ნორიო (გარდაბნის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნორიო.
სოფელი
ნორიო
Gvtishobeli.jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი გარდაბნის მუნიციპალიტეტი
თემი ნორიო
კოორდინატები 41°47′18″ ჩ. გ. 44°58′43″ ა. გ. / 41.78849167° ჩ. გ. 44.97875417° ა. გ. / 41.78849167; 44.97875417
მოსახლეობა Decrease2.svg 3756[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ნორიო (გარდაბნის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ნორიო (გარდაბნის მუნიციპალიტეტი)
ნორიო (გარდაბნის მუნიციპალიტეტი) — ქვემო ქართლი
ნორიო (გარდაბნის მუნიციპალიტეტი)

ნორიოსოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის გარდაბნის მუნიციპალიტეტში. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3756 ადამიანი.

წარმოშობა და ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნორიოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ბრინჯაოს შუბის პირები და ქვაყუთი სამარხების არსებობა მიუთითებს, რომ აქ დასახლება უკვე 3500-3000 წლის წინათ, გვიან ბრინჯაოს ხანაში იყო. თავად ტოპონიმ "ნორიოს" ეტიმოლოგია ჯერჯერობით ზუსტად დადგენილი არ არის. ანტონ მარტომყოფელის (13 ასურელი მამათაგან ერთ-ერთი) ცხოვრების აღწერაში იაკობ გოგებაშვილი აღნიშნავს, რომ ნორია ერქვა სოფლის მამასახლისს.

ძველ დროს ნორიო მდინარე ნორიხევის მარცხენა მხარეს დამრეც ფერდობზე იყო გაშენებული. XVIII საუკუნიდან მან მდებარეობა შეიცვალა მიზეზი კი სტიქია იყო, რომელიც ფერდობს რეცხავდა და მოსახლეობას აზარალებდა. გადაადგილება და მდინარის მარჯვენა სანაპიროზე დასახლება დამთავრდა XX საუკუნის 40-იან წლებში. მონღოლთა ბატონობის დროს ნორიოდან 4 კილომეტრით დაშორებული ღვთაების მონასტერში მოთავსებული იყო ქსენონი, სადაც სიკვდილს გადაარჩინეს თვით დავით ულუ, რომელიც სიბაზე ყოფნის დროს უცნობი სენით დაავადდა. თემურ ლენგის მესამე შემოსევისას (1394 წ.) მომხდურნი თავს დასხმიან და აუწიოკებიათ ნორიო-მარტყოფის მოსახლეობა. ბერმონაზონნიც კი საბრძოლველად გამზადებულან. ეპისკოპოს გიორგი რუსთაველის მამა ანტონის მიერ ედესიდან ჩამოსვენებული თიხის ე.წ. "ხელთუქმნელი" ხატი დაუმალავს. თემურის ურდოებთან ბრძოლაში ეპისკოპოსი დაღუპულა და მას შემდეგ ეს ხატი ვეღარ უპოვიათ. მონასტერში დარჩა აღნიშნული ხატის პირი, რომელიც 1818 წელს სიონის ეკლესიაში გადაასვენეს.

ნორიო ასევე იხსენიება "პარიზის ქრონიკებშიც": "მოურავის (იგულისხმება გიორგი სააკაძე) პირობით ქართველები შეიყარნენ, დაესხნენ მარტყოფში, ნორიას ხარების ღამეს ყიზილბაშთა თავსა. ყარჩხა ხან სადარი და უსუფხან შირვანის ხანი და სულთნებიც მრავალი დახოცეს" (გვ.48), ანუ, ჩანს, რომ მარტყოფის ბრძოლაში თავად ნორიოელებსაც აქტიური მონაწილეობა მიუღიათ.

შაჰ-აბასის მიერ კახეთის აოხრების შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოში დაღესტნელების შემოსევებმა ინტენსიური ხასიათი მიიღო. იგი გაძლიერდა განსაკუთრებით XVIII საუკუნეში. ამ ძნელბედობის ჟამს ნორიოს მის მეზობელ სოფლებთან — მარტყოფთან და საცხენესთან ერთად დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა დაეკისრა, აღმოსავლეთიდან თბილისის დაცვის საქმეში.

ისტორიკოსი ივ. არჯევანიძე თავის წიგნში "თბილისიდან ალაზნის ველისკენ" მიუთითებს: XIX საუკუნის დამდეგამდე ნორიო, მარტყოფი და საცხენისი ქალაქ თბილისის მისადგომების გადამწყვეტ სამხედრო გამაგრებულ პუნქტებს წარმოადგენდნენ, დაღესტანი-ლეკეთის მხრიდან შემოსული მტერებისაგან სატახტო ქალაქის დასაცავად.

1795 წლის ოქტომბერში მარტყოფის ტყის გავლით ლეკთა მარბიელი რაზმი ნორიოში შემოჭრას აპირებდა, ისინი შეუნიშნავს ტაკაშვილების კოშკიდან მზვერავ "წატურას". ლეკები ისე გათამამებულან, იარაღი აუყრიათ და იქ მდებარე პატარა ტბაში ბანაობაც კი დაუწყიათ. ნორიელებს ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში მარტყოფელებიც მიშველებიან და მათ დაუმარცხებიათ 1500 კაციანი რაზმი. დ. ბატონიშვილი ახალ ისტორიაში წერს: "იხილეს რა ლეკთა უძლურება ქართველთა, შეკრბნენ უმეტეს ათას ხუთასისა, მივიდნენ ნორიოს, გარნა იძლივნენ ფრიად...ზაალ ანდრონიკაშვილისგან, რომელიც იყო სიმხნითა აღმოჩენილ ყოველსა საქართველოს შინა". ზაალ ანდრონიკაშვილი ყოფილა მარტყოფის სამოურაოს მოურავი. ამ სამოურაოში ნორიოც შედიოდა. ეს ის ზაალ ანდრონიკაშვილია, რომელსაც ზაალ ბარათაშვილთან, ზალ ორბელიანთან და ზაალ მაჩაბელთან ერთად შესანიშნავ სტრიქონებს უძღვნიდა გრიგოლ ორბელიანი პოემა "სადღეგრძელოში":

"და მეფის ძალნი

ოთხნი ზაალნი

თითო ერთ ჯერად

დაფასებულნი."

ბრძოლის ადგილს დღესაც ნაომრის სერი ეწოდება. ტბა აღარ არსებობს, მაგრამ ამ ადგილს ნალეკარისტბათაც მოიხსენიებენ.

ნორიოს მიმდებარედ კიდევ ერთი ისტორიული ადგილია, ე.წ. "ნარუსლები": 1803 წელს აქ ჯარითურთ დაბანაკებულა რუსი გენერალი გულიაკოვი, როდესაც ის აპირებდა თავს დასხმოდა მარტყოფში გამაგრებულ აჯანყებულ ბატონიშვილებს (რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს შეერთების შემდეგ, იმპერატორის გადაწყვეტილებით ბაგრატიონები რუსეთში უნდა გადაესახლებინათ, რასაც აჯანყება მოჰყვა).

ნორიოს მოსახლეობამ აქტიური მონაწილეობა მიიღო პირველ და მეორე მსოფლიო ომებში. სოფლის ცენტრში, კულტურის სახლის გვერდით, აღმართულია ომში დაღუპულთა მემორიალი, სადაც ამოკვეთილია იმ 304 ნორიოელის გვარი და სახელი, რომლებიც ვეღარ დაუბრუნდნენ სოფელს. სკოლის ეზოშია აღმართული ობელისკი იმ 20 მოსწავლის მოსაგონებლად, რომლებიც სკოლის მერხიდანვე გაიწვიეს არმიაში და ბრძოლაში დაიღუპნენ.

ადგილმდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი ნორიო მდებარეობს გარდაბნის რაიონში თბილისიდან აღმოსავლეთით საგურამო-იალნოს ქედის მთისწინეთში, ზღვის დონიდან 820-840 მ სიმაღლეზე. იგი გარდაბნიდან დაცილებულია 50 კმ-ით, თბილისიდან 25 კმ-ით. მდინარეების ნორიხევისა და ფაშატრიხევს შორის გაშლილ ზეგანზე. ნორიო ისტორიულად კახეთის შემადგენლობაში შედიოდა. კახეთის საზღვარი სოფელთან ახლოს თბილისს ებჯინებოდა და მცხეთამდე აღწევდა. დღეს ნორიო შედის ქვემო ქართლის შემადგენლობაში. სოფელს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება საგურამო-იალნოს ქედი, აღმოსავლეთიდან სოფ. მარტყოფი დასავლეთიდან თბილისის წყალსაცავი, სამხრეთით სოფელი ახალი სამგორი და წილუბანი, რომლებიც გაშენებულია სოფ. ნორიოს ყოფილ ტერიტორიაზე. კოორდინატები:_ჩრდ. გან. 41-8. აღმ. გრძ. 45.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში მდებარეობს კულტურის სახლი, რომელიც ფუნქციონირებას განაგრძობს დაარსების დღიდან, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ხელოვნების დარგების შესწავლა. (ფუნქციონირებს წრეები) კულტურის სახლში გახსნილია ბიბლიოთეკა და ნორიოს ეთნოგრაფიული მუზეუმი.

კულტურული ძეგლები: ღვთაების სამონასტრო კომპლექსი, ხარაზაულის წმინდა გიორგი, ყოვლადწმინდა მარიამ ღვთისმშობლის ეკლესია, მამადაანთ წმინდა გიორგის ეკლესია, ტაბლიაანთ ღვთისმშობლის ეკლესია, გორიჯვარი, თელეთის სახე, აბრამაანთ და მამნიაანთ წმინდა გიორგი, ტაკაანთ წმინდა გიორგი, მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზის ეკლესია, მისალოცი, კვირაცხოველი, იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია და სხვა.

ღვთაების სამონასტრო კომპლექსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვთაების მონასტერი

მონასტერი დაარსებულია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის მამა ანტონ-ის მიერ IV საუკუნეში. პლატონ იოსელიანი წერს, რომ ამ ადგილას ვახტანგ გორგასლისაგან აგებული ეკლესიის ნანგრევები ყოფილა და სწორედ იქ დაუსვენებია მამა ანტონს ედესიდან ჩამოტანილი თიხის ხელთუქმნელი ხატი.

ამ ხატს ღვთაების ხატს უწოდებენ, ამიტომ მონასტერსაც ღვთაების მონასტერი ჰქვია. ანტონი აქ თავდაპირველად მარტო მოღვაწეობდა. ამიტომ მიიღო მან ანტონ მარტოდმყოფელის სახელი. მონასტერთან ახლო მდებარე სოფელმა აკრიანმა აქედან მიიღო სახელწოდება მარტყოფი.

მამა ანტონის კოშკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტერი მამა ანტონის კოშკის ჩათვლით ნაგებობათა მთელ კომპლექსს წარმოადგენს. კოშკი აღმართულია სალ კლდეზე, სადაც მამა ანტონმა სიცოცხლის ბოლო 15 წელი გაატარა.

ჟამთა მსვლელობაში მონასტერმა მრავალი ცვლილება განიცადა. IX საუკუნეში მამა ანტონის კოშკის ჩათვლით იგი პირველად შეაკეთეს. კოშკი ამის შემდეგ აღარ შეკეთებულა. მოგვიანებით XVII საუკუნეში მარტყოფელ ხუროშვილის მიერ აიგო სამრეკლო, მას "თუშმალად" მოიხსენიებენ. XX საუკუნის დასაწყისში მონასტრის ტერიტორიაზე ააგეს კელიები, როგორც საეკლესიო პირებისთვის, ისე მლოცველებისთვის. XIX საუკუნის 40-იან წლებში დიდი მიწისძვრა მოხდა, მან დაანგრია მთავარი ტაძრის გუმბათი. 1847 წელს დაიწყეს მისი აღდგენა. რუსი მხატვრის, ტროშინსკის მიერ ახლიდან იქნა შესრულებული მთელი ფერწერა, რომელიც 1856 წელს დასრულდა. სწორედ ამ დროს იქნა განადგურებული ქართულ-ბიზანტიური ფერწერის ნაშთები. მათ შორის სვეტებზე მოთავსებული ვახტანგ გორგასლისა და დავით აღმაშენებლის პორტრეტები. ამავე წელს ნორიოდან მონასტერში მიმავალ საეკიპაჟო გზაზე აღმართული იქნა ქვის სვეტი შუქურისათვის, რათა გაადვილებულიყო ღამით მონასტერში ასვლა. დღეს შემორჩენილია ამ შუქურის ნაშთი, რომელსაც "მისალოცავს" უწოდებენ. მონასტრის შეკეთებაში აქტიური მონაწილეობა მიიღი ნორიოელმა ქტიტორმა (სპონსორი) და მამასახლისმა, ივანე პეტრეს-ძე არჯევანიძემ, რომელიც მაკაროვის გვარით არის მოხსენიებული ხალხურ ლექსში „არსენა“.

მამა ანტონის საფლავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1870-1871 წლებში მორწმუნეთაგან მიღებული თანხებით მოწყობილი იქნა ე.წ. „საეკიპაჟო“ გზა ნორიხევიდან მონასტრამდე. მონასტერი მნიშვნელოვანია არა მარტო არქიტექტურული თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური დანიშნულებითაც. მას შემდეგ რაც 1265 წელს ოქროს ურდოდან შემოჭრილმა ბერქა ყაენმა რუსთავი გადაწვა, საეპისკოპოსო ცენტრი მარტყოფში გადმოიტანეს და ღვთაების მონასტერი გახდა ეპისკოპოსის სამყოფელი. მონასტერის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა, რაც კახეთის სამეფოში XV საუკუნეში გატარებული რეფორმის შედეგად იგი კახეთის ერთ-ერთი სამხედრო ერთეულის - სადროშოს ცენტრად იქცა. აქ ინახებოდა სადროშოს საბრძოლო დროშა. მის ერთ მხარეზე გამოსახული ყოფილა ხელთუქმნელი ხატი, მეორეზე კი წმინდა გიორგი. მედროშეები ნორიოელი ჭიჭინაძეები ყოფილან.

მონასტერი რომ ნამდვილად სამხედრო დანიშნულებისა იყო, ამას ადასტურებს ვახუშტი ბატონიშვილი. ის ამბობს, რომ მონასტერი „არის მსგავსი ციხისა”ო. მონასტერს გარს ერტყა სათოფურებიანი გალავანი, რომლის გარშემოწერილობა 1400 მეტრს აღწევდა. მისი სიმაღლე 8 მ-ს, ხოლო სიგანე კი 2 მ-ს უდრიდა. 1752 წელს იგი დაუნგრევია ლეკთა მარბიელ რაზმებს. შემორჩენილია მისი ნაშთები.

მონასტერი ძველთაგანვე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი იყო, სადაც გახსნილი იყო სკოლა. პლატონ იოსელიანი წერს: „მამაჩემი იყო ამ სკოლის უკანასკნელი მოსწავლე”. სკოლას არსებობა შეუწყვეტია 1752 წელს ლეკთა თავდასხმის გამო. XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან 1914 წლამდე ჩატარებულა მთელი რიგი აღდგენითი სამუშაოები (ამჟამად მონასტერი არის მოქმედი).

მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელ ნორიოში ამის გარდა არის ორი მოქმედი ეკლესია, რომელსაც ადგილობრივი მკვიდრი — მღვდელი მამა კახაბერ უერთაშვილი ემსახურება. ერთ-ერთი მოქმედი ეკლესიაა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობის ეკლესია, იგი XIX საუკუნეში ქოპილაშვილებს აუშენებიათ სოფლის ზემო უბანში.

ყოვლადწმინდა მარიამ ღვთისმშობლის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაც შეეხება მეორე მოქმედ ეკლესიას იგი დგას ე.წ. "ცოფურაანთ" უბანში. მისი მშენებლობა დაკავშირებულია ცნობილი მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის უახლოესი თანამშრომლის, იაკობ მანსვეტაშვილის წინაპრების სახელთან. იგი თვითონ მოგვითხრობს შემდეგს: XVII საუკუნეში რუსეთიდან მივლინებული ყოფილა ვიღაც წარჩინებული კაცი ჩვენს მეფეებთან სახელმწიფო და სავაჭრო საქმეებზე. მას თან დიდი ამალა მოჰყოლია. დიდი სიცხეები ყოფილი და ამის გამო ამალის წევრებისათვს დროებით საცხოვრებლად კარგი სააგარაკო ადგილი სოფელ ნორიოში შეურჩევიათ. ამალის წევრებს მანსვეტოვსა და ხორევს ნორიელი ქალები შეურთავთ ცოლად და რუსეთში აღარ დაბრუნებულან. სოფლის ბოლოში დღესაც ცხოვრობენ ხორიაშვილები. რაც შეეხება მანსვეტოვს იგი პირნაყვავილარი (ჩოფურა) ყოფილა, მის შთამომავლებს ნორიოელებმა გვარი შეუცვალეს და ცოფურაშვილები უწოდეს. (ი. მანსვეტაშვილი _ მოგონებანი – გვ.240. 2006წ.)

ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

ცოფურაშვილებს XVIII საუკუნის ბოლოს ნორიოში საგვარეულო ეკლესია და კოშკი აუგიათ. კოშკი დღესაც უცვლელად დგას. რაც შეეხება ეკლესიას 2003-2005 წლებში ნორიოელებმა მას სახე შეუცვალეს, მოხსნეს სახურავიდან პატარა გუმბათი. ეზოს შემოავლეს დაბალი გალავანი და სამრეკლო ააგეს. ძალიან ბევრი ნორიოელი უსასყიდლოდ ასრულებდა სამუშაოს. ეკლესია მოხატული იქნა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ნორიოელ ახალგაზრდას — სამხატრო აკადემიის სტუდენტს დიმიტრი ძიძიკაშვილს. ეკლესია ხელახლა გაიხსნა 2005 წლის 28 აგვისტოს.

საკურთხევლის ტიხართან არის პატარა ნიში, სადაც წერია: "აქ განისვენებს დეკანოზი ალექსანდრე იაკობის ძე მანსვეტაშვილი'. ეს კაცი ცნობილი იაკობ მანსვეტასვილის მამა ყოფილა.

იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნორიოში ყველაზე მაღალ ადგილას, კერძოდ ზომო უბნის სასაფლაოზე დგას იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია. იგი ერთნავიანი დარბაზული ტიპის ნაგებობაა (8,5X5) გვიანი შუა საუკუნეების. იგი აღადგინა და მოახატვინა არსენ ოსიყმაშვილმა.

წმინდა გიორგის სალოცავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა გიორგის სალოცავი
ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

ნორიოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე ნორიხევის მარცხენა ნაპირზე უცხოვრიათ მამადაშვილებს, რომლებიც შემდეგში მდინარის მარჯვენა ნაპირზე დასახლებულან. თავიანთ ძველ ნასახლარებთან მათ დარჩენიათ პატარა ტიპის ეკლესია, რომელსაც მამადაანთ წმინდა გიორგს უწოდებენ. ეკლესიის მხოლოდ კედლების ნაშთები იყო მოღწეული. იგი 2007 წელს მამადაშვილი ჩიტანას შვილებმა — ვალიკო, ზაურ და ტარიელ მამადაშვილებმა აღადგინეს[2].

დიდი ციხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაცვითი ნაგებობანი: სოფლის ცენტრში ცენტრალური გზის პირას, მდინარე ნორიხევის მარჯვენა მხარეს დგას დიდი ციხე. იგი აგებულია 1752 წელს. მეფე ერეკლე II-ის მეფობისას. ერეკლეს ბრძანებით ამ პერიოდში ციხეების მშენებლობა დაუწყიათ შიგ სოფლებში იმისათვის, რომ მოსახლეობას სწრაფად შესძლებოდა თავის შეფარება ლეკების შემოსევის დროს. ეს ციხე თანადროულია ისეთი ციხეებისა როგორებიც არის ყვარლისა და მჭადიჯვრის ციხეები. ვ. ზუხბაია თავის წიგნში; "ქართლის ცხოვრების ქვის ფურცლები". ნორიოს ციხეს ერეკლეს დროს აგებულ ორას ციხეთა შორის იხსენიებს. გვ 95.

"ცოფურაანთ" კოშკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოშკი აშენებულია XVIII საუკუნეში. ის წარმოადგენს საგვარეულო კოშკს. იგი სამ სართულიანია. შესასვლელი კარი პირველ სართულზეა მოთავსებული. II და III სართულებზე ასასვლელი კედელშია ჩატანებული.

"ბადრიძეაანთ" კოშკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე საგვარეულო კოშკი სოფლის ცენტრში გზის მარჯვენა მხარეს მდებარეობს. კოშკი XVIII საუკუნისაა. იგი სამსართულიანია. თანადროულია დიდი ციხისა და ცოფურაშვილების კოშკისა. I სართულის ზომებია 4,9X4X6 მ. I სართულს სათოფურები არ აქვს. II სართულს აქვს სათოფურები დასავლეთის გარდა. III სართულს აქვს სალოდეები. კოშკის ამშენებელი, ჩვენი სოფლის მკვიდრი ქრისტესია ბადრიძე იმსახურებს იმას, რომ მისი ღვაწლი სამშობლოს წინაშე ორიოდე სიტყვით მოვიხსენიოთ, იგი თავისთავს მოიხსენიებს მარტყოფელ კეჟერაშვილად. აი რატომ: მისი წინაპრები ბადრიძეები ყოფილან, ნორიოში უცხოვრიათ, აზნაურობა ჰქონიათ მიღებული. მათი გვარის ერთი წარმომადგენელი დასახლებულა უმემკვიდრეოდ გადაშენებულ კეჟერაშვილების მამულში და გვართან ერთად აზნაურობის ხარისხიც დაუკარგავს.

ქრისტესია დიდად განათლებული პიროვნება ყოფილა, მოვლილი ჰქონია იერუსალიმი, ბაბილონი, ეგვიპტე და სხვა. 1749 წელს ერეკლეს სტამბა აღუდგენია თბილისში, მაგრამ არა ჰყოლიათ სასტამბო საქმის მცოდნენი. ერეკლე II-ს იგი პალესტინაში გაუგზავნია ამ საქმის შესასწავლად. იქიდან დაბრუნებული განსწავლული მღვდელი სტამბის გამგეთ დაინიშნა. 1783 წელს მას სტამბა მეფისგან იჯარით აუღია იმ პირობით, რომ მოგების ნახევარი სამეფო ხაზინაში უნდა შეეტანა. იგი ერეკლე მეფის კარის მღვდელიც ყოფილა. იგი საქართველოში პირველი ადგილობრივი კერძო მეწარმეა პოლიგრაფიულ მრეწველობაში და საერთოდ მანუფაქტურულ წარმოებაში. მას მრავალ ენათაგან ბერძნულიც სცოდნია და დიდ დახმარებას უწევდა ერეკლე II-ს ახტალისა და ალავერდის საბადოებზე მომუშავე ბერძენ ხელოსნებთან ურთიერთობაში. სპეციალურად ჩამოსახლებული ბერძნები მუშაობდნენ თბილისის, ახტალისა და ალავერდის სპილენძის საბადოებში და ქარხნებში. ქრისტესიას დიდი მისია უკისრია, ეს იყო აღა-მაჰმად-ხანის მიერ განჯის სახანოში დატოვებული ტყვე ქართველებისა და სხვა ქრისტიანების საკითხის მოგვარება. მან შეძლო 700 ქრისტიანი ოჯახის საქართველოში დაბრუნება.

როდესაც მეფე ერეკლე გარდაიცვალა მცხეთაში სახადი მძვინვარებდა, ქრისტესია უშიშრად შეჰყვა თელავიდან სვეტიცხოველში გადმოსვენებულ მეფის ცხედარს და უჭირისუფლა.

ძნელია ჩამოთვლა იმ უამრავი დამსახურებისა მას, რომ მიუძღვის მამა-შვილის ერეკლე II-სა და გიორგი XII-ის წინაშე. ამიტომ იყო, რომ გიორგი მეფემ მას ნამდვილი გვარი და მამულები დაუბრუნა და აზნაურობაც განუახლა. წყალობის სიგელი დაცული ყოფილა სამონასტრო ბიბლიოთეკაში. ამჟამად საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

მისი შთამომავლები ამბობენ, რომ იგი დაკრძალულია ღვთაების სამონასტრო კომპლექსის ახლოს, ყოვლად წმინდა მარიამ ღვთისმშობლის ეკლესიის ეზოში. მისი შთამომავალი იყო აწ გარდაიცვლილი ისტორიკოსი პროფესორი შოთა ბადრიძე (ძიებანი საქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან გვ. 300_311_1976 წ).

"ტაკაანთ" კოშკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესამე საგვარეულო კოშკი - ე.წ. ტაკაანთ კოშკი მდებარეობს ტყეში, სოფლიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 3 კმ-ის დაშორებით. კოშკი სამსართულიანია. ის სხვა საგვარეულო კოშკებთან შედარებით უფრო ძველია. მასში შესვლა ვერ ხერხდება იმის გამო, რომ პირველი სართული ნახევრად მიწაშია ჩაფლული. ტაკაშვილების გვარს XIX საუკუნემდე აქ უცხოვრია, მერე კი სხვა გვარებთან ერთად დღევანდელი დასახლების ადგილას დამკვიდრებულან. ეს გვარი ერთ-ერთი უძველესი გვარია სოფელში. ასეთი გვარი სხვაგან არ გვხვდება თუ არ ჩავთვლით საგურამოს მახლობლად ნორიოდან ჩასახლებულ ტაკაშვილებს. კოშკის მახლობლად მდებარეობს პატარა ეკლესია, რომელსაც ტაკაანთ წმინდა გიორგს უწოდებენ. სწორედ ამ კოშკიდან დაუნახავს ნორიოელ წატურას ლეკები, რომლებიც ნორიოელებმა და მარტყოფელებმა ერთად ამოხოცეს.

დღესასწაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ილია ჭავჭავაძე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ხალხში გავრცელებული დღესასწაულებისა და ადათ წესების შესწავლას. იგი ამ მისიას ნასწავლ საზოგადოებას ავალებდა. ჩვენც ყურად ვიღეთ მისი რჩევა და ამ საქმეს შეუდექით. თუმცა ბევრი მათგანი უკვე მივიწყებულია და აღარ სრულდება, მაგრამ იგი ახსოვს უფროს თაობას და მათგან ჩავიწერეთ. ზოგიერთი კიდევ არის შემორჩენილი და სოფელში მისი ნახვა და აღწერა შეიძლება. ჩვენ მის აღწერას რელიგიური დღესასწაულებიდან დავიწყებთ:

კვირაცხოვლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღდგომის მეორე კვირას ნორიოში იმართება კვირაცხოვლობა. სოფლის თავში ეტყობა პატარა ეკლესია მდგარა. ამჟამათ იქ აშენებულია ნიში, რომელიც ერთ-ერთი მოციქულის თომას სახელობისაა (ურწმუნო თომა). ხალხი მიდის და იქ სანთლებს ანთებს. იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც დაახლოებით 30 წლის არიან და რა თქმა უნდა, მათზე უფროსებსაც ახსოვთ, რომ ამ დღესასწაულზე ნორიოელებს სტუმრები მოსდიოდნენ მარტყოფიდან, ლილოდან, გლდანიდან და სხვა სოფლებიდან. ნიშთან იმართებოდა ცეკვა-თამაში და ჭიდაობა, სახლებში კი იყო სტუმრის გამასპინძლება და სიხარული. ახალგაზრდები და მათი მშობლები დღესასწაულზე ბევრჯერ საპატარძლოსაც შეარჩევდნენ ხოლმე.

მარიამობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნორიოში ისევე, როგორც მთელ საქართველოში, 28 აგვისტოს აღინიშნება მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღე. მას ნორიელები ღვთაების მონასტერში აღნიშნავენ. არა მარტო ახლო მახლო სოფლებიდან, არამედ კახეთის შორეული სოფლებიდანაც მოდიან აქ სალოცავადაც და დროის გასატარებლადაც. მიღებული ყოფილა აქ 27 აგვისტოს ამოსვლა და ღამის თევა. 29 აგვისტოს კი ხელთუქმნელი ხატის პატივსაცემად ღვთაებობა იმართება. ამ დღეს აღინიშნება ანჩისხატობაც. როგორც ცნობილია მამა ანტონისაგან ჩამოტანილი ხატი იყო თიხაზე გამოსახული და წარმოადგენდა ანჩისხატის ასლს. ახლაც იმართება ეს დღესასწაული და 29 აგვისტოს კათალიკოს პატრიარქი ილია II ხშირად მობრძანდება ხოლმე ღრვთაების მონასტერში. 1918 წელს, როდესაც ახლად იყო აღდგენილი ეკლესიის ავტოკეფალია, მონასტერში ამობრძანებულა კათალიკოს პატრიარქი კირიონ II საძაგლიშვილი, რომელიც 27 აგვისტოს ღამით მოკლეს რუსებისაგან მიგზავნილმა აგენტებმა.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში არის საჯარო სკოლა, რომელშიც სწავლობს დაახლოებით 500-დან 600-მდე მოსწავლე. სკოლა აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, ლაბორატორიებით, ახალი მერხები-სკამებით და სხვა სასწავლო ინვენტარით.

სოფელში ფუნქციონირებს ამირან ბიჭორიშვილის სახელობის მუსიკალური სკოლა, სადაც მსურველებს შეასწავლიან მრავალ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას.

ჰავა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის ჰავაზე დიდ გავლენას ახდენს ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები. ლიხის ქედი და თრიალეთის ქედები აფერხებენ დასავლეთიდან მონაბერი მასების შემოჭრას. რაც იწვევს ნალექების სიმცირეს და ნაკლებ ტენიანობას. არის შემთხვევები როცა რაიონის ტერიტორიაზე აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ერთდროულად იჭრებიან ჰაერის მასები და მოდის უხვი ნალექები. ეს ხდება იშვიათად. ნალექების მაქსიმუმი მოდის მაისში. მინიმუმი-იანვარში. საგურამო-იალნოს ქედის თხემზე ნალექების რაოდენობა 1000 მმ-ს აღწევს. წლის თბილ პერიოდში ხშირია მთა-ხეობათა ქარები, რომლებიც დღისით ქრიან ქვემოდან ზემოთ, ხოლო-ღამით ზემოდან ქვემოთ.

რელიეფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელ ნორიოს ჩრდილოეთიდან საგურამო-იალნოს ქედი ესაზღვრება, რომელიც მდ. არაგვსა და მდ. იორს შორის არის მოქცეული. მისი უმაღლესი მწვერვალია საგურამოს მთა 1393 მ და იალნოს მთა 1877 მ. მთების კალთები ციცაბოდ ეშვება, მერე დამრეცად და სამხრეთისაკენ პლატოსმაგვარ სახეს იღებს. სწორედ ამ პლატოს ერთ-ერთ ნაწილზე მდებარეობს ნორიო. აქ გვხვდება მაღლობები, ხეობები. დიდი ფართობი უჭირავს წაბლა ნიადაგებს. გვხვდება შავმიწები, ხირხატიანი ტყის ყავისფერი და ტყის ყომრალო ნიადაგები. დაბალ ტერასებზე გავრცელებულია ალვური ნიადაგები.

ბუნებრივი რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საგურამო-იალნოს ქედზე სათავეს იღებს მდ. ნორიხევი რომელიც ნორიოს აღმოსავლეთის მხრიდან ჩამოუდის. დასავლეთიდან უფრო პატარა მდინარე ფაშატრიხევი ჩამოედინება. მდინარეები სოფლიდან მოცილებით ერთდება. სამხრეთით ისინი უერთდება მარტყოფისა და საცხენე-ახალსოფლის მდინარეებს და წარმოიქმნება მდინარე ლოჭინი. ჩვენ წინაპრებს ამ მდინარეებიდან გაყვანილი ჰქონიათ რუვები[3] და სარწყავად იყენებდნენ.

სოფლის შემოგარენში არის მრავალი წყარო: ნეფისწყარო, ანგელოზის წყარო, იფნის წყარო, არწივის წყარო, ნიკოლაანთ მილხინა და მილხინის ტოტი და სხვა. რაც შეეხება სასმელ წყალს დასავლეთიდან იგი გამოყვანილია აშკავეთის, კალამაძის და წილუბნის წყაროებიდან. ჩრდილოეთიდან კი ნასოფლარ შვინდაძიდან მოედინება.

სოფლის მახლობლად არის გოგირდოვანი წყალი, რომელიც გამოდის ეგრეთწოდებულ ყველაწმინდის დაბლა. მას იყენებდნენ კანის სამკურნალოდ.

ტყეში არის სამკურნალო ტალახი. (ზარავინის პანტების ძირზე) ტყეში აგრეთვე გამოედინება მლაშე წყალი, რომელსაც ცომის მოსაზელად და მწნილის ჩასადებად იყენებენ.

წიაღისეულიდან აუცილებლად უნდა დავასახელოთ ნავთობი. 1898 წლის 19 ივნისს გაზეთი '”ივერია” იუწყებოდა, რომ ნორიოში ნავთობი მოიპოვებოდა. 1936 წელს ლადო ასათიანს პოეტებისათვის მიუმართავს ლექსით:

“მოდით მგოსნებო, თქვით ნორიოს ნავთის დიდება.”

1938 წლიდან ნორიოში იწყება ნავთობის მოპოვება. ნორიოს ნავთობი მეტად მაღალხარისხოვანია, იგი მცირე რაოდენობით შეიცავს გოგირდს, ამ თვისებამ მისი უნიკალურობა განაპირობა. მისგან მიიღეს მეტად საჭირო პროდუქტი — ლუმინოფლორი, “ნორიოლად” წოდებული. ამ პროდუქტს ზუსტ ხელსაწყოთ მშენებლობაში იყენებდნენ. ნორიოს ნავთობიდან იღებენ ყინვაგამძლე ტრანსმისიურ სამანქანო ზეთს, რომელიც გამოიყენებოდა არქტიკასა და ჩრდილოეთ რაიონებში. ნავთობის წარმოება ამჟამად შეჩერებულია.

ნორიოში მოიპოვება ძვირფასი თიხები. მის მოპოვებას აწარმოებდნენ 60-70-იან წლებში. მას იღებდნენ სწორედ იმ ადგილას სადაც 1938 წელს პირველი ნავთობჭაბურღილი დაუდგიათ. ე.წ. “ხუტას ძირზე”. თიხები მიჰქონდათ კაზრეთში და იყენებდნენ სპილენძისა და ოქროს გადასამუშავებლად. (მისი მოპოვებაც შეჩერებულია).

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნორიოს ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით აკრავს ფოთლოვანი ტყეები. სადაც შეგვხვდება მუხა, წიფელი, ქარაფი, ნეკერჩხალი და საქართველოს ტყეებისათვის დამახასიათებელი ტყის ხილის ჯიშები: პანტა, მაჟალო, ბალამწარა, ძახველი, კუნელი, კვრინჩხი, ზმარტლი და ზოგიერთ ადგილას ხელოვნურად გაშენებული წიწოვანები და კაკალი. იმ ადგილებში კი სადაც წინათ ნავთის გადამამუშავებელი ჭაბურღილები იდგა გვხვდება მაჟალოსა და პანტებზე დამყნობილი მსხლისა და ვაშლის ხეები. ტყეებს მინდვრები სცვლის, რომელიც მდიდარია ბალახოვანი მცენარეებით, რომელსაც შესანიშნავად იყენებს ადგილობრივი მოსახლეობა მეცხოველეობისა და მეფუტკრეობის გასავითარებლად.

ნორიოელებს გაშენებული ჰქონდათ ბაღები და ვენახები (რითაც დღეს ვერ დავიკვეხნით). ზოგიერთ ნასახლარებში, რომელიც ნორიოს ძველ ტერიტორიაზე მდებარეობს დღესაც შემორჩენილია ზედაშეები და ქვევრები.

ნორიოს ტყეებში ბინადრობს შემდეგი სახეობის ცხოველები: ფოცხვერი, მგელი, ტურა, მელა, კურდღელი, შველი, კვერნა, გარეული კატა. უფროსები ამბობენ, რომ 50-70-იან წლებში აქ მურა დათვი და ირემიც მრავლად ყოფილა.

შინაური ცხოველებიდან ადგილობრივ მცხოვრებლებს მოშენებული ჰყავთ: ძროხა, ღორი, ცხვარი და თხა.

ფრინველებიდან: ქათამი, ინდაური, იხვი, ბატი და სისირი.

ხალხური რეწვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნორიოელები უფრო მიწის დამუშავებასა და მეცხოველეობას მისდევდნენ. მაგრამ არ შეიძლება გადაჭრით ვთქვათ, რომ მათ ქსოვა ან ამა თუ იმ იარაღის დამზადება არ იცოდნენ. განსაკუთრებით დახელოვნებული ყოფილან შალის ქსოვაში. ცხვარი ნორიელებს ყოველთვის ჰყოლიათ და მის მატყლს იყენებდნენ ამ საქმეში. მას რეცხავდნენ და საჩეჩელზე ჩეჩავდნენ, შემდეგ თითისტარზე ართავდნენ და ქსოვდნენ ნაირ-ნაირი ე.წ.'`უზურებით”. ჰქონიათ ხის ოთხკუთხედი შალის საჭიმები, რომელზედაც გარცხილ შალებს ჭიმავდნენ და აშრობდნენ. ეს ნაწარმი თბილისში მიჰქონდათ გასაყიდად. ჩვენი ქალები დახელოვნებულნი ყოფილან და ეხლაც აგრძელებენ წინდებისა და ხელთათმანების ქსოვას.

ნორიოელებმა, როგორც მეცხოველეებმა, იცოდნენ შესანიშნავი ყველისა და მაწვნის დამზადება, რომელსაც თბილისში ჰყიდიდნენ. დღესაც ოჯახების უმეტესობა ამით ირჩენს თავს.

ნორიოელებს, რომ საბრძოლო და საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადება სცოდნიათ ამის დასტურია ბრინჯაოს შუბის პირები, შემდეგ პერიოდში კი ჩვენებური მჭედლებისგან დამზადებული ნაჯახები, ბარები, თოხები, მაშები ღუმელისათვის და სხვა. ამ საქმეში განსაკუთრებით ყურაშვილები გამოირჩეოდნენ, მათ ახლაც "მჭედლებიანთ" ეძახიან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"ჩემი გარემო" ფონდი "ირმის ნახტომის" საბუნებისმეტყველო საგნების პროექტების ფარგლებში გამოცხადებული სასკოლო პროექტების კონკურსი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. იხილეთ სოფელ ნორიოს მაცხოვრებლების განცხადება ამასთან დაკავშირებით.
  3. რუვი- არის მცირე ზომის სარწყავი არხი. რუვი- დიალექტური სიტყვაა და ლიტერატურულ ქართულად მას ეწოდება რუ. ზოგიერთ დიალექტში (მაგ. კახურში) უ-ზე დაბოლოებულ ერთმარცვლიან სიტყვებს ამატებენ -ვი ბოლოსართს, მაგალითად: კუვი, ბუვი, რუვი.