სამუხრანბატონო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სამუხრანბატონოფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული, სათავადო. წარმოიშვა ქართლის მეფეთა დომენში XVI საუკუნის დასაწყისში. სამეფო დინასტიის ერთი შტოს მეთაურობით, რომელთაც მუხრანბატონები ეწოდათ. სამუხრანბატონოს ძირითადი მუხრანის ველზე მდებარეობდა. სამუხრანბატონოს წარმოშობა დაემთხვა შინაპოლიტიკურ კრიზისს, როდესაც ქსნისა და არაგვის ერისთავთა ცდას მიეტაცებინათ სამეფო დომენი, დაერთო კახეთის მეფის ავგიორგის ლაშქრობა მუხრანში. სამუხრანბატონოს წარმოქმნა იყო სამეფო დომენის გადარჩენის ერთგვარი ცდა.

სამუხრანბატონოს აღმოსავლეთიდან ესაზღვრებოდა არაგვი, სამხრეთიდან — მდინარე მტკვარი. მდინარე ქსნის დასავლეთით მას ეკუთვნოდა სოფლები:აღაიანი, ქადაგიანი, თეზი, ოკამი, ლამისყანა. ჩრდილოეთით სამუხრანბატონო ვრცელდებოდა გრემისხევამდე; შემდეგში მუხრანბატონებმა დაკარგეს ლამისყანა და გრემისხევი და სამუხრანბატონოს საზღვარი გადიოდა ციხებოდავისა (ციხევდავი) და მისაქციელის ხაზზე. სამუხრანბატონოს მთავარი ციხე იყო მტკვრის (ქსნის) ციხე, რეზიდენცია — შიოსუბანი (ახლანდელი მუხრანი). სოფლები ემორჩილებოდა წილკნის საეპისკოპოსოსა და მცხეთის საკათოლიკოსოს. განვითარებული იყო სოფლის მეურნეობა — მემინდვრეობა და მეხილეობა-მევენახეობა.

სამუხრანბატონო აქტიურად მონაწილეობდა ქართლის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ზოგჯერ მუხრანბატონები ქართლის გამგენი ან მეფეებიც იყვნენ. სამუხრანბატონომ არსებობა შეწყვიტა XIX საუკუნის 40-იან წლებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]