მიხეილ შენგელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შენგელია.
მიხეილ შენგელია
M. Shengelia.jpg
დაბ. თარიღი 25 დეკემბერი 1915(1915-12-25)
დაბ. ადგილი ხაბუმე, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 18 აგვისტო 1999(1999-08-18) (83 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
დასაფლავებულია საბურთალოს პანთეონი
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
სამეცნიერო სფერო ოფთალმოლოგია
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

მიხეილ სოფრომის ძე შენგელია (დ. 25 დეკემბერი,1915, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, სოფ. ხაბუმე — გ.18 აგვისტო, 1999. თბილისი) — საქართველოში მედიცინის ისტორიის მეცნიერული კვლევის ერთ–ერთი ფუძემდებელი, ოფთალმოლოგი, პედაგოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1970), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (ახლ. უნივერსიტეტი) მედიცინის ისტორიის კათედრის გამგე (1974–1991), ქართული მედიცინის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი (1967–1999)

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, განაწილებით დაიწყო მუშაობა სომხეთის რესპუბლიკაში ექიმ-ოფთალმოლოგად, 1941 წლიდან, როგორც მოხალისე, მოაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. დაიჭრა რამდენიმეჯერ და დემობილიზებული იქნა. 1943 წლიდან სხვადასხვა დროს იყო საქართველოში არსებული ევაკოჰოსპიტლების ექიმი–ოფთალმოლოგი, ქირურგი, განყოფილების გამგე, ჰოსპიტლის უფროსის მოადგილე. ომის შემდგომ წლებში აქტიურად მოღვაწეობდა ოფთალმოლოგიაში. 1946–1954 წლებში ქ.ცხაკაიას საავადმყოფო–პოლიკლინიკის თვალის სნეულებათა კაბინეტის გამგე, ხოლო 1954–1956 წლებში საქართველოს ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ნეიროქირურგიული კლინიკის ნეიროოფთალმოლოგი და უფროსი მეცნიერ–თანამშრომელია.

1956–1974 წლებში ს. ვირსალაძის სახელობის პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტის ქართული მედიცინის ისტორიის სამეცნიერო კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელია.

19741991 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მედიცინის ისტორიის კათედრის გამგე და ამავე ინსტიტუტის ცენტრალური სამეცნიერო–კვლევითი ლაბორატორიის ქართული მედიცინის ისტორიის და სამედიცინო ეთნოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1991 წლიდან ამავე განყოფილების გამგე, 1995 წლიდან კონსულტანტი. იმავდროულად, 1967–1999 წლებში მის მიერვე ჩამოყალიბებული ქართული მედიცინის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორია.

1979 წლიდან 1991 წლამდე იყო საქართველოს მედიცინის ისტორიკოსთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიისა და მედიცინის ისტორიკოსთა სექციის თავმჯდომარე და საპრობლემო კომისიის წევრი, ბულგარეთის მედიცინის ისტორიკოსთა საზოგადოების საპატიო წევრი, მედიცინის ისტორიკოსთა მსოფლიო საზოგადოების წევრი, მედიცინის ისტორიკოსთა საკავშირო სამეცნიერო საზოგადოების გამგეობის წევრი.

1953 წელს დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე „ნარკვევები ოფთალმოლოგიის ისტორიიდან საქართველოში“. 1960 წელს დაცული სადოქტორო დისერტაცია კი ზაზა ფანასკერტელ–ციციშვილის მოღვაწეობას ეხებოდა, რომლის პიროვნების და სამედიცინო მემკვიდრეობის, კერძოდ კი „სამკურნალო წიგნი - კარაბდინის“ შესწავლასა და პოპულარიზაციაში მ. შენგელიამ დიდი წვლილი შეიტანა.

მ. შენგელიას ხელმძღვანელობით მოძიებული, აღწერილი და შესწავლილი იქნა ქართული მედიცინის საკითხების ამსახველი 500–ზე მეტი ძველი ხელნაწერი. შედგა კატალოგი, რომლის ანალოგი მხოლოდ მსოფლიოს ფუნდამენტური სამედიცინო ტრადიციების მქონე ქვეყნებს გააჩნიათ. 1960–1988 წლებში მოაწყო 40–ზე მეტი სამეცნიერო ექსპედიცია, შეგროვდა მედიცინის ისტორიის უნიკალური მასალა, რომელიც შემდგომში საქართველოს ტრადიციული მედიცინის მეცნიერული შესწავლის ძირითად წყაროდ იქცა. ასევე, საფუძვლად დაედო საქართველოს სამედიცინო გეოგრაფიული ატლასის შექმნას.

მ. შენგელიას სამეცნიერო ინტერესების სფეროში, გარდა წმინდა სამედიცინო–ისტორიული ასპექტებისა, შედიოდა ზოგადად საისტორიო–ჰუმანიტარული პრობლემატიკაც, მითოლოგიის საკითხები, ეთნოგრაფია, კულტუროლოგია და სხვა. ხშირად აქვეყნებდა პუბლიცისტური ხასიათის სტატიებს.

მისი ხელმძღვანელობით დაცული იქნა 2 სადოქტორო და 8 საკანდიდატო დისერტაცია, ავტორია 300–მდე სამეცნიერო ნაშრომს და 23 მონოგრაფიისა. მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული მედიცინის ისტორიკოსთა კონგრესებსა თუ სხვა სამეცნიერო ფორუმებში.

პირველად დისციპლინის ისტორიაში, 1970 და 1980 წლებში, მ.შენგელიას ავტორობით ორჯერ გამოიცა ქართული მედიცინის ისტორიის სახელმძღვანელო („ქართული მედიცინის ისტორია“) ქართულ ენაზე, ხოლო 1985 წელს – რუსულ ენაზე (მოსკოვში). 1988 წელს ასევე პირველად გამოიცა სახელმძღვანელო მსოფლიო მედიცინის ისტორიის შემსწავლელთათვის („მედიცინის ისტორია“).

მიღებული ჰქონდა ზაზა ციციშვილის სახელობის პრემია, პეტენკოფერის სახელობის პრემია. დაჯილდოებული იყო ორდენებით და მედლებით.

გარდაიცვალა 1999 წელს.

დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ძირითადი მონოგრაფიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნარკვევები მედიცინის ისტორიიდან საქართველოში. თბილისი. 1956.
  • მედიცინის განვითარების ზოგიერთი ძირითადი საკითხი საქართველოში. თბილისი. 1961.
  • ეტიუდები ქართული მედიცინის ისტორიიდან. თბილისი. 1963.
  • გარდამავალი პერიოდის ქართული მედიცინა. თბილისი. 1968.
  • ქართული მედიცინის ისტორია. (სახელმძღვ.). თბილისი. 1970.
  • უძველესი კოლხურ-იბერიული მედიცინა. თბილისი. 1979.
  • ქართული მედიცინის ისტორია. (სახელმძღვ. II გამოცემა). თბილისი. 1980
  • ძიებანი ქართული მედიცინის ისტორიიდან. თბილისი. 1981.
  • სახალხო ჯანმრთელობის დაცვა საბჭოთა საქართველოში. (თანაავტ) თბილისი. 1984.
  • История Медицины Грузиии. Москва. 1985.
  • რენესანსი და ძველი ქართული მედიცინა. თბილისი. 1985.
  • ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილი. I ტომი. თბილისი. 1986.
  • Древнейщая Колхо-Иберийская Медицина. (რუსულად) თბილისი. 1987.
  • ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილი. II ტომი. თბილისი. 1988.
  • მედიცინის ისტორია. თბილისი. 1988.
  • 16. Volk ohne Krankheit. Die Schatze der Georgische Folks - und Klostermedizin. Austria. 1992. (W. Wirth - თან თანაავტორობით).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „თბილისი“,საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, თბილისი, 2002, გვ. 924.
  • ტრადიციებით მომავლისკენ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საიუბილეო კრებული,თბილისი,2010. გვ.103–105.