შინაარსზე გადასვლა

მილდრედ კონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მილდრედ კონი
დაბ. თარიღი 12 ივლისი, 1913(1913-07-12)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ბრონქსი
გარდ. თარიღი 12 ოქტომბერი, 2009(2009-10-12)[4] [1] [2] [3] (96 წლის)
გარდ. ადგილი ფილადელფია
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა ბიოქიმიკოსი, ბიოქიმიკოსი და ინჟინერი[5]
მუშაობის ადგილი პენსილვანიის უნივერსიტეტი[6] , ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი[6] , სენტ-ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტი[6] და National Advisory Committee for Aeronautics
ალმა-მატერი კოლუმბიის უნივერსიტეტი[6] და ჰანტერის კოლეჯი[6]
მეუღლე Henry Primakoff
ჯილდოები ელიოტ კრესონის მედალი[7] , ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[8] , მეცნიერების ეროვნული მედალი, გარვან-ოლინის მედალი[9] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, honorary doctor of Brandeis University, honorary doctor of the University of Miami[10] , Oesper Award[11] და Remsen Award[12]

მილდრედ კონი (ინგლ. Mildred Cohn ; დ. 12 ივლისი, 1913 – გ. 12 ოქტომბერი, 2009) – ამერიკელი ბიოქიმიკოსი, რომელიც სწავლობდა ქიმიურ რეაქციებს ცხოველების უჯრედებში. მან პირველმა გამოიყენა ბირთვული მაგნიტური რეზონანსი ფერმენტული რეაქციების შესასწავლად, განსაკუთრებით ადენოზინტრიფოსფატში (ATP). თავისი ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო კარიერის განმავლობაში, კონმა გამოაქვეყნა 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. 1982 წელს მიიღო მთავრობის უმაღლესი ჯილდო მეცნიერებაში, მეცნიერების ეროვნული მედალი. შეყვანილია ქალთა ეროვნული დიდების დარბაზში.

ადრეული წლები და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონი დაიბადა ბრონქსში, რუსეთიდან ემიგრირებული რაბინის ისიდორე კონისა და ბერტა კლეინ კონის ოჯახში. მან საშუალო სკოლა დაამთავრა 14 წლის ასაკში და სწავლა განაგრძო ჰანტერის კოლეჯში, რომელიც უფასო და ღია იყო ყველა ქალისთვის, განურჩევლად რასის, რელიგიისა თუ ეთნიკური წარმომავლობის.

მილდრედმა 1931 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი წარჩინებით, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო კოლუმბიის უნივერსიტეტში. 1932 წელს მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ, იგი ორი წლის განმავლობაში მუშაობდა აერონავტიკის ეროვნულ საკონსულტაციო კომიტეტში. მოგვიანებით დაბრუნდა კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ ჰაროლდ ურეისთან. კონი თავდაპირველად დაკავებული იყო ნახშირბადის სხვადასხვა იზოტოპების შესწავლით. თუმცა, აპარატურა გამოვიდა მწყობრიდან და მან ვერ შეძლო პროექტის დასრულება. შემდეგ მან დაწერა სადისერტაციო ნაშრომი ჟანგბადის იზოტოპებზე და 1903 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი ფიზიკურ ქიმიაში.

ჰაროლდის რეკომენდაციით, კონმა მიიღო მკვლევარის თანამდებობა სენტ-ლუისში ვაშინგტონის უნივერსიტეტში ვინსენტ დიუ ვინიოს ლაბორატორიაში, სადაც შეისწავლა გოგირდის და ამინომჟავების მეტაბოლიზმი რადიოაქტიური გოგირდის იზოტოპების გამოყენებით. კონი იყო პიონერი იზოტოპური ტრასერების გამოყენებაში გოგირდის შემცველი ნაერთების მეტაბოლიზმის შესასწავლად. როდესაც დიუ ვინიომ თავისი ლაბორატორია ნიუ-იორკში კორნელის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯში გადაიტანა, კონი და მისი მეუღლე, ფიზიკოსი ჰენრი პრიმაკოვი ასევე გადავიდნენ ნიუ-იორკში.

1946 წელს ჰენრი პრიმაკოვს შესთავაზეს პედაგოგის პოზიცია ვაშინგტონის უნივერსიტეტში. კონმა მიიღო კვლევითი პოზიცია კარლ და გერტი კორების ბიოქიმიის ლაბორატორიაში უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში. იქ მას მიეცა საშუალება თავად აერჩია კვლევის თემები. მან გამოიყენა ბირთვული მაგნიტური რეზონანსი ფოსფორის რეაქციის შესასწავლად ადენოზინ ტრიფოსფატთან, რამაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა ატფ-ის ბიოქიმიის შესახებ, მათ შორის ატფ-ის სტრუქტურის, ოქსიდაციური ფოსფორილირების და ორვალენტიანი იონების როლის შესახებ ATP და ADP ფერმენტულ გარდაქმნაში .

ჟანგბადის რადიოიზოტოპის გამოყენებით, კონმა აღმოაჩინა, რომ ფოსფორილირება და წყალი ჟანგვითი ფოსფორილირების ელექტრონების გადაცემის სისტემის ნაწილია. ეს აღმოჩენა ეხება ყველა აერობულ ორგანიზმს. ფოსფორის ბირთვების NMR სპექტრების და სხვადასხვა ორვალენტიანი იონების არსებობისას სტრუქტურული ცვლილებების შესწავლით აღმოაჩინა, თუ როგორ მონაწილეობენ ორვალენტიანი ლითონის იონები ADP და ATP ფერმენტულ რეაქციებში.

1960 წელს კონი და მისი მეუღლე გადავიდნენ პენსილვანიის უნივერსიტეტში, სადაც მილდრედი გახდა ბიოფიზიკისა და ფიზიკური ბიოქიმიის განყოფილების ასისტენტ პროფესორი, ხოლო მომდევნო წელს — პროფესორი. 1964 წელს იგი იყო პირველი ქალი, რომელმაც მიიღო ამერიკის გულის ასოციაციის ჯილდო. მას ასევე შესთავაზეს ამ ორგანიზაციაში პროფესიონალი მკვლევარის თანამდებობა. კონმა მიიღო მოწვევა. მას ხსენებული თანამდებობა ეკავა მომდევნო 14 წლის განმავლობაში. [14] 1968 წელს იგი აირჩიეს ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიაში, ხოლო 1971 წელს — მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. იმავე წელს კონი ხელმძღვანელობდა კომიტეტს ფაკულტეტზე ქალთა სტატუსის შესახებ. კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა გამოიწვია ბევრი დადებითი ცვლილება ქალი პროფესორებისა და პედაგოგებისთვის. 1982 წელს, როდესაც იყო ბენჯამინ რაშის გამორჩეული პროფესორი ფიზიოლოგიური ქიმიაში, პენსიაზე გავიდა. პენსიაზე გასვლის შემდეგ, Fox Chase Cancer Center-ში მუშაობდა უფროს წევრად. 1983 წელს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა მას მეცნიერების ეროვნული მედალი გადასცა „სტაბილური იზოტოპური ტრასერის და ბირთვული მაგნიტურ-რეზონანსული სპექტროსკოპიის პიონერული გამოყენებისთვის ფერმენტების კატალიზის მექანიზმების შესწავლაში“.

მილდრედ კონი დაქორწინებული იყო ფიზიკოს ჰენრი პრიმაკოვზე 1938 წლიდან (გარდაიცვალა 1983 წელს). წყვილს სამი შვილი შეეძინა. შემდგომში ყველა დოქტორის ხარისხის მფლობელი გახდა.

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #139011366 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Find a Grave — 1996.
  4. http://news.scotsman.com/obituaries/Mildred-Cohn-Biochemist.5826124.jp
  5. https://electrifyingwomen.org/internationalism-and-the-uks-womens-engineering-society-wes/
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 http://www.asbmb.org/uploadedfiles/AboutUs/ASBMB_History/Past_Presidents/1970s/1978Cohn.html
  7. https://www.fi.edu/en/laureates/mildred-cohn
  8. https://www.womenofthehall.org/inductee/mildred-cohn/
  9. https://www.acs.org/content/acs/en/funding-and-awards/awards/national/bytopic/francis-p-garvan-john-m-olin-medal.html
  10. https://commencement.miami.edu/about-us/archives/honorary-degree-recipients/index.html
  11. https://www.artsci.uc.edu/departments/chemistry/alumni-and-community/the-oesper-award-program-and-symposium/previous-recipients-of-the-oesper-award.html
  12. https://acsmaryland.org/remsen-award/
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 http://www.nasonline.org/member-directory/deceased-members/56828.html
  14. Martin, Douglas (2009-11-11). „Mildred Cohn, Biochemist, Is Dead at 96 (Published 2009)“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-08. ციტირების თარიღი: 2020-11-30.