ზღვის კატა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზღვის კატა (თევზი).
ზღვის კატა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Callorhinus ursinus
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 3590
გავრცელება

ზღვის კატა (ლათ. Callorhinus ursinus) — ძუძუმწოვარი ცხოველი ფარფლფეხიანების რიგისა. სქესმწიფე მამლის სიგრძე 2,25 მ-მდეა, წონა 380 კგ-მდე, დედლის სიგრძე 1,6 მ-მდე, წონა 71 კგ-მდე. სხეული დაფარული აქვთ ორგვარი ბალნით: უხეში ფიცახითა და ნაზი ხშირი თივთიკით. ზრდასრული ცხოველი მორუხოა, ახალშობილი — შავი. აქვთ ყურის ნიჟარები. უკანა ფარფლები სხეულის ქვეშ იხრება და ხმელეთზე სიარულის დროს საყრდენია.

ზღვის კატა გავრცელებულია წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში ჩრდილოეთი განედის 32-38°-ზე, ზაფხულობით კი უფრო ჩრდილოეთით გადადიან. არსებობს ზღვის კატის 3 დამოუკიდებელი ჯოგი, რომლებიც გამრავლების დროს თავს იყრიან კომანდორის, ტიულენის, პრიბილოვისა და სან-მიგელის კუნძულებზე. თავშეყრის ადგილზე პირველები მიდიან მამლები, შემდეგ დედლები და ბოლოს ახალგაზრდა ზღვის კატები.

პოლიგამიური ცხოველებია — თითოეულ ჰარამხანაში 30-50 დედალია. მაკეობა 1 წელიწადს გრძელდება. ნაშიერი თვალხილული იბადება, 3 თვემდე რძით იკვებება. სქესობრივ სიმწიფეს დედალი აღწევს 3, მამალი 5-6 წლისა. იკვებებიან თევზითა და თავფეხიანებით. აქვთ ძვირფასი ბეწვი. რეწვა შეიძლება ზაფხულში სათანადო მეცნიერული წესების დაცვით. 1957 წელს სსრკ-მა, კანადამ და იაპონიამ დადეს ხელშეკრულება წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში ზღვის კატის დაცვის, სამეცნიერო გამოკვლევების კოორდინაციისა და რეწვის წესების მოწესრიგების შესახებ. სამხრეთ ნახევარსფეროში ბინადრობს Arctocephalus-ის გვარის 5 სახეობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]