ხეთური ტექსტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხეთური ტექსტები — ხეთური ლიტერატურის წერილობითი ძეგლები, შესრულებული თიხის დაფებზე. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ტექსტები ხეთების სამეფოს დედაქალაქის (ანკარიდან ასიოდე კმ-ზე (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია)) წიგნთსაცავებში აღმოაჩინეს. ხეთური ლიტერატურის ძეგლები ძვ. წ. XVIII-XIII საუკუნეებს მიეკუთვნება. ხეთურ ენაზე დაწერილი ტექსტების კოლექცია კლასიფიცირებულია კატალოგში: Catalogue des Textes Hittites (CTH, 1971 წლიდან).[1] ეს კატალოგი ტექსტების ერთადერთი კლასიფიკაციაა. მასში ტექსტები არ არის მოცემული, ხოლოდ ტექსტების შინაარსის მიხედვითაა იდენტიფიცირებული.

ხეთური ტექსტების კატალოგის დანომრვის სქემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხეთური ტექსტები შემდეგნაირადაა კლასიფიცირებული:

  • ისტორიული ტექსტები (CTH 1–220)
  • ადმინისტრაციული ტექსტები (CTH 221–290)
  • იურიდიული ტექსტები (CTH 291–298)
  • ლექსიკური ტექსტები (CTH 299–309)
  • ლიტერატურული ტექსტები (CTH 310–320)
  • მითოლოგიური ლექსები (CTH 321–370)
  • ჰიმნები და ლოცვები(CTH 371–389)
  • სარიტუალო ტექსტები(CTH 390–500)
  • საკულტო ტექსტები (CTH 501–530)
  • ნიშნები და ორაკულთა ტექსტები (CTH 531–582)
  • ფიცები (CTH 583–590)
  • საფესტივალო ტექსტები (CTH 591–724)
  • ტექხტები სხვა ენაზე (CTH 725–830)
  • უცნობი ტიპის ტექსტები (CTH 831–833)

ხეთური ლიტერატურის პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხეთური ლიტერატურა ხეთების სამეფოს შესაბამისად სამ პერიოდად იყოფა:

  • ძველი სამეფოს ლიტერატურა (ძვ. წ. XVIII-VI სს.)
  • შუა სამეფოს ლიტერატურა (ძვ. წ. XV-XIII სს.)
  • ახალი სამეფოს ლიტერატურა (ძვ. წ. XIII ს.)

ძველი სამეფოს ტექსტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხეთური ლიტერატურის უძველეს ნიმუშად მეფე ანითას ტექსტი ითვლება. ამ ტექსტის მიხედვით, ანითას მამამ დაიპყრო ნესა (ქანეში, ქიულთეფე), რომელიც შემდეგ ქუსარას სამეფოს მნიშვნელოვანი ქალაქი გახდა.[2] მეფე ანითამ მეფობისას ცალფას მეფე დაამარცხა, შემდეგ კი მეფე ფიუსთი, დაიპყრო მისი დედაქალაქი ხათუსა, რომელიც შემდეგში ხეთების სამეფოს დედაქალაქი გახდა. ანითასა და მამამისის სახელი ქანესაში აღმოჩენილ ხანჯალზეა წარწერილი.

უძველეს ნიმუშებს მიეკუთვნება უძველეს ინდოევროპულ პოეზიასთანა დაკავშირებული მეფეთა დაკრძალვის რიტუალის ამსახველი პოეტური ტექსტი, მითი ქანესას დედოფლის 30 ვაჟისა და 30 ქალის დაბადების შესახებ; ხეთების სამხედრო ფიცი, რომელიც ორ ფილაზეა აღმოჩენილი.[3]

ძველი სამეფოს მითოლოგიური ლიტერატურა ძირითადად ხათების (პროტოხეთების) კულტურის გავლენით შეიქმნა (მითი ილუიანკას შესახებ, რომელიც 2 ვერსიითაა წარმოდგენილი, ციდან ჩამოვარდნილი მთვარის მითი). შემდგომ ხეთური ტექსტები ბაბილონური ტექსტების გავლენით განვითარდა, რაც განსაკუთრებით ჰიმნებში იგრძნობა.

მნიშვნელოვანია მეფე ხათუსილი I-ის მატიანე (ძვ. წ. 1630 წ.). ხეთური ტექსტების პროზაული და პოეტური უწყვეტი განვითარება დაკავშირებულია ჩრდ. სირიასა და ჩრდ. მესოპოტამიაში მობინადრე ხურიტების ლიტერატურასთან, რომლის ნიმუშებიც ხეთურ ენაზე ითარგმნა. თავის მხრივ, ეს თარგმანები ერთადერთი წყაროა ხურიტული ლიტერატურული ტექსტების გასაცნობად, რომელთა ორიგინალებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ამავე პერიოდს მიეკუთვნება პოეტური ტექსტი ქუმარიბზე, რომელმაც ძველ ბერძნულ ლიტერატურაზეც მოახდინა გავლენა. თარგმანებში ხშირად ხეთური მითოლოგიური ფორმებია ჩართული. ტექსტში მეფე მურსილის ლოცვა ჟამიანობის დროს (ძვ. წ. 1330 წ.), მამიდან შვილზე ცოდვის გადასვლის აზრია გატარებული და დანაშაულის გამოსყიდვის პრობლემაა დასმული.

ახალი სამეფოს ტექსტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი სამეფოს ტექსტებიდან აღსანიშნავია მითები, რომლებიც კოსმოგონიურ და თეოლოგიურ შეხედულებებს გადმოგვცემენ. მნიშვნელოვანია ნაყოფიერების ღვთაების გაქრობისა და მისი დაბრუნების მითი. ხეთური მითები რიტუალის შემადგენელი ნაწილია. ამ პერიოდის ტექსტები მდიდარია მატიანეებით, რომლებშიც მეფე პირველ პირში მოგვითხრობს ტაძრების მშენებლობის, ომებისა და სხვა ღირსშესანიშნავ მოვლენათა შესახებ. მატიანეების სტილი საქმიანია, ზოგან კი მხატვრულადაა დამუშავებული, მაგ: მეფე მურსილი II-ის ტექსტებს რელიგიურ-ფილოსოფიური ხასიათი აქვს. ხეთური ლიტერატურის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს რელიგიური და ადმინისტრაციული ცერემონიალის ინსტრუქციები, სასამართლოს ოქმები, მაგიური, ასტროლოგიური, წინასწარმეტყველური ტრაქტატები, სამედიცინო ლიტერატურა, რომლებიც ასევე მხატვრულადაა დამუშავებული. ტექსტებს შორის წარმოდგენილია თარგმნილი მათემატიკურ ლიტერატურაც.

ხეთური კანონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხეთების კანონები სამივე სამეფოს პერიოდს მიეკუთვნება და რვა მთავარ ჯგუფად ჰყოფენ:

  • I აგრესია და თავდასხმა: მუხლები 1 - 24
  • II ოჯახური ურთიერთობები: მუხლები 26 - 38
  • III ვალდებულებები და მომსახურება: მუხლები 39 - 56
  • IV ქონების ხელყოფა და ქურდობა: მუხლები 57 - 144
  • V ხელშეკრულებები და ფასები: მუხლები 145 - 161
  • VI საკრალური საკითხები: მუხლები 162 - 173
  • VII კონტრაქტები და ტარიფები: მუხლები 176 - 186
  • VIII სექსუალური ურთიერთობები: მუხლები 187 - 200
    • შეიცავს ზოოფილიასთან დაკავშირებულ მუხლებს (გარდა ცხენებისა და ჯორებისა).[4] სექსუალური კრიმინალური ქმედებებისთვის ჩვეულებრივი დასჯის ფორმა სიკვდილით დასჯა იყო.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gary M. Beckman, Harry A. Hoffner, Hittite diplomatic texts, volume 7 of Writings from the ancient world, Scholars Press, 1999, ISBN 978-0-7885-0551-5.

ინტერნეტ რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Laroche, Emmanuel (1971). Catalogue des textes hittites, Études et commentaires, 75 (French). Paris.  The first edition came out in 1956. A supplement was published in 1972: Laroche, Emmanuel (1972). „Catalogue des Textes Hittites, premier supplément“. Revue hittite et asianique. XXX: 94–133.
  2. Kuhrt, Amélie (1995). The Ancient Near East, Volume I. London and New York: Routledge, გვ. 226–27. ISBN 0-415-16763-9. 
  3. Oettinger, Die militärischen Eide der Hethiter StBoT 22 (1976). ISBN 3-447-01711-2.
  4. Peake's commentary on the Bible, Revised Edition (1962)