საცხოვრებელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

საცხოვრებელი საცხოვრებელი სახლი — ადამიანის ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ოჯახთან ერთად ცხოვრების ადგილი. საცხოვრებლის ტიპს განსაზღვრავს ეკონომიკის განვითარების დონე, სოციალურ ურთიერთობათა ხასიათი, საოჯახო ცხოვრების ფორმები, კულტურა და ტრადიციები, გარემო და ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრეისტორიულ ხანაში გამოიყენებოდა საცხოვრებლის უმარტივესი ტიპები: გამოქვაბულები, მიწურები, კარვები. მომთაბარეობიდან ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლის ხანაში დედამიწის ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ სარტყელებში ნეოლითის ეპოქიდან გავრცელდა ხის ან ბამბუკის კარკასებიანი და ხიმინჯებიანი სახლები. მშრალ, უტყეო, მთის და მთისწინეთის ადგილებში აშენებდნენ ქვის, თიხატკეპნილის, ალიზის სახლებს. ევროპასა და აზიაში, პირენეიდან ჰიმალაიმდე, წიწვოვანი ტყით მდიდარ ტერიტორიებზე გავრცელდა ჯარგვალის ტიპის სახლი. ჩრდილოეთის ხახლები, რომლებსაც არ ჰქონდათ ხე-ტყე აგებდნენ ვეშაპის ნეკნების და ყბების ძვლებისგან კარკასიან ქოხებს, ესკიმოსები აშენებდნენ თოვლის ქოხებს — იგლუს. საცხოვრებლის გასათბობად გამოიყენებოდა შუაცეცხლი, კერა, რომელიც შემდგომ შეცვალა კედელზე მიდგმულმა კერამ, საიდანაც წარმოიშვა ბუხარი.

ძველი ახლო აღმოსავლეთის საზოგადოებაში წარმოიშვა ქალაქები, რამაც ხელი შეუწყო ქალაქური საცხოვრებლის წარმოქმნას. ეგეოსის კულტურამ შემოინახა საცხოვრებლის ტიპი მეგარონი. ძველი რომაული საცხოვრებელი აშენებული იყო ატრიუმის ირგვლივ. ფეოდალიზმის პერიოდში ფეოდალის საცხოვრებელს წარმოადგენდა ციხე-დარბაზი. გვიანდელი ფეოდალიზმის და კაპიტალიზმის ჩასახვის პერიოდში სწრაფად იზრდებოდა ქალაქები. ქალაქებში და ქალაქგარეთ დიდებულთათვის შენდებოდა სასახლეები, რომელთაგან ბევრი არქიტექტურული ძეგლია, მაგალითად XVII-XVIII საუკუნეების იტალიური პალაცოები და ფრანგ დიდებულთა სასახლეები.

ბალტიისპირეთში კლიმატური პირობებიდან გამომდინარე განვითარდა ჯარგვალის ტიპის საცხოვრებელი. ჯარგვალის სხვადასხვა ტიპები გავრცელებული იყო ჩრდილოეთ და ცენტრალურ ევროპაში. დანიის სამხრეთით და ლოთარიგნიაში გავრცელდა კარკასული სახლის ტიპი ჰალენჰაუზი, რომელშიც ერთი მაღალი სახურავის ქვეშ მოქცეული იყო საცხოვრებელი და სამეურნეო სათავსოები. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გავრცელდა ერთ ან ორსართულიანი ქვის ან კარკასული სოფლის სახლი. საშენ მსალად გამოიყენებოდა აგური, ქვა, თიხა. სამხრეთ ევროპაში გავრცელებული იყო შიდაეზოიანი სახლი. კავკასიაში გარვცელებული იყო ტერასული განაშენიანება ბანიანი სახლებით. შუა საუკუნეებში შეიქმნა და XX საუკუნემდე არსებობდა ინდუსტანის სოფლის სახლი. აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ძველი დროიდანვე გავრცელდა კარკასული სახლი, რომელიც 2 ან 3 სათავოსგან შედგებოდა. მისი დამახასიათებელი თავისებურება იყო დაწოლილი საკვამური, რომელზეც მოწყობილი იყო საწოლი. სამხრეთ ჩინეთში გავრცელებული იყო ბამბუკის კარკასული სახლები, ასევე აგებდნენ სახლებს ნავებსა და ტივებზე. იაპონიაში მიწისძვრების სიხშირის გამო განვითარდა მსუბუქკარკასიანი და მოძრავტიხრიანი შენობები. სტეპის და ნახევრადუდაბნოს ზონაში მომთავბარე მესაქონლე ხალხების საცხოვრებელი იყო კარავი და იურტა.

კაპიტალიზმის პირობებში სამშენებლო ტექნიკის განვითარებამ, ახალი კონსტრუქციების და მასალების (რკინაბეტონი, ლითონი) გამოყენებან თანდათან განდევნა სხვადასხვა ხალხთა საცხოვრებლის ტრადიციული ტიპები. სანტექნიკური მოწყობილობების, ცენტრალური გათბობის, ლიფტის მასობრივ გამოყენებას მოჰყვა საცხოვრებლის ახალი ტიპების გაჩენა. მზარდმა ურბანიზაციამ გამოიწვია ქალაქში საცხოვრებელზე მოთხოვნის ზრდა. XIX საუკუნიდან დამკვიდრდა მრავალბინიანი სახლები. 1830-40-იანი წლებიდან თანდათან დამკვიდრდა მრავალსართულიანი სექციური სახლები, ამავე პერიოდში დაიწყო გალერეიანი და კორიდორული სახლების მშენებლობა. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო სოციალური საცხოვრისების მშენებლობა. იგი გავრცელდა 1920-იანი წლების ევროპაში მწვავე საბინაო კრიზისის პირობებში. ამ პერიოდის საცხოვრისზე გავლენა მოახდინა ფუნქციონალიზმის იდეებმა. 1930-იან წლებში იყო მცდელობები, შეექმნათ საცხოვრებელი სახლები სრულყოფილი საზოგადოებრივი მომსახურებით. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სოციალური საცხოვრისების მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალური ხარჯებით მიმდინარეობდა.

საცხოვრებლის ისტორია საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ტერიტორიაზე მიკვლეულია პალეოლითის ხანის ადამიანის გამოქვაბულები დევისხვრელი, საკაჟია, მღვიმევი. არქეოლოგიურიად შესწავლილია ნეოლითის საცხოვრისები ანასეულის ნამოსახლარი და სამელე კლდე. გვიანდელი ნეოლითის ხანას მიეკუთვნება შულავრის გორა და იმირის გორა. განვითარების შემდგომ საფეხურზე აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში ჩამოყალიბდა საცხოვრებლის ძირითადი ტიპი დარბაზული სახლი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში გავრცელებული იყო ერდოიან-გვირგვიანი და მიწურბანიანი სახლები.

კოლხეთის დაბლობზე მიკვლეულია გორაკებზე განლაგებული, არხებით შემოფარგლული დასახლებები, სადაც იყო გეგმით წრიული ან მრავალკუთხა, ხის ან წნული ხიმიჯებიანი საცხოვრებელი სახლები. დასავლეთ საქართველოში ასევე არსებობდა პირამიდულსახურავიანი ძელებით ნაშენი სახლები და ჯარგვალი. საცხოვრებლის ამ ტიპების განვითარების შედეგია ოდა. სამხრეთ-დასალვეთ საქართველოში გავრცელებული იყო აჭარული სახლი და ლაზური სახლი. მთიან რეგიონებში გავრცელებული იყო კოშკური სახლები.

ადრინდელი ფეოდალიზმის ხანიდან ვითარდება ციხე-დარბაზები და სასახლეები: უჯარმის (V საუკუნე), ნადარბაზეის (IX-X საუკუნეები), გეგუთის სასახლეები. აღსანიშნავია გამოქვაბული ქალაქის [[ვარძია|ვარძიისა და დავითგარეჯის მონასტრის კომპლექსები. გვიანდელი შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელია საცხოვრებელი და თავდაცვითი ფუნქციების შერწყმა, მაგალითად ანანურის ციხე-ქალაქი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფართო მასშტაბით დაიწყო ტიპობრივი დაპროექტება და მშენებლობის ინდუსტრიალიზაცია. ქალაქებსა და დაბებში აშენდა მრავალბინიანი კორპუსები ტიპური პროექტებით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კიწურაშვილი, ს., ქალდანი, ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 215-217.
  • ბერიძე, ვ. „XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება“, თბილისი, 1983
  • ადამია, ი. „ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება“, ტომი 1-3, თბილისი, 1956-1979
  • გაგოშიძე, ვ. „საცხოვრებელი სახლების დაპროექტება“, თბილისი, 1971
  • ჯანბერიძე, ნ. „ქართული საბჭოთა არქიტექტურა“ თბილისი, 1971
  • ბერიძე, ვ. თბილისის ხუროთმოძღრება (1801-1917)“, ტ. 1-2, თბილისი, 1960-1963
  • ბერიძე, ვ. ქართული საბჭოთა არქიტექტურის ისტორია“ „ქართული ხელოვნება“, ტ. 4, 1955