მეორე ფიტნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეორე ფიტნა
ოთხი ფიტნის ნაწილი

მხარეთა მიერ კონტროლირებული ტერიტორიები დაახლ. 686 წლის მდგომარეობით.
თარიღი 680-692
მდებარეობა არაბთა სახალიფო
შედეგი ომაიანთა გამარჯვება
მხარეები
ომაიანები ზუბაირიდები ალიდები
მეთაურები
იაზიდ I,
მუსლიმ იბნ უქბა,
უმარ იბნ საადი,
მარვან I,
აბდ ალ-მალიქი,
უბაიდ ალაჰ იბნ ზიიადი,
ჰუსაინ იბნ ნუმაირ ალ-საკუნი,
ალ-ჰაჯაჯ იბნ იუსუფი
აბდ ალ-ლაჰ იბნ ალ-ზუბაირი,
მუსაბ იბნ ალ-ზუბაირი,
იბრაჰიმ იბნ ალ-აშთარი,
ალ-მუჰალაბ იბნ ალ სუფრა
ჰუსეინ იბნ ალი,
სულეიმან იბნ სურადი,
ალ-მუხტარ ას-საქაფი,
იბრაჰიმ იბნ ალ-აშთარი

მეორე ფიტნა (არაბ. فتنة , فتن; „გამოცდა“, „განსაცდელი“, „არეულობა“) — შიდაპოლიტიკური დაპირისპირებისა და სამოქალაქო ომის პერიოდი არაბთა სახალიფოში 680-692 წლებში. ომის ფესვები წინამორბედ შიდა კონფლიქტში (656-661) იყო, მისი უშუალო მიზეზი კი გახდა ომაიანთა დინასტიის პირველი ხალიფის, მუავია I-ის გარდაცვალება და მის მემკვიდრედ მისივე ძის, იაზიდ I-ის გამოცხადება, რაც სახალიფოს ისტორიაში ხელისუფლების მამიდან შვილზე გადაცემის პირველი პრეცედენტი იყო. თავდაპირველად, დაპირისპირება ომაიანთა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ იაზიდის გარდაცვალების შემდეგ (683) ომის სასწორი დროებით მისი მოკლული მეტოქის — ჰუსეინ იბნ ალის თანამებრძოლებისა და ხალიფობის კიდევ ერთი პრეტენდენტის — აბდ ალ-ლაჰ იბნ ალ-ზუბაირის მხარეს გადაიხარა. მომდევნო წლებში კონფლიქტი ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა: ერთმანეთს ებრძოდნენ როგორც ომაიანები და მათი მოწინააღმდეგეები, ასევე ამ უკანასკნელთა სხვადასხვა დაჯგუფებები. საბოლოოდ, ომი 692 წელს ომაიანთა ლიდერის, აბდ ალ-მალიქის მიერ ოპოზიციის მთავარი საყრდენის — მექის აღებით და იბნ ალ-ზუბაირის დაღუპვით დასრულდა.

გამარჯვებულმა ომაიანებმა საფუძვლიანად გარდაქმნეს სახალიფოს მმართველობის სისტემა; გაძლიერდა ხალიფის ძალაუფლება, რეფორმირდა არმია და მოხდა სახელმწიფო აპარატის არაბიზაცია და ისლამიზაცია. მეორე ფიტნის მოვლენებმა კიდევ უფრო გააძლიერა შიდასარწმუნოებრივი წინააღმდეგობები ისლამში, რომლის სხვადასხვა იდეოლოგიური დოქტრინა საბოლოოდ სუნიტურ და შიიტურ მიმდინარეობებად ჩამოყალიბდა.

ომის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე ფიტნა არსებითად პირველის გაგრძელება იყო; მასში ერთი თაობით დაშორებული იგივე ბანაკები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. პირველი ფიტნა 661 წელს დასრულდა ომაიანთა დინასტიის ფუძემდებლის — მუავია I იბნ აბუ სუფიანის გამარჯვებით, მაგრამ გადაუწყვეტელი დარჩა ხალიფის შემცვლელის არჩევის წესისა და კრიტერიუმების საკითხი. მუავიამ თავის მემკვიდრედ საკუთარი შვილი — იაზიდი გამოაცხადა, რაც ისლამის ისტორიაში ხელისუფლების ოჯახური მემკვიდრეობის წესით გადაცემის მანამდე არნახული შემთხვევა იყო და ბევრის უკმაყოფილება გამოიწვია. მუავია 680 წლის 6 მაისს გარდაიცვალა და სახალიფოს ტახტზე იაზიდი ავიდა, რასაც ომაიანთა წინააღმდეგ აჯანყება მოჰყვა. დაპირისპირებულ ბანაკებს სხვადასხვა რეგიონში ჰქონდათ დასაყრდენი. თავდაპირველად იაზიდს აუმხედრდნენ პირველი ფიტნის დროს მოკლული ხალიფა ალი იბნ აბუ ტალიბის მომხრეები ქუფაში; მათი ლიდერობა ალის უმცროსმა ძემ, ჰუსეინმა ითავა, მაგრამ 680 წლის 10 ოქტომბერს ერაყში, ქარბალასთან ომაიანთა ჯარებმა ქუფისკენ მიმავალი ჰუსეინის მცირერიცხოვანი რაზმი გაანადგურეს, თავად ჰუსეინი მოკლეს, თუმცა ქუფაში ბოლომდე ფეხის მოკიდება ომაიანება ვერ შეძლეს. ალიდების მომხრეთა (შიიტები) ახალი ლიდერი მუხთარ ალ-თაყაფი გახდა. გაჩნდა „თავაბინების“ („მონანიეთა“) სახელით ცნობილი ახალი მოძრაობაც, რომელსაც სულეიმან იბნ სურადი მეთაურობდა და მიზნად ისახავდა შურისძიებას ჰუსეინ იბნ ალის სიკვდილის გამო (დაჯგუფების სახელი ასახავდა მათ სინანულს იმის გამო, რომ ვერ შეძლეს ჰუსეინის გადარჩენა).[1]

ომაიანები, ზუბაირიდები და ალიდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხარეთა მიერ კონტროლირებული ტერიტორიები მუავია II-ის გარდაცვალების შემდეგ
მეორე ფიტნის ძირითადი საბრძოლო მოქმედებების არეალი.

ჰუსეინის სიკვდილის შემდეგ იაზიდის მთავარი მეტოქე გახდა აბდ ალ-ლაჰ იბნ ალ-ზუბაირი, მაჰმადის ახლო მიმდევრის და პირველი ფიტნის დროს ალის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ზუბაირ იბნ ალ-ავამის შვილი, პირველი ხალიფის — აბუ ბაქრის შვილიშვილი. იბნ ალ-ზუბაირმა დიდი გავლენა მოიპოვა ჰიჯაზის ქალაქ მექაში და მიიმხრო მედინაც. მოლაპარაკების უშედეგო მცდელობის შემდეგ ომაიანთა არმიამ მუსლიმ იბნ უქმას სარდლობით 683 წლის აგვისტოში ჰიჯაზზე გაილაშქრა, მედინელები ბრძოლაში დაამარცხა და ქალაქი დაარბია. მედინის დამორჩილების შემდეგ გარდაცვლილი იბნ უქმას შემცვლელი ჰუსაინ იბნ ნუმაირი იბნ ალ-ზუბაირის წინააღმდეგ დაიძრა და 683 წლის სექტემბერში მექას ალყა შემოარტყა. ბრძოლების დროს მუსლიმთა სიწმინდეს — ქააბას ხანძარი გაუჩნდა.[1]

683 წლის ნოემბერში ხალიფა იაზიდი მოულოდნელად გარდაიცვალა და ომაიანთა ლაშქარმა მექის ალყა შეწყვიტა. იბნ ალ-ზუბაირმა თავი ხალიფად გამოაცხადა. მას ჰიჯაზი, ეგვიპტე, ერაყისა და სირიის ნაწილი და ზოგიერთი სხვა ტერიტორია აღიარებდა. იაზიდის შვილისა და მემკვიდრის — მუავია II-ის ძალაუფლება მხოლოდ ომაიანთა დედაქალაქ დამასკსა და სირიის ზოგიერთ სხვა რეგიონში ვრცელდებოდა. მუავია მალევე, მემკვიდრის გარეშე გარდაიცვალა. ომაიანებმა ხალიფად დინასტიის უხუცესი წევრი, მარვან I იბნ ალ-ჰაკამი გამოაცხადეს. ხალიფობის ორ პრეტენდენტს შორის სირიაში ბატონობისთვის ბრძოლა დაიწყო: ომაიანებს მხარს ქელბიტების კლანის გარშემო დაჯგუფებული არაბული ტომები უჭერდნენ, იბნ ალ-ზუბაირს კი — კაისიტები და სხვა ტომები. 684 წლის აგვისტოში დამასკთან ახლოს, მარჯ-რახიტის ბრძოლა ამ უკანასკნელთა მძიმე მარცხით დასრულდა. შედეგად, სირიაში ომაიანთა ძალაუფლება განმტკიცდა, რამაც მათ საშუალება მისცა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისკენ მიეპყროთ ყურადღება. მარვანმა დაამყარა კონტროლი ეგვიპტეზე და მოიგერია ზუბაირიდების შეტევა პალესტინაში, მაგრამ ჰიჯაზზე ლაშქრობა მარცხით დასრულდა.[2]

684 წლის ბოლოს ქუფიდან ომაიანი ხალიფის წინააღმდეგ შურისძიების დროშის ქვეშ გაერთიანებული თავაბინები დაიძრნენ, მაგრამ ომაიანთა ჯარებმა უბაიდ ალაჰ იბნ ზიიადის სარდლობით მათ გამანადგურებელი მარცხი მიაყენეს აინ-ალ-ვარდის ბრძოლაში ჯეზირეში; „მონანიეთა“ ბელადი იბნ სურადი ომში მოკლეს. ქუფაში ალიდური პარტიის მთავარი ლიდერი მუხთარ ალ-თაყაფი გახდა, რომელმაც მანამდე გარკვეული ხნით ომაიანების წინააღმდეგ იბნ ალ-ზუბაირთან თანამშრომლობა სცადა, ახლა კი სახალიფოს ტახტზე პირველი ფიტნას დროს მოკლული ალის ერთ-ერთი რომელიმე შთამომავლის აყვანას ითხოვდა. 685 წლის ოქტომბერში მუხთარმა და მისმა მომხრეებმა — რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს ადგილობრივი არაარაბული წარმოშობის მუსლიმები („მავლა“) შეადგენდნენ — იბნ ალ-ზუბაირს გამოსტაცეს თითქმის მთელი ერაყი და ირანის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი. ამასთანავე, მუხთარმა იარაღის ძალით ჩაახშო „მავლას“ წარმომადგენლებთან უფლებრივი გათანაბრების გამო დაწყებული არაბი ტომების უკმაყოფილება და სისხლიანი რეპრესიები გაატარა ჰუსეინის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თუ ბრალდებული ქუფელების წინააღმდეგ, მათი ნაწილი კი ბასრაში განდევნა.[3]

ამასობაში, 685 წლის აპრილში გარდაიცვალა ომაიანთა ხალიფა მარვანი და ტახტზე მისი შვილი აბდ ალ-მალიქი ავიდა. ამ უკანასკნელმა თავის უპირველეს ამოცანად ერაყზე კონტროლის აღდგენა დაისახა. ამ მიზნით ომაიანთა ცნობილი სარდალი იბნ ზიიადი გაიგზავნა, თუმცა მან ვერ მოახერხა ჯეზირეში გამაგრებული იბნ ალ-ზუბაირის მხარდამჭერი კაისიტების ტომების დამარცხება და ალიდების წინააღმდეგ გაემართა. ომაიანთა ჯარმა მუხთარის მომხრეებს მცირე ხნით მოსული წაართვა, მაგრამ 686 წლის აგვისტოში სასტიკად დამარცხდა ხაზირის ბრძოლაში მუხთარის სარდალ იბრაჰიმ იბნ ალ-აშთართან; თავად იბნ ზიიადი ბრძოლაში დაიღუპა. რამდენიმე თვის შემდეგ ბასრას შეფარებული დევნილი ქუფელების თხოვნით მუხთარის წინააღმდეგ იბნ ალ-ზუბაირის უმცროსმა ძმამ, მუსაბმა გაილაშქრა, მისი ჯარი ჰარურასთან დაამარცხა და ქუფას სასახლეს შემოეწყო. მუხთარი ალყის გარღვევის მცდელობისას, 687 წლის აპრილში დაიღუპა. ათასობით მისი მომხრე სიკვდილით დასაჯეს.[3]

ომაიანთა გამარჯვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუხთარის დამარცხებამ ომში ომაიანები და ზუბაირიდები ერთმანეთის პირისპირ დატოვა. პირველნი სირიასა და ეგვიპტეში იყვნენ გამაგრებული, მეორენი კი — ჰიჯაზსა და ერაყში. იბნ ზიიადის სიკვდილის შემდეგ ხალიფა აბდ ალ-მალიქი იძულებული გახდა ერაყის საკითხის გადაწყვეტა გარკვეული დროით გადაედო და შედგომოდა საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას სირიაში, სადაც მის ინტერესებს შიდა შუღლი და ბიზანტიელებთან განახლებული კონფლიქტი ემუქრებოდა. ამ პერიოდში მან მაინც სცადა ერაყში შეჭრა (689, 690) და ბასრაში ზუბაირიდების წინააღმდეგ ამბოხის მოწყობა, მაგრამ ყველა ეს მცდელობა მარცხით დასრულდა. თუმცა ამ დროისთვის ზუბაირიდების პოზიციებიც საკმაოდ შერყეული იყო. მათ 685 წლიდან უპირისპირდებოდნენ ომაიანების და ალიდების წინააღმდეგ ბრძოლაში მათი ყოფილი მოკავშირეები — ხარიჯიტების დაჯგუფებები, რომლებმაც კარგად ისარგებლეს სახალიფოში შექმნილი ქაოსით და არაბეთის, ერაყის და ირანის რამდენიმე პროვინციაზე დაამყარეს კონტროლი.[1]

ბიზანტიასთან დაზავებისა და სირიაში წესრიგის აღდგენის შემდეგ აბდ ალ-მალიქმა თავისი ძალები ერაყისკენ მიმართა. 691 წელს ჯეზირეში კაისიტების სიმაგრე ალ-ქარქისიაზე უშედეგო ლაშქრობის შემდეგ აბდ ალ-მალიქმა დიპლომატიას მიმართა და დათმობებითა და ამნისტიის შეპირებით მოახერხა ამ არაბული ტომების გადაბირება. ამ დროისათვის ზუბაირიდების მნიშვნელოვანი ძალები მათი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სარდლის, ალ-მუჰალაბ იბნ აბი სუფრას ხელმძღვანელობით ხარიჯიტებისგან ბასრის დასაცავად იყვნენ მობილიზებული, თავად აბდალაჰ იბნ ალ-ზუბაირს კი ჰიჯაზში ხარიჯიტების სხვა დაჯგუფება ემუქრებოდა ნაჯდა იბნ ამირ ალ-ჰანაფის მეთაურობით. ამით დასუსტებულმა მუსაბ იბნ ალ-ზუბაირმა ვეღარ შეძლო ეფექტიანი წინააღმდეგობა გაეწია აბდ ალ-მალიქისთვის: 691 წლის ოქტომბერში მასკინთან ბრძოლაში ის დამარცხდა და დაიღუპა. ერაყს ომაიანები დაეუფლნენ და ზუბაირიდების საბოლოოდ გასანადგურებლად ჰიჯაზს შეუტიეს. მედინის დაკავებისა და რამდენიმე შეტაკების შემდეგ, 692 წლის მარტში აბდ ალ-მალიქის სარდალმა, ალ-ჰაჯაჯ იბნ იუსუფმა იბნ ალ-ზუბაირის მომხრეებს მექაში შემოარტყა ალყა. ნახევარწლიანი წინააღმდეგობის შემდეგ ალყაშემორტმულთა დიდი ნაწილი დანებდა, თავად აბდალაჰ იბნ ალ-ზუბაირი კი 692 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ბრძოლაში მოკლეს. მალევე ჰაჯაჯმა, ომაიანთა სამსახურში ჩამდგარი ზუბაირიდების ყოფილი სარდლის ალ-მუჰალაბის დახმარებით, ნაჯდას ხარიჯიტები გაანადგურა. აზარიქა და ხარიჯიტების სხვა ჯგუფები ერაყში მათ საბოლოოდ დამარცხებამდე, 696-699 წლებამდე შემორჩნენ.

ფიტნა და არამუსლიმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

VII საუკუნის სამოქალაქო ომები სახალიფოს არამუსლიმ ქვეშევრდომებზეც აისახა. მუსლიმთა ჰეგემონიის წინააღმდეგ ბრძოლამ სხვადასხვა ხასიათი მიიღო. ზოგჯერ წინააღმდეგობა სინკრეტული ან ანტი-ისლამური რელიგიური მოძრაობების წარმოშობაში გამოიხატებოდა. მაგალითად, ერაყში ებრაელი აბუ ისა ალ-ისპაჰანი თავი წინასწარმეტყველად და მესიის წინამორბედად გამოაცხადა და სათავეში ჩაუდგა სინკრეტულ სექტას, რომლის წევრებიც თვლიდნენ, რომ მაჰმადი და იესო მხოლოდ თავიანთ თემებთან მოვლენილი მოციქულები იყვნენ და კაცობრიობას ჭეშმარიტი მესიის მოსვლისთვის მზადება უნდა გაეგრძელებინა. სხვაგან, მაგალითად, ახალდაპყრობილ მაღრიბში (ჩრდილოეთი აფრიკა), არაბთა ბატონობის წინააღმდეგ მოძრაობამ ღია აჯანყების სახე მიიღო. 680-იან წლებში სახალიფოს წინააღმდეგ გამოსვლები მოხდა სომხეთსა და ქართლშიც; ისტორიკოს იოანეს დრასხანაკერტცის ცნობით, ქართველთა მთავარმა ნერსემ არაბი სარდალი ბარაბაჲ დაამარცხა.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი და მეორე სამოქალაქო ომებმა ისლამში საფუძველი ჩაუყარა სხვადასხვა კონფესიურ მიმდინარეობას: შიიტებს, სუნიტებს და ხარიჯიტებს. თითოეული ამ ჯგუფის იდენტობა ფიტნის მოვლენების განსხვავებულ ინტერპრეტაციას ეფუძნება. მეორე ფიტნის დროს ჰუსეინ იბნ ალის „მოწამეობრივმა“ სიკვდილმა და თანმდევმა მოვლენებმა ალიდების დიდი ნაწილის პოლიტიკური ჯგუფიდან თავისებური სარწმუნოებრივი თვითშეგნების თემად აქცია; მათ მოგვიანებით შიიტები ეწოდა. ხარიჯიტების იდენტობა მთლიანად ისლამურ ღვთისმოსაობას ეფუძნებოდა; მათთვის მიუღებელი იყო ხალიფის ტახტზე დასმის ის კრიტერიუმები, რომლებითაც ალიდები და ომაიანები ხელმძღვანელობდნენ (ალიდებისთვის ეს იყო პირდაპირი გენეალოგიური კავშირი მაჰმადთან, ომაიანებისთვის, თავდაპირველად მაინც, — მორწმუნეთა შორის კონსენსუსი). ორთოდოქს მუსლიმთა დარჩენილი უმრავლესობის — მოგვიანებით სუნიტების — ერთობის საფუძველი კი, ძირითადად, შიიტებისა და ხარიჯიტების იდეოლოგიის მიუღებლობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ხალიფის ინსტიტუტი უდიდეს სიმბოლურ დატვირთვას ინარჩუნებდა, VII საუკუნის ფიტნამ მუსლიმთა დიდი ნაწილი დაარწმუნა, რომ ერთი სულიერი ლიდერის დროშის ქვეშ მორწმუნეთა პოლიტიკური ერთობის იდეალური მოდელი მიუღწეველი იყო.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Donner, Fred M. (1999). "Muhammad and the Caliphate". In Esposito, John L. (ed.). The Oxford History of Islam. Oxford University Press. pp. 16–18. ISBN 9780195107999.
  2. Hawting, G.R., ed. (1989). The History of al-Ṭabarī, Volume XX: The Collapse of Sufyānid Authority and the Coming of the Marwānids: The Caliphates of Muʿāwiyah II and Marwān I and the Beginning of the Caliphate of ʿAbd al-Malik, A.D. 683–685/A.H. 64–66. SUNY Series in Near Eastern Studies. Albany, New York: State University of New York Press. ISBN 978-0-88706-855-3.
  3. 3.0 3.1 Donner, Fred M. (2010). Muhammad and the Believers, at the Origins of Islam. Cambridge, MA: Harvard University Press. ISBN 9780674050976. – გვ. 180-188.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]