ნაზარეთის ხარების ბაზილიკა
ნაზარეთის ხარების ბაზილიკა | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 32°42′08″ ჩ. გ. 35°17′52″ ა. გ. / 32.70222° ჩ. გ. 35.29778° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რომის კათოლიკური ეკლესია |
ქვეყანა | ისრაელი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | ჯოვანი მუციო |
ხუროთმოძღვრული სტილი | მოდერნიზმი |
თარიღდება | 1969 |
ნაზარეთის ხარების ბაზილიკა (ებრ. כנסיית הבשורה, არაბ. كنيسة البشارة) — კათოლიკური ეკლესია ნაზარეთში, ისრაელი. აღმართულია იმ ადგილზე სადაც ძველი ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით მოხდა ღვთისმშობლის ხარება. იგი არის უდიდესი ქრისტიანული ეკლესია ახლო აღმოსავლეთში. აქვს „მცირე ბაზილიკის“ საპატიო სტატუსი, რომელიც მას 1964 წელს მიანიჭა რომის პაპმა პავლე VI-მ. ქრისტიან მომლოცველებს შორის საკმაოდ აქტუალური ადგილია. ეკლესიაში მსახურობენ ფრანცისკანელთა ორდენის ბერები.
ეკლესიის თანამედროვე შენობა ააგეს 1969 წელს, იქ სადაც თავდაპირველად იდგა ადრებიზანტიური ეკლესია, ხოლო შემდეგ ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდის ეკლესია. ბაზილიკა შედგება ორი სართულისაგან. პირველი სართული მოიცავს ხარების მღვიმეს, რომელსაც ქრისტიანები თვლიან წმინდა ოჯახის საცხოვრებლის ნაწილად და ადგილად სადაც მოხდა გაბრიელ მთავარანგელოზის მიერ ღვთისმშობლის ხარების ბიბლიური ამბავი, რომელიც აღწერილია ლუკას სახარებაში.
ხარების მღვიმეში მდებარეობს სატრაპეზო, რომლის ზემოთ გამოსახულია მარმარილოს წრე შიგნით ჯვრის გამოსახულებით. მასზე ლათინური წარწერაა „Verbum caro hic factum est“ («აქ სიტყვა იქცა ხორცად“), სწორედ აქ, გადმოცემის თანახმად იდგა ღვთისმშობელი ხარების დროს და ანგელოზს უპასუხა: „აჰა, მხევალი ვარ უფლისა, მეყოს შენი სიტყვისამებრ“ (ლუკა 1:38).
ძველი მართლმადიდებლური ტრადიციის მიხედვით სწორედ ამ ადგილზე ახარა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისშმობელს: „გიხაროდეს, მომადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეულ ხარ დედათა შორის“ (ლუკა 1:28)[1].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი ეკლესია ამ ადგილზე ააშენეს IV საუკუნის შუა წლებში, რომელიც წარმოადგენდა საკურთხეველს ხარების მღვიმეში. პირველი ეკლესიის მშენებლობა მოხდა კონსტანტინე I დიდის და მისი დედის ელენე დედოფლის პერიოდში, როდესაც მათ დააარსეს წმინდა მიწაზე ეკლესია, მთავარი სახარებისეული მოვლენის ადგილზე. ნაზარეთის ხარების ეკლესია ააგეს ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძართან და იერუსალიმის ქრისტეს საფლავის ტაძართან ერთად. თავდაპირველი ეკლესია განადგურდა VII საუკუნეში არაბების მიერ პალესტინის დაპყრობის პერიოდში.
მეორე ეკლესია ხარების მღვიმის თავზე ააგეს ჯვაროსნების ეპოქაში, მას შემდეგ, რაც 1102 წელს ტანკრედ ტარენტელმა აიღო ქალაქი ნაზარეთი. XIII საუკუნიდან არის ფრანცისკანელთა ორდენის დაქვემდებარებაში. ეს ეკლესია ბოლომდე არ ყოფილა დასრულებული. 1909 წლის არქეოლოგიურმა გათხრებმა გვაჩვენა, რომ ხუთი რომაული სვეტი, რომელიც დაუმზადებიათ საფრანგეთში არც კი დაუმონტაჟებიათ. ჯვაროსნების ჰატინის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ ნაზარეთი კვლავ მუსულმანების ხელში გადავიდა, მაგრამ სალადინმა ფრანცისკანელ ბერებს უფლება მისცა დარჩენილიყვნენ წმინდა მიწაზე და არესრულებინათ მსახურება ეკლესიაში. ეკლესია დაანგრიეს 1260 წელს, ბეიბარს I-ის მიერ ნაზარეთის აღების დროს. მომდევნო წლებში ფრანცისკანელები რამდენჯერმე განდევნეს და დაბრუნდნენ ნაზარეთში.
1620 წელს დრუზების ემირმა ფაჰრ-ად-დინ II-მ საბოლოოდ ნება დართო ფრანცისკანელებს დაბრუნებოდნენ ნაზარეთს. მათ ეკლესიის ნანგრევებზე ააგეს მცირე სამლოცველო. 1730 წელს ზაჰირ ალ-უმარმა ნება დართო ფრანცისკანელებს აეშენებინათ ახალი ეკელსია. ეკლესია გააფართოეს და გადააკეთეს 1877 წელს, ხოლო 1954 წელს სრულიად დაანგრიეს ბაზილიკის ახალი შენობის ასაგებად, რომლის მშენებლობაც დასრულდა 1969 წელს. პროექტის ავტორი გახდა იტალიელი არქიტქტორი ჯოვანი მუციო. მშენებლობის დაწყებამდე ფართო არქეოლოგიური კვლევა ჩატარდა. გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთების საფუძველზე ბაზილიკასთან შეიქმნა არქეოლოგიური მუზეუმი. ეკლესიის ირგვლივ ღია გალერეაში წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნების მიერ ნაჩუქარი ღვთისმშობლის მოზაიკური გამოსახულებები[2].
ადმინისტრაციულად ბაზილიკა მიეკუთვნება იერუსალიმის ლათინურ საპატრიარქოს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Юрий Полторак. Назарет и окрестности. Кафр-Кана, гора Фавор, Наин, Циппори. — Издательство Евгения Озерова, 2013. — 272 с. — ISBN 9789659215607
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Официальный сайт базилики
- * Masha Halevi. «The Politics Behind the Construction of the Modern Church of the Annunciation in Nazareth.» The Catholic Historical Review, Volume 96, Number 1, January 2010, pp.27-55
- The Basilica of the Annunciation
- Day of Discovery: Three Marys Jesus Loved, 2006 CBS video documentary
- Nazareth places of interest
- The Catholic Encyclopedia, Nazareth [1]
- Nazareth - The Basilica of the Annunciation, from the Israel Ministry of Foreign Affairs
- Mirezo: Holy Land Services for Christians Worldwide
- The Basilica of the Annunciation
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Профессор А. А. Дмитриевский. Праздник Благовещения Пресвятыя Богородицы в Назарете и паломническия хождения по Галилее в марте месяце. Издание Императорского Православного Палестинского Общества. С.-Петербург. 1909 г. Публикация на портале Россия в красках
- ↑ Basilica of Annunciation. Portico. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-03. ციტირების თარიღი: 2018-10-30.