საცხენისი
| სოფელი | |
|---|---|
|
საცხენისი | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | ქვემო ქართლი |
| მუნიციპალიტეტი | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| კოორდინატები | 41°47′57″ ჩ. გ. 45°03′55″ ა. გ. / 41.79917° ჩ. გ. 45.06528° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 900 მ |
| მოსახლეობა |
|
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
საცხენისი — სოფელი საქართველოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის თემში.[2] მდებარეობს ივრის ზეგნის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ლოჭინის ზემოთში, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე, გარდაბნიდან 55 კმ, ვაზიანიდან 15 კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 432 კაცი. სოფელში დგას საცხენისის ღვთისმშობლის ეკლესია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიული წყაროდან ირკვევა, რომ ვახტანგ გორგასალი თბილისის მიდამოების უკაცრიელობის გამო ხშირად მიდიოდა უჯარმის ციხე-ქალაქს საცხენისის გავლით. სოფლის მიდამოებში კი თურმე სამეფო ცხენთა ჯოგი იდგა. აქ ყოფილა რუსთავ-მარტყოფის სადროშოს მთავარი საჯინიბოები, საიდანაც სავარაუდოდ წარმოდგება სახელწოდება „საცხინისი“.[3]
სოფელი ყმა-მამულით ქართველი მეფეების მიერ მარტყოფის ხელთუქმნელი ხატის მონასტრისადმი ყოფილა შეწირული. შედიოდა რუსთავ-მარტყოფის საეპისკოპოსოში და მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა.[3]
საცხენისი მეზობელ სოფლებთან ერთად ერთ-ერთ გადამწყვეტ სამხედრო გამაგრებულ დასახლებულ ადგილს წარმოადგენდა დაღესტნის მხრიდან შემოსეული მტრებისაგან სატახტო ქალაქის დასაცავად. ლეკთა გაუთავებელმა თავდასხმებმა XVIII საუკუნის 50-იანი წლების დამდეგს განადგურებამდე მიიყვანა სოფელი. კერძოდ, ეს მოხდა 1752 წელს, როცა სოფელი ნასოფლარად იქცა. ასე გაგრძელდა ნახევარი საუკუნე. მარტყოფის მთავარეპისკოპოსმა სტეფანე რუსთაველმა 1794-1795 წლებში მარტყოფის საეკლესიო გლეხების 12 კომლი გადაიყვანა ნასოფლარში და ყოველ მათგანს გამოუყო საჭირო საკომლო მიწები.[3]
საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მერძევეობა და მებოსტნეობა. 1952 წელს ამოქმედდა და საცხენისის ჰიდროელექტროსადგური.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 215.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- 1 2 3 ხახიაშვილი, ი., „გარდაბნის რაიონის ციხე-ტაძრები“, გვ. 67, თბილისი, 2008