნენ ოჩაკოვს, მაგრამ რუსეთის არმიის იერიშს მაინც ვერ გაუძლეს. სიმონი აქ ფეხში დაჭრეს; უდიდესი სიმამაცისათვის მას კაპიტნის ჩინი და სპეციალურად დაწესებული ოქროს ნიშანი უბოძეს. ამ ნიშანს წმინდა გიორგის ორდენის ლენტით ატარებდნენ. 1789 წ. სექტემბერში სიმონ განგებლიძე მონაწილეობს ციხესიმაგრე გაჯიბეის აღებაში; ეს სიმაგრე თანამედროვე ოდესის საფუძველი იყო. ამ დროს სიმონი 32 სლია იყო და მაიორობა დაიმსახურა. 1791 წელს განგებლიძე კონტრ-ადმირალ უშაკოვის სადესანტო რაზმის მეთაური იყო. იგი დუნაის შესარტავებს იცავდა. ამით დამთავრდა მისი მონაწილეობა 1787-1791 წლების რუსეთ-თურქეთის ომში. ომის დამთავრების შემდეგ სიმონი თავისი ჯარით მოლდავეთში იდგა, აქედან კი ვარშავაში გაგზავნეს. 1794 წელს ვარშავაში აჯანყებამ იფეთქა ცარიზმის კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ. აჯანყებას მრავალი რუსი ჯარისკაცი და ოფიცერი შეეწირა. სიმონი კი სიკვდილს მისმა ერთმა ახლობელმა ოჯახმა გადაარცინა; აქ ერთ-ერთი გენერლის ოჯახში შვილობილად იყო მიღებული, თავადის ქალი ;;ბებიად“ მიაჩნდა მისი დიდი მშობლიური სიყვარული დაიმსახურა. აჯანყების წინ მივლინებიდან ბრუნდებოდა. როდესაც ვარშავას მიუახლოვდა, გაზაზე ხშირი მოძრაობა შენიშნა, მისი ყურადრება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ ამ ხალხმრავლობაში მხოლოდ მამაკაცები იყვნენ. სიმონი მთავარსარდალ ბარონ იგელსტრომანთან გამოცხადდა, მოახსენა მივლინების ანგარიში და ქალაქთან ხალხის შეკრებაც ამცნო. ბარონმა სიცილით განუცხადა, რომ ,,შენც იმას ფიქრობ, რომ აჯანყებაა მოსალოდნელი?“. გამგებლიძე დაემშვიდობა მას. გზაზე გადაწყვიტა, ,,ბებია“ ენახულა. მაგრამ ჩვეულებრივი შეხვედრის მაგიერ იქ ცივი ატმოსფერო დახვდა. ცივი იყო სიმონის პოლონელი მეგობრის კაზიმირის ღიმილიც. სიმონი დაემშვიდობა მათ და გაბრუნდა. შუაღამისას ქვემეხების სროლისა და განგაშის ხმა გაისმა. განგებლიძე თავისი დენშჩიკითა და ადიუტანტით მთავარსარდალის შენობისკენ წავიდა, ქუჩაში უკვე ხალხმრავლობა იყო, აქ მას შეხვდა კაზიმირი, რომელმაც გულითადი სამსახური შესთავაზა და ხმამაღლა პოლონურ ენაზე ,,ბებიას“ ბინაზე მიიყვანა, სადაც იგი პატარა ოთახში გამოკეტეს; ცოტა ხნის შემდეგ აჯანყებულები ,,ბებიას“ სახლში შეცვივდნენ, მაგრამ კაზიმირმა ლანძღვა-გინებით ისინი ბრძოლისაკენ გაისტუმრა. განგებლიძე მიხვდა, რომ ვარშავის დატოვება აუცილებელი იყო. ამ დროს არცთუ ისე შორს რუსეთის ქვემეხების ხმა მოესმა, საითაც იგი დაუყონებლივ დაიძრა და უვნებლადაც მიაღწია მათ პოზიციამდე აქ, როგორც უფროსს, მას მეტაურობა შესთავაზეს. სიმონმა დაინახა, რომ ჭურვები მცირე იყო და ადგილზე დარცენა კი შეუძლებელი, ამიტომ მან შეძლო ალყიდან გასვლა და თავისი ნაწილებით ქალაქგარეთ ძალებს შეუერთდა; ვარშავა რუსეთის არმიის ალყაში მოექცა და აჯანყება დამაცხდა. ვარშავის ოპერაციას სუვოროვი მეთაურობდა. მისიწარდგენით განგებლიძეს პოდპოლკოვნიკობა უბოძეს და ოქროს ნიშნით დააჯილდოვეს. ეს იყო მისი უკანასკნელი დამსახურება ეკატერინე II-ის მეფობის ეპოქაში. 1796 წელს ტახტზე პავლე I ავიდა, განგებლიძემ პოლკოვნიკობა მიიღო, ხოლო 1799 წელს იტალიაში ფრანგების წინააღმდეგ ლაშქრობის დროს თავდადებისა და დამსახურებისათვის გენერალ-მაიორობა უბოძეს. იგი ეგერთა ლეგიონს მეთაურობდა და სუვოროვის არმიის ავანგარდში მოქმედებდა— ბაგრატიონის რაზმში. შემდეგ იგი მონაწილეობს ანაპის იერიშში 1807 წელს, სადაც მან ვლადიმერის მესამე კლასის ორდენი დაიმსახურა, ხოლო ყირიმისა და ყუბანის ექსპედიციებში—წმინდა გიორგის მეორე კლასის ორდენი. 1810 წელს, რუსეთ-თურქეთის ომის პერიოდში, განგებლიძე მეთაურობს სარიჩევის ფლოტის სადესანტო ნაწილებს, რომლებიც ტრაპიზონის დასამორჩილებლად გაიგზავნა 6 ოქტომბერს ესკადრა ოდესიდან გავიდა და 9-ში ტრაპიზონის წინ იდგა. საარტილერიო ცეცხლის შემდეგ რუსეთის 300 მეომარი ხმელეთისაკენ დაიძრა ნავებით. გადასხმა წარმატებით დაგვირგვინდა. საედსანტო ჯარებმა ზღვის სანაპირო დაიკავეს და ხელთ იგდეს იქ განლაგებული არტილერია, მაგრამ თურქებმა ადრევე შეკრიბეს ძალები და რუსეთის დესანტი აიძულეს სანაპირო დაეტოვებინათ. დიდი მსხვერპლის შემდეგ სარიჩევმა გადაწყვიტა უკან დახევა და სევასტოპოლში დაბრუნდა. 1812 წელს, სამამულო ომის დაწყების დაწყებისას, განგებლიძე თავის პოლკით მოლდოვეთში მოქმედებდა; აქტიურად იბრძოდა ნაპოლეონის წინააღმდეგ; იგი უშუალო მონაწილეა ქ.ტორნის, ბაუცენის იერიშისა და აღებისა.აქ გამოჩენილი გმირობისათვისწმინდა გიორგის მეოთხე კლასის ორდენი დაიმსახურა. სიმონ განგებლიძეს ახასიათებენ, როგორც შეუპოვარს და მამაც მებრძოლს, ბრძოლებში ნაცად მეომარს. ომის დასასრულს, ერთ-ერთ ბრძოლაში, ყუმბარის აფეთქების შედეგად მან კონტუზია მიიღო.
სამხედრო სამსახურის დატოვება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1818 წელს სიმონ განგებლიძე სამხედრო სამსახურიდან გავიდა ფორმისა და ხელფასის შენარჩუნებით. მას დიდი ოჯახი ჰყავდა და ქალაქში ცხოვრების საშუალება არ ჰქონდა. ამიტომ იგი მეუღლის მამულში, ეკატერინოსლავის გუბერნიაში, სოფ. ბოგოდოროვცკში გადასახლდა. მისი მეუღლე — თავადის ქალი ეკატერინე სპირიდონის ასული მანველიშვილი იმდენად ერთგული მეგობარი ყოფილა მეუღლისა, რომ სიმონთან ერთად ხშირად ბრძოლაშიც მონაწილეობდა. სიმონი მეტად ჯანმრთელი ადამიანი ყოფილა. მან მხნეთ გაატარა 40 წლის მძიმე სამხედრო სამსახური.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1827 წლის 17 თებერვალს სიმონ განგებლიძე გენერლის ჩინით გარდაიცვალა. მისმა მეუღლემ, მანველიშვილმა მამული შვილებს დაუნაწილა, ხოლო თვითონ ლოცვაში გაატარა დარჩენილი 15 წელი.
გამოყენებული ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შამშე მეგრელიძე, ჩვენი სახელოვანი სამხედრო წინაპრები, თბ., 1979.
ომის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ომის შესახებ. |
ბიოგრაფიების პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ბიოგრაფიებზე. |
ისტორიის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები ისტორიის შესახებ. |