მელიაი ტულეფიაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მელიაი ტულეფიაი (ან: მელია-ტელეფია)სვანეთში გავრცელებული „მურყვამობა-კვირიაობის” ადრესაგაზაფხულო ციკლის საკარნავალო დღეობათა ნაწილი.

ადრესაგაზაფხულო ციკლის დღეობები მთელ დედამიწაზე სრულდებოდა, თითქმის ყველა ეთნიკურ კულტურაში. ეს დღეობები უძველესი დროიდან მომდინარეობს და ჩვეულებრივი ადამიანური ყოფიდან იშვნენ. ყველა ადრესაგაზაფხულო საკარნავალო დღეობას ახასიათებს ამოვარდნა ყოველდღიური ყოფიდან, გათავისუფლება მორალური და რელიგიური ჩარჩოებისგან, აქტუალიზდება არქაული ყოფის ელემენტები. მათში გამოკვეთილია ნაყოფიერების ზრდის სურვილი და ბუნების გაცოცოხლების სიხარული. საქართველოში ამგვარ დღეობათაგან რამდენიმემ ბოლო დრომდე შემოინახა თავი. ქართულ კარნავალთაგან ცნობილია „ყეენობა“, „ბერიკაობა“ - ქართლსა და კახეთში, თბილისში, „ბერობანა“ ისტორიულ ნიგალის ხეობაში (დღევანდელი თურქეთის რესპუბლიკის ართვინის რეგიონი), „ფადიკო“ აჭარაში, „კეისარობა“, „მურყვამობა“, „აღბა ლიღრალ“, „მელია-ტულეფია/ტელეფია“, „საქმისაი“ სვანეთში და სხვ. ამ დღეობებს საერთო ბევრი რამ აქვთ, - განძარცვა მორალური წნეხისაგან და გარდასახვა, ფერიცვალება (ნიღბები, სახის გამურვა, შეღებვა...), სექსუალურობის (ძირითადად, მამაკაცური პოტენციალის) ხაზგასმა, თეატრალიზებული სანახაობა და ა.შ.

მურყვამობა-კვირიაობა სვანურად „ლიმურყუამალ ლიკურიელ“ საგაზაფხულო აგრარული დღეობების საკმაოდ მოზრდილ ციკლს აერთიანებდა. ყველიერის ხუთშაბათს იწყებოდა და გრძელდებოდა დიდმარხვის პირველი ორშაბათის ჩათვლით. ამ დღეს, შავ ორშაბათს სრულდებოდა დღესასწაულის მთავარი წესები-კვირია, მურყვამობა (კოშკობა), ჭიდაობა, ადრეკილა, მელია- ტელეფია, მორილ-მიაქელა, გიორგის ჯვარი, ხეწე, ხოლო წინა ოთხი დღე ძირითადად სამზადისისათვის იყო განკუთვნილი (კოშკების აშენება, ნაძვის ხის მოტანა, მოჭიდავეების შერჩევა და სხვა).

მეცნიერთა აზრით ზემოხსენებული „მელია-ტელეფიას/ტულეფიას“ რიტუალი მკაფიო მსგავსებას ავლენს ძველბერძნულ რიტუალებთან, ასევე, ხეთურ ტელეფინეს მითთან. ივ. ჯავახიშვილმა წიგნში „ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა“, გამოიკვლია ძვ. წელთაღრიცხვის XIV საუკუნის ხეთური ტექსტი თელეფინუსის შესახებ. ღვთაება თელეფინუსის წასვლისა და მოსავლისა და შვილიერების მოსპობის, ხოლო შემდეგ ამ ღვთაების დაბრუნების ამბავი ფერხულის სიმღერის სიტყვებს „ადრეკილაი წაგვივიდა და მოგვივიდას“ დაუკავშირა და აღნიშნა, რომ მელიაი ტულეფიაი. ხეთური თელეფინუსის სახელია და სვანური საგაზაფხულო დღესასწაული ხეთური სარწმუნოებრივი თქმულების ანარეკლს წარმოადგენს.

შ. ამირანაშვილის აზრით, სვანური მელია ტულეფიაისა დიონისეს სახელი „მელა“ შესაძლებელია იყოს ხეთური თელეფინუსის და ბერძნული დიონისეს კულტის კავშირის გამოძახილი. აღნიშნულ დღესასწაულს ეხმაურება თრიალეთში ალმოჩენილი ვერცხლის თასის კომპოზიცია, რომელიც შ. ამირანაშვილმა, პ. უშაკოვმა და ბ. კუფტინმა ქართველთა წარმართობის ხანას მიაკუთვნეს და ბუნების აღორძინებასთან დაკავშირებული ღვთაების „მელიაი ტულეფიაის" თელეფინუსისადმი თაყვანისცემის რიტუალად სცნეს.

მელია-ტელეფია აღწერილი აქვს სვანური ყოფის ჩამწერს-არსენ ონიანს:

ვიკიციტატა
„„ერთ კაცს შარვალსა და პერანგის ამხანაგს მთლად ჩახდიან ისე, რომ სარცხვინელნი უჩანდეს, ამ ტიტველა მამაკაცს უკან მეორე კაცი მოჰკიდებს ხელს, ამ მეორეს ამნაირადვე მესამე... ამგვარად, უკანანი წინა შიშველა კაცს ჰფარავენ. იმ შიშველა კაცს თავისი სარცხვინელნი ხელში უკავია, უკანანი კი მას უკანიდან უქაქუნებენ და თან გაიძახიან; „მელიაი ტულეფია, იოჰ-იოჰ!“. შიშველა კაცს კი ხელში წკეპლა უჭირავს და უკანიდან მოქაქუნეებს ამ წკეპლას გადაუჭერს ხოლმე“.“

ასევე საინტერესო ტექსტებია წარმოდგენილი ჯუნის ონიანის ეთნოგრაფიულ ნაშრომში „მურყვამობა კვირიაობა სვანეთში”. მეცნიერმა ტექსტები ჩაწერა ზემო და ქვემო სვანეთის სოფლებში 1962-1967 წლებში. მელია ტელეფია ბავშვების თამაშიც იყო. 1965 წლის 24 იანვარი, სოფ. ჩუკულში მცხოვრები 53 წლის ლავრენტი ყუბას ძე ჯინჭარაძე მოგვითხრობს:

ვიკიციტატა
„დავდგებით მწკრივად ერთმანეთის უკან დგომით და ორივე ხელით ჩაკიდებული ვართ. წინ დგას ყველაზე მაღალი ბავშვი და ასე თანდათან უფრო დაბალი და დაბალი და ბოლოს დგება ყველაზე დაბალი ბავშვი. წინამძღოლს „ბაბას“ ვეძახით და ერთს ვირჩევთ „მელად“. „მელა“ გამოვა და გვეკითხება: „ნემსი დამეკარგა და არავის გინახავთ?“ ჩვენ უარს ვეუბნებით. „მელა“ ჩაგვაცივდება და უნდა, რომ მოიტაცოს. იწყება წართმევობია. „მელა“ წაართმევს ბავშვებს „ბაბას“ და უფრო მეტი რიცხვი ბავშვებისა რომელ მხარესაც დარჩება ბოლოს, გამარჯვებაც იმას რჩება. ამ თამაშის დროს ყველა ვიძახით „მელია ტელეფიას“, ,,გულეფიას“ მწკრივს ვეძახით.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ონიანი ჯ., სვანური მურყვამობა-კვირიაობა, «მაცნე», 1969, № 3
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა, ტფილისი, 1937
  • რუხაძე ჯ., ბუნების ძალთა აღორძინების ხალხური დღესასწაული საქართველოში, ბერიკაობა-ყეენობა, თბილისი, 1999