რუსეთის იმპერიის III მოწვევის სახელმწიფო სათათბირო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბირო
III მოწვევის სათათბირო
ტიპი
ორგანოს ტიპი ქვედა პალატა
ხელმძღვანელები
თავმჯდომარე ნ. ხომიაკოვი
ა. გუჩკოვი
მ. როძიანკო
სტრუქტურა
წევრები 442 არჩეული წევრი
Gosduma-2 plan.jpg
პოლიტიკური ჯგუფები სოციალ-დემოკრატები (65)
ესერები (37)
სახალხო სოციალისტები (16)
მშრომელები (104)
კადეტები (98)
მემარჯვენეები და ოქტომბრელები (54)
ავტონომისტები (76)
უპარტიოები (50)
კაზაკები (17)
დემოკრატიული რეფორმის პარტია (1)
სხდომების ადგილი
თავრიდის სასახლე

რუსეთის იმპერიის III მოწვევის სახელმწიფო სათათბირო[1] (რუს. Государственная дума Российской империи III созыва; 1 (14) ნოემბერი19079 (21) ივნისი1912, თავრიდის სასახლე, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია) — რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბიროს რიგით მესამე მოწვევა. წარმოადგენდა რუსეთის იმპერიის თვითმპყრობელობიდან საპარლამენტო მონარქიაზე გადასვლის მცდელობას, რომელიც განპირობებული იყო ქვეყანაში გახშირებული საპროტესტო გამოსვლების გასანეიტრალებლად. სახელმწიფო სათათბიროში არჩეული იყო 442 დეპუტატი ყველა საარჩევნო ოლქიდან[2]. III მოწვევის სათათბირომ თავისი არსებობის მანძილზე ჩაატარა 621 სხდომა (5 სესია) და განიხილა 2432 კანონპროექტი[3].

აღნიშნული მოწვევა იყო ოთხიდან ერთადერთი, რომელმაც გასტანა კანონით გათვალისწინებული ხუთი წელი და არ იქნა დათხოვნილი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1907 წლის 3 ივნისს დუმის II მოწვევის დეპუტატების დათხოვნის პარალელურად გამოქვეყნდა ახალი საარჩევნო კანონი. არჩევნები ჩატარდა 1907 წლის შემოდგომაზე. ჯამში არჩეულ იქნა 441 დეპუტატი, მათ შორის: ულტრა მემარჯვენეები — 50, ზომიერად-მემარჯვენე და ნაციონალისტები — 97, ოქტომბრისტები — 154, პროგრესისტები — 28, კადეტები — 54, მშრომელები — 13, სოციალ-დემოკრატები — 19, მუსულმანები — 8, ლიტვა-ბელორუსები — 7, პოლონური კოლო — 11.

1907 წლის 1 ნოემბრიდან — 1912 წლის 9 ივნისამდე ჩატარდა III მოწვევის სახელმწიფო დუმის ხუთი სესია. თავჯდომარეები იყვნენ:

  1. ნ. ხომიაკოვი (ოქტომბრისტი; 1 ნოემბერი, 1907 — 4 მარტი, 1910);
  2. ა. გუჩკოვი (ოქტომბრისტი; 29 ოქტომბერი, 1910 — 14 მარტი, 1911);
  3. მ. როძიანკო (ოქტომბრისტი; 22 მარტი, 1911 — 9 ივნისი, 1912).

დეპუტატების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კავკასია და ამიერკავკასია წამოდგენილი იყო 10 დეპუტატით.

# გუბერნია/ოლქი/ოკრუგი სახელი, გვარი
1 ბაქოს, ელიზავეტპოლის და ერევნის გუბერნიები იოანეს ტერაკოპოვ საგათელიანი
2 ბაქოს, ელიზავეტპოლის და ერევნის გუბერნიები ხალილ ბეი ხასმამედოვი
3 ბათუმისა და ყარსის ოლქები და სოხუმის ოკრუგი პროკოფი ლევანის ძე შერვაშიძე
4 დაღესტნის ოლქი და ზაქათალის ოკრუგი იბრაგიმ ბეგ ისაბექის ძე გაიდაროვი
5 ამიერკავკასია (რუსული მოსახლეობიდან) თევდორე თევდორეს ძე ტიმოშკინი
6 ყუბანისა და თერგის ოლქები და შავი ზღვის გუბერნია ივან პეტრეს ძე პოკროვსკი
7 ყუბანის ოლქი კონდრატ ლუკას ძე ბარდიჟი
8 ქუთაისის გუბერნია ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი
9 თერგის ოლქი ნიკიტა ვასილის ძე ლისიჩკინი
10 ტფილისის გუბერნია ნიკოლოზ სიმონის ძე ჩხეიძე

სხდომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო სათათბიროს მესამე სესია იყო ერთადერთი მოწვევა, რომელმაც ბოლომდე ამოწურა თავისი მოქმედების ვადა. მისი არსებობის მანძილზე სათათბიროს პრეზიდიუმის შემადგენლობა რამდენიმეჯერ შეიცვალა. პირველ, მეორე და მესამე სესიებს თავჯდომარეობდა ნ. ხამიაკოვი; მესამეს და მეოთხეს — ა. გუჩკოვი, ხოლო მეოთხესა და მეხუთეს — მ. როძიანკო.

I სესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1907 წლის 1 (14) ნოემბერს სახელმწიფო სათათბიროს პირველი სხდომა გახსნა სტატს-სეკრეტარმა გოლუბევმა. წარმოთქმული სიტყვის შემდეგ სათათბირო შეუდგა პრეზიდიუმის არჩევას. 371 ხმით სათათბიროს თავჯდომარედ არჩეულ იქნა ნ. ხამიაკოვი. მის უფროს ამხანაგად არჩეულ იქნა კნიაზ ვ. ვოლკონსკი, მეორე ამხანაგად — ბარონი ა. მეინდორფი, მდივანი — ი. საზონოვიჩი და მისი ამხანაგები: ნ. ანტონოვი, გ. ზამისლოვსკი, ნ. მელნიკოვი. მ. ისკრიცკი და ვ. სოკოლოვი.

დეპუტატთა მანდატების შემოწმებისა და სხვადახვა კომისიების ფორმირების შემდეგ სათათბირო შეუდგა მუშაობას. დიდი შეხლშემოხლა გამოიწვია სახელმწიფო უშიშროების კომისიის შექმნამ, რომელშიც ვერ შევიდა ოპოზიციის წარმომადგენლები.

დიდი კამათი მოყვა ა. გუჩკოვის სიტყვებს, რომ „ის სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც მონარხის მიერ განხორციელდა, წარმოადგენდა ჩვენს სამშობლოში კონსტიტუციური წესრიგის დამყარების ფორმას“. კამათის დასასრულს მოჰყვა სამთავრობო დეკლარაციის წაკითხვა პ. სტოლიპინის მიერ, რომელსაც ასევე ახლდა დიდი კამათი.

პირველ სესიაზე მოხდა მთავრობასა და სათათბიროს უმრავლესობას შორის დაპირისპირება. პირველად (1908 წლის 2 (15) აპრილი), როცა ხდებოდა გზების სამინისტროს შტატების ასიგნირება. მეორე კონფლიქტი მოჰყვა რკინიგზის საანკეტო კომისიის შექმნის განხილვას.

პირველი სესიის დასაწყისში, 1907 წლის 12 (25) ნოემბერს გლეხობის მიერ იქნა შეტანილი პროექტი, გადაცემულიყო მცირე მიწისა და მიწის არმქონე პირთათვის მიწები, თუმცა სათათბირომ თავისი არსებობის მანძილზე არცერთხელ არ გამოთქვა სურვილი ემსჯელა აღნიშნულ კანონპროექტზე.

1907 წლის 10 (23) დეკემბერს სათათბოროს მიერ გამოიყო 1 მლნ რუბლი რევოლუციის მსხვერპლთა დასახმარებლად.

სახალხო სკოლებისათვის სათათბიროს მიერ გამოყოფილ იქნა 8 მლნ რუბლი.

სამხედრო უწყების ბიუჯეტის განხილვისას ა. გუჩკოვი გამოვიდა რუსეთის არმიის უპასუხისმგებლო ხელმძღვანელების წინააღმდეგ, რომლის პარალელურად მოითხოვა სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს რეორგანიზაციის აუცილებლობა.

სესია დაიხურა 1908 წლის 28 ივნისს (11 ივლისს).

II სესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სესია გაიხსნა 1908 წლის 15 (28) ოქტომბერს. გახსნისთანავე სათათბირო შეუდგა ვლადივასტოკში პორტო-ფრანკოს დახურვის კანონპროექტის განხილვას.

1909 წლის 29 მაისს კონსტიტუციურ-დემოკრატიული ფრაქციის მიერ შეტანილ იქნა კანონპროექტი სახელმწიფო სათათბიროში არჩევნების დებულებაში ცვლილებების შესახებ, თუმცა იგი ასე დარჩა რეაგირების გარეშე სათათბიროს წევრთა მხრიდან. იმავე ფრაქციის მიერ შეტანილ იქნა ასევე სხვა კანონპროექტი სახელწიფო საბჭოს ძირეული რეფორმის თაობაზე.

აღნიშნულ სესიაზე წარმოიქმნა კონფლიქტი სათათბიროსა და სახელმწიფო საბჭოს შორის საზღვაო გენერალური შტაბის შტატთა პროექტის განხილვისას. საბჭომ ჩააგდო სათათბიროს კანონპროექტი. სათათბირომ მეორეჯერ მიიღო აღნიშნული კანონპროექტი განსახილველად და დიდი ძალისხმევის შემდეგ გაიარა სახელმწიფო საბჭოც. მიუხედავად ამისა ის უმაღლესი თანხმობის ღირსი მაინც არ გახდა. გამოიცა სპეციალური რესკრიპტი პ. სტოლიპინის სახელზე, რომელიც მიჯნავდა მთავრობის, სათათბიროსა და საბჭოს კომპეტენციებს სამხედრო და საზღვაო სფეროებში. სათათბიროსა და საბჭოს დარჩა მხოლოდ ასიგნაციის განხილვის უფლება.

1909 წლის 8 მაისს სათათბირომ მიიღო 9 ნოემბრის კანონი, ხოლო იმავე წლის შემოდგომაზე — მიწათმოწყობის კანონპროექტი.

სესია დაიხურა 1909 წლის 2 (15) ივნისს.

III სესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სესია გაიხსნა 1909 წლის 10 (23) ოქტომბერს. სესია დაიწყო სათათბიროსა და მთავრობას შორის კამათით. მიზეზი იყო 1909 წლის 12 ოქტომბერს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის მიერ წამოყენებული მოთხოვნის „ძირითადი კანონების 96-ე მუხლის დარღვევის“ განხილვა. აღნიშნული მოთხოვნის განხილვა დაიწყო 1910 წლის 26 მარტს. დიდი განხიილვის შემდეგ აღნიშნული მოთხოვნა გაუქმდა სათათბიროს უმრავლესობის წევრთა მიერ.

ოქტომბრის ბოლოს სათათბირო შეუდგა სამთავრობო პროექტის განხილვას ადგილობრივი სასამართლოს რეფორმის თაობაზე. კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი მიღებულ იქნა 1910 წლის 28 მაისს.

1909 წლის 13-20 ნოემბერს მიმდინარეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონპროექტის — ადამიანის ხელშეუხებლობის განხილვა. აღნიშნულმა განხილვამ არსებული პროექტის გადასასმუშავებლად წარმოშვა ახალი კომისიის შექმნის აუცილებლობა.

14 დეკემბერს მიღებულ იქნა მოთხოვნა აპტეკარსკის კუნძულზე მომხდარი აფეთქების თაობაზე, რომლის დროსაც გარდაიცვალა უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელი კარპოვი. აღნიშნული მოთხოვნა ერთხმად იქნა უარყოფილი უმრავლესობის მიერ.

მესამე სესიაზე მიღებულ იქნა პროექტი არხანგელსის, ვოლოგდის, ტობოლსკის, ტომსკის, აკმოლინსკისა და სემიპალატინსკის გუბერნიებში ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღების თაობაზე, ასევე პროექტი გაუქმებულიყო აკრძალვა ახსნილიყო ნაფიცი მსაჯულებისთვის თუ როგორი განაჩენი ელოდება მსჯავრდებულს. სესიაზე გამკაცრებულ იქნა კანონი ქალებით ვაჭრობაზე. მიღებულ იქნა კანონპროექტები საავტორო უფლებებზე; მემკვიდრეობის განაწილებისას ქალებისთვის უფლებების გათანაბრებაზე და სამოქალაქო საქმეთა პროკურორის დაპატიმრების გაუქმების თაობაზე.

სესიის დასასრულს ოპოზიცია გამოვიდა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა პ. მილიუკოვმა გააკეთა წინადადება, რათა სათათბირო გამოსულიყო სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ, მაგრამ უმრავლესობის მხრიდან დიდი კამათის შემდეგ იქნა უარყოფილი.

აღნიშნულ სესიაზე სათათბირომ დაგეგმილი დახმარების გარდა სახალხო სკოლებისთვის გამოყო 10 მლნ რუბლი.

სესია დაიხურა 1910 წლის 17 (30) ივნისს.

IV სესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სესია გაიხსნა 1910 წლის 15 (28) ოქტომბერს. სესია დაიწყო დამწყებ სკოლების კანონპროექტის განხილვით, რომელიც საბოლოო სახით 1911 წელს იქნა მიღებული. შემდეგ დაიწყო ზოგადი განათლების ფინანსური გეგმის განხორციელების განხილვა.

8 ნოემბერს სათათბირომ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ლ. ტოლსტოის ხსოვნას.

ნოემბრის ბოლოს დამტკიცებულ იქნა კანონპროექტი სავაჭრო დაწესებულებებში მომსახურე პერსონალის ნორმალური დასვენების შესახებ.

სესიაზე განხილულ იქნა საზღვაო მინისტრის ვოევოდსკის მოხსენება ხომალდ „სლავას“ ჩაძირვის თაობაზე, რომელმაც განიცადა კატასტროფა პორტსმუნდიდან ალჟირში გადაადგილების დროს.

1911 წლის თებერვლის ბოლოს სათათბირომ განიხილა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარჯთაღრიცხვა. აღნიშნულს მოჰყვა პოლემიკა მთავრობასა და საბჭოს შორის დასავლეთ გუბერნიებში მიწის კანონპროექტის განხილვისას, რომელიც ჩააგდო სახელმწიფო სათათბირომ. პ. სტოლიპინმა მოითხოვა პალატის 3 დღით დათხოვნა, რასაც მოჰყვა სათათბიროს თავჯდომარის ა. გუკაჩოვის გადადგომა.

სესია დასრულდა ფინეთის კანონპროექტის განხილვით. კანონპროექტი განხილულ იქნა სამ დღეში და სათათბიროს მიერ მიღებულ იქნა 31 მაისს. სათათბირომ ის უცვლელი სახით მიიღო 1911 წლის 17 ივნისს.

სესია დაიხურა 1911 წლის 13 (26) მაისს.

V სესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1911 წლის 15 (28) ოქტომბერს სესია გახსნა სათათბიროს თავჯდომარემ მ. როძიანკომ. მან გააკეთა განცხადება კიევში მინისტრთა კაბინეტის თავჯდომარის პ. სტოლიპინის მკვლელობის გამო. გამოძიების პროცესში გამოვლინდა პოლიციის რეფორმის აუცილებლობაც.

23 ნოემბერს სათათბირომ დაიწყო პირველი მოსმენა პოლონეთის სამეფოს ქალაქების გარდაქმნის თაობაზე. 1912 წლის 26 აპრილს აღნიშნული პროექტი მიღებულ იქნა სათათბიროს მიერ.

აღნიშნულ სესიაზე დახურულ სხდომებზე განიხილებოდა სამხედრო სამსახურის ახალი წესდება.

სახელმწიფო სათათბიროს მიერ გამოიყო 100 ათასი რუბლი სამი წლის განმავლობაში სამხედრო საჰაერო ფლოტის გასაძლიერებლად.

დასასრულ, სათათბირომ მოისმინა მთავრობის მოსაზრება ლენსკის მოვლენების თაობაზე.

სესია დაიხურა 1912 წლის 9 (22) ივნისს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. პაიჭაძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 250.
  2. Боиович М. М., «Члены Государственной Думы» (портреты и биографии) третий созыв, М., 1913
  3. Боиович М. М., «Члены Государственной Думы» (портреты и биографии) четвертий созыв, М., 1918