ლიშოს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლიშოს ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიშოს შუა ნაწილში, განეკუთვნება XVlll საუკუნეს. ეკლესია დარბაზულია (10,2 x 5,98 მეტრი). ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. კედლები ძირითადად რიყის ქვისაა, აგურით ნაწყობია გარეთა კუთხეები, კარ-სარკმლების ღიობები, საბჯენი თაღები, კონქი და კამარა. სამხრეთ და დასავლეთ კედლებში გაჭრილია თაღოვანი შესასვლელები, ორივე კარი შიგნიდან კედლის სწორკუთხოვან შეღრმავებაშია ჩასმული. ღრმა, გეგმით თითქმის ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე დაბალი, შეისრული თაღით გადახურული სარკმელია. მსგავსი თითო სარკმელია სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილო კედლის შუაში და დასავლეთ კედლის ღერძზე. საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს, აფსიდის კიდეებთან, თითო ფართო თაღოვანი ნიშია. დარბაზის გრძივ კედლებზე სამ-სამი მარტივი პილასტრია, რომლებსაც შეისრული ფორმის საბჯენი თაღები ეყრდნობა. მათგან აღმოსავლეთ წყვილი და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღი საკურთხევლის ნაწილს დარბაზისგან გამოყოფს. დასავლეთით კამარა კედლის მიმდებარე შეკიდებულ საბჯენ თაღზეა დაყრდნობილი. ფასადები რიყის ქვითაა მოპირკეთებული, რომელშიც ერთმანეთისაგან თანაბარი ინტერვალებით დაცილებული ერთრიგად ნაწყობი აგურის ჰორიზონტალური შრეებია ჩართული. აღმოსავლეთის და დასავლეთის ფასადების ფრონტონებზე, აგურის წყობის შეღრმავებით, გამოსახულია საფეხუროვან პოსტამენდზე დაყრდნობილი თითო ჯვარი. დასავლეთის ფასადის ფრონტონის წვერზე დგას გეგმით კვადრატული, აგურის პატარა სამრეკლო, რომლის თითოეული წახნაგი ნახევარწრიული თაღითაა გახსნილი. სამრეკლო გადახურულია აგურით ნაწყობი პირამიდული ფორმის სახურავით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]