იმირის გორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

იმირის გორა — ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურის (ძვ. წ. VI ათასწლეული) გორანამოსახლარი სოფელ იმირის სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე ხრამის მარჯვენა ნაპირას (მარნეულის მუნიციპალიტეტი). გაითხარა 1966-1971 წლებში (ა. ჯავახიშვილი, ო. ჯაფარიძე).

ნამოსახლარი წარმოადგენს 4-5 მ სიმაღლისა და 90 მ დიამეტრის ბორცვს, რომელიც წარმოიქმნა ალიზის ნაგებობათა ნგრევისა და პერიოდული განახლების შედეგად. 5 მ-ზე მეტი სისქის კულტურის ფენაში დადგენილია 7 სამშენებლო ჰორიზონტი. საცხოვრებელი კომპლექსები შედგება საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებისა და მათ შორის მოქცეული სამეურნეო ეზოსაგან. ცრუგუმბათოვან ნაგებობათა უმრავლესობა წრიულგეგმიანია. აღნიშნული კომპლექსები ერთმანეთთან დაკავშირებულია მორკალული კედლებით და წრიულადაა განლაგებული ცენტრალური მოედნის გარშემო. იმირის გორის მოსახლეობა ბინადარი იყო, მისდევდა მიწათმოქმედებას, მესაქონლეობას, ნადირობასა და თევზჭერას. იმირის გორის ქვედა ჰორიზონტებში აღმოჩენილია ჭდეული ორნამენტით და კონუსური კოპებით შემკული უხეშად ნაძერწი ჭურჭელი; ობსიდიანისა და კაჟის ნაწარმი და ძვლის ნაკეთობანი. ზედა ჰორიზონტებში ნაპოვნია სხვადასხვა სახის რელიეფური ორნამენტით შემკული უხეშად ნაძერწი და შედარებით უკეთ ნაძერწი მოვარდისფროზედაპირიანი თიხის სადა ჭურჭელი, ძვლის თოხები, ირმის რქისაგან დამზადებული სხვადასხვა დანიშნულების იარაღი, თიხის რამდენიმე ანთროპომორფიული ქანდაკების ფრაგმენტი. იმირის გორა შულავერ-შომუთეფეს კულტურის ადრეული საფეხურის ტიპური ძეგლია.

ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან იმირის გორა სამაროვნად გამოუყენებიათ. გორის ცენტრალურ ნაწილში გაითხარა მტკვარ-არაქსის კულტურისა და ადრინდელი და შუა ბრინჯაოს ხანის სამარხები, გვიანდელი ბრინჯაო-ადრინდელი რკინის ხანის სამარხები, ფეოდალური ხანის (XIII-XIV სს.) 3 მდიდრული სამარხი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კიღურაძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 116-117, თბ., 1980 წელი.
  • ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები (1968-1971 წწ.), თბ., 1975.
  • Джавахишвили А.И., Строительное дело и архитектура поселений Южного Кавказа. V-III тыс., до н.э., Тб., 1973.