მორის შეჰაბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მორის შეჰაბი
არაბ. موريس حافظ شهاب
დაბ. თარიღი 27 დეკემბერი, 1904(1904-12-27)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ჰომსი
გარდ. თარიღი 24 დეკემბერი, 1994(1994-12-24)[1] [2] [3] (89 წლის)
გარდ. ადგილი ბეირუთი
მოქალაქეობა  ლიბანი
საქმიანობა არქეოლოგი და ისტორიკოსი
ალმა-მატერი პარიზის უნივერსიტეტი

ემირ მორის შეჰაბი [4] ( არაბ. موريس حافظ شهاب დ. 27 დეკემბერი, 1904, ჰომსი — გ. 24 დეკემბერი,1994 , ბეირუთი ) — ლიბანელი არქეოლოგი და მუზეუმის კურატორი. 1942 წლიდან 1982 წლამდე მსახურობდა ლიბანის სიძველეების სამსახურის უფროსად და ბეირუთის ეროვნული მუზეუმის კურატორად.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მორის შეჰაბი წარმოშობით შეჰაბების დინასტიის მარონიტების შტოს ეკუთვნოდა, რომელიც უკავშირდებოდა ხალედ შეჰაბს (ლიბანის პრემიერ-მინისტრი 1938 და 1952–1953 წლებში) და ფუად შეჰაბს (ლიბანის პრეზიდენტი 1958 წლიდან 1964 წლამდე).

დაიბადა სირიის ქალაქ ჰომსში, სადაც მისი მამა მუშაობდა ექიმად და საფრანგეთის საპატიო კონსულად. მორისი 1920 წელს ოჯახთან ერთად ბეირუთში დაბრუნდა. იქ მალევე დაასრულა სწავლა წმინდა იოსების უნივერსიტეტში ფილოსოფიისა და სამართლის ფაკულტეტზე. 1924 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი. სწავლა გააგრძელა ისტორიის განხრით პარიზის უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლასა და პარიზის კათოლიკურ ინსტიტუტში. ასევე ეუფლებოდა არქეოლოგიას ლუვრის სკოლაში, რომლის დასრულების შემდეგ 1928 წელს მიიღო დიპლომი. [5]

1928 წელს დაბრუნდა ბეირუთში, მუშაობდა საფრანგეთის აღმოსავლური არქეოლოგიის ინსტიტუტში საფრანგეთის მანდატის ქვეშ. 1928 წლიდან 1942 წლამდე მონაწილეობდა ბეირუთის ახალი ეროვნული მუზეუმის შექმნაში. ორგანიზებას უწევდა მუზეუმის კოლექციას რეიმონდ ვეილის პერსონალური კოლექციის საფუძველზე. მან ასევე ხელი შეუშალა ფორდის სარკოფაგების კოლექციის და ახალი არქეოლოგიური აღმოჩენების ლიბანიდან გატანას.

მუზეუმის მშენებლობა დასრულდა 1937 წელს და ხუთი წლის შემდეგ იგი გახსნა ლიბანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალფრედ ნაკაშმა. შეჰაბი გახდა სიძველეთა სამსახურის უფროსი 1942 წელს, ორი წლის შემდეგ — მუზეუმის დირექტორი, შემდეგ კი გენერალური დირექტორი 1982 წლამდე. მუზეუმში მუშაობის გარდა, 1945 წლიდან 1974 წლამდე ლიბანის უნივერსიტეტში ისტორიის პროფესორი იყო.

მისი ხელმძღვანელობით და მორის დიუნანთან თანამშრომლობით ჩატარდა ძველი ტვიროსის [6] არქეოლოგიური გათხრები და სიდონის გათხრები. შეჰაბმა ასევე მონაწილეობა მიიღო ოსმალეთის პერიოდის ბაიტედინის სასახლის აღდგენაში.

როდესაც 1976 წელს ლიბანის სამოქალაქო ომი გამწვავდა, შეჰაბმა და მისმა მეუღლემ ორგანიზება გაუწიეს მუზეუმების კოლექციების დაცვას. [7] ეროვნული მუზეუმის სიძველეთა გენერალური დირექტორის შტაბი მდებარეობდა ომის ზონის ცენტრში. შეჰაბმა უზრუნველყო, რომ პატარა ნივთები უსაფრთხოდ შენახულიყო სარდაფში რკინაბეტონის კედლების უკან. მეორე სართულზე ბიბლიოთეკაში დამალული ზოგიერთი ნივთი განადგურდა რაკეტის გასროლით გაჩენილი ხანძრის შედეგად, ბევრი ბრინჯაოს ნივთი დადნა, ზოგი კი დაიწვა. განადგურდა მუზეუმის კატალოგები, ბარათების ფაილები და ფოტო არქივები. სხვა ობიექტები გადაიტანეს მიწისქვეშა სარდაფში ბიბლოსის ციხესიმაგრეში, ლიბანის ცენტრალური ბანკის საცავებში, ან დამასკოს საფრანგეთის არქეოლოგიურ ინსტიტუტში. სწორედ გარე საცავებიდან მოიპარეს ბევრი ნივთი. უფრო მძიმე საგნები ბეტონის სქელ ორმაგ ფენებში შეინახეს უშუალოდ მუზეუმის დარბაზებში, მათ შორის მეფე აჰირამის სარკოფაგი უძველესი ფინიკიური წარწერით ; მოზაიკის იატაკი დაფარული იყო პლასტმასით, შემდეგ კი ბეტონით. გარდა ამისა, შეჰაბმა გაავრცელა ხმები, რომ მუზეუმის ექსპონატები საზღვარგარეთ გაიგზავნა მუზეუმის აქტივებიდან ყურადღების გადასატანად.

მორის შეჰაბის გალერეა ბეირუთის ეროვნულ მუზეუმში

1936 წელს შეჰაბმა დააარსა არქეოლოგიური ჟურნალი "Bulletin of the Beirut Museum" ("Bulletin of the Beirut Museum"). 36 ტომი გამოიცა მანამ, ვიდრე 1986 წელს სამოქალაქო ომის გამო გამოცემა შეწყდებოდა. მან გამოაქვეყნა მრავალი წიგნი ლიბანის არქეოლოგიაზე, ფინიკიელებზე და ცალკე ტვიროსის არქეოლოგიაზე, აგრეთვე მოზაიკაზე, რომაელებსა და ჯვაროსნულ ლაშქრობებზე.

1945 წელს იგი დაქორწინდა ეთიოპიის იმპერატორ ჰაილე სელასიეს ქალიშვილზე, ოლგა ჩაიბანზე.

შეჰაბი პენსიაზე გავიდა 1982 წელს. როდესაც ლიბანში 1991 წელს მშვიდობამ დაისადგურა, მუზეუმი ხელახლა გაიხსნა 1993 წელს ძალიან დაზიანებულ მდგომარეობაში, დამწვარი, გრაფიტით დაფარული კედლებით, ბომბებითა და ტყვიების ნახვრეტებით. შეჰაბი 1994 წელს გარდაიცვალა და 1999 წელს აღდგენილი მუზეუმის სრულ გახსნას ვეღარ მოესწრო.

მორის შეჰაბი იყო საპატიო ლეგიონის, აკადემიური პალმების ორდენის, ხელოვნების და ლიტერატურის ორდენის ოფიცერი. [8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 http://cths.fr/an/prosopo.php?id=115288
  2. 2.0 2.1 Babelio — 2007.
  3. 3.0 3.1 Annuaire prosopographique : la France savante
  4. Беляков 2007.
  5. Ernest 1996.
  6. Jidéjian 1995.
  7. Nassar 2013.
  8. Comité des travaux historiques et scientifiques.