შინაარსზე გადასვლა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აგრარული რეფორმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აგრარული რეფორმა — აგრარული რეფორმა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პროგრესი დიდწილად აგრარულ რეფორმას უკავშირდებოდა. მისი მთავარი შემოქმედი სოფლის მეურნეობის მინისტრი ნოე ხომერიკი იყო. მაშინ ქვეყნის მოსახლეობის 80%-ზე მეტი სოფლად ცხოვრობდა; გლეხობის 60-64 % ძირითადად იჯარით აღებული მიწით სარგებლობდა. 1917 წლის მონაცემებით, საქართველოს მიწის ფონდი სულ 5 537 207 დესეტინას შეადგენდა. 1918 წლის 1 იანვრის მონაცემებით, თავადაზნაურობას ეკუთვნოდა აღმოსავლეთ საქართველოში (თბილისის გუბერნია) 511 538 დესეტინა მიწა, დასავლეთ საქართველოში (ქუთაისის გუბერნია) კი — 110 157 დესეტინა მიწა.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში განხორციელებული აგრარული რეფორმა თავისთავად უკავშირდებოდა 1860-იანი წლების რეფორმას, რომელმაც გლეხობის ეკონომიკური მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა. რუსეთში, თებერვლის რევოლუციის შემდეგ, აგრარულ რეფორმასთან დაკავშირებული ერთ-ერთი პირველი აქტით (12 ივლისი, 1917) მიწების ყიდვა-გაყიდვა აიკრძალა. ასევე, 1918 წლის 23 თებერვალს ამიერკავკასიის კომისარიატის გადაწყვეტილებით, მიწის, ტყეების, წყლების ყიდვა-გაყიდვა აიკრძალა; 1918 წლის 7 მარტის კანონით დადგინდა მიწების ჩამორთმევის წესი და მემამულეთათვის მიწების დატოვების ნორმები. განისაზღვრა მამულების მეპატრონეთათვის დასატოვებელი მიწის მაქსიმალური ნორმა სამი კატეგორიის მიხედვით: 1-7 დესეტინა — ძვირფასი კულტურების მეურნეობაში; 2-15 დესეტინა მარცვლეულ კულტურათა მხარეში; 3-40 დესეტინა — მესაქონლეობისა და მეცხოველობის ზონებში. განსაკუთრებულ შემთხვევაში საადგილმამულო კომიტეტებს შეეძლოთ დაწესებული ნორმის გაზრდა, შესაბამისად — 10, 20 და 40 დესეტინამდე. ამ საკითხისადმი ერთგვაროვანი მიდგომა არ არსებობდა: ნოე ჟორდანია დიდ მამულებზე - 15 დესეტინას, ხოლო ნოე ხომერიკი 7 დესეტინა სახნავ-სათესი მიწის ფართობის დატოვებას მოითხოვდა. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აგრარული რეფორმა ორი ძირითადი საფეხურისგან შედგებოდა: პირველი — მიწების ნორმის ზევით ჩამორთმევა და მეორე — მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემა. ამიერკავკასიის სეიმის 1918 წლის 7 მარტის კანონის თანახმად, აგრარული რეფორმის ცხოვრებაში გატარება დაევალა მიწათმოქმედების სამინისტროს.

რეფორმის პირველი ეტაპი - მესაკუთრეთათვის ნორმაზე მეტი მიწების ჩამორთმევა - 1918 წლის აგვისტოში დაიწყო და 1919 წლის შემოდგომაზე დასრულდა. გლეხობას უფრო აინტერესებდა ჩამორთმეული მიწების განაწილების ფორმა. სოციალ-დემოკრატთა პროგრამა მიწების მუნიციპალიზაციას ითვალისწინებდა, მაგრამ არა დოგმატური თვალსაზრისით. მათი ტაქტიკა ყოველთვის ადგილობრივი პირობების მიხედვით ყალიბდებოდა. მთლიანობაში, მიუხედავად სირთულეებისა, მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემა მისაღები იყო როგორც ეკონიმიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით.ამასთან მიწის ფონდიდან ტყეები, წყლები, საძოვრები, მდინარეები, ბუნებრივი წიაღისეული და ზოგიერთი მეურნეობა სახელმწიფო საკუთრებაში დარჩა და განაწილებას არ დაექვემდებარა.

აგრარული რეფორმის შედარებით უფრო რთული მეორე ეტაპი — მიწის ფონდის განაწილება და გლეხობის საკუთრებაში განაწილება და გლეხობის საკუთრებაში გადაცემა- კანონმდებლობის შესაბამისად უნდა წარმართულიყო. მიწა ახალ მესაკუთრეს ეძლეოდა და არა უფასოდ, არამედ შეღავათიან ფასში.ამონაგები თანხები ხმარდებოდა რეფორმის გატარებას და მიწაზე ზოგიერთ ვალდებულებათა გასტუმრებას. 1919 წლის 28 იანვრის სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა მიიირო კანონები „სახელმწიფო საადგილმამულო ფონდიდა მცხოვრებთათვის მამულის კერძო საკუთრებად მიცემისა“ და „ყოფილ სანადელო, სახაზინო და სხვა მიწების კერძო საკუთრებად გამოცხადების“ შესახებ. ასევე, აგრარული რეფორმის სრულყოფილად ჩატარების მიზნით, 1917 წლის 23 თებერვლის დადგენილებაში შეიტანეს ცვლილებები, რომლითაც შეჩერდა მიწების ყიდვა-გაყიდვა. მიწის მესაკუთრეს არ შეეძლო ნორმის ფარგლებში დატოვებული მიწების გაყიდვა-დაგირავება. ეს მოთხოვნა გავრცელდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეც. დამფუძნებელი კრების 1920 წლის 10 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით, მოხსნა მამულების ყიდვა-გაყიდვაზე აკრძალვები — იმ რაიონებში, სადაც დამთავრდა მემამულეთა მიწების ჩაბარების პროცესი — 1918 წლის 7 მარტის კანონის შესაბამისად.

მთლიანობაში, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დროის მოკლე მონაკვეთში გატარებულმა აგრარულმა რეფორმამ, დროის სიმცირის გამო, მოსახლეობის ფართო ფენების მდგომარეობა არსებითად ვერ გააუმჯობესა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ათანელიშვილი თ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 11-12.
  • თ. ათანელიშვილი, ეკონიმიკური რეფორმები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. თბ., 2006;
  • თ. ათანელიშვილი, აგრარული რეფორმა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921).თსუ შრომები, სერია «ეკონომიკა», 2005. №1-2.