შინაარსზე გადასვლა

ლალისყურის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლალისყურის ციხის ერთ-ერთი კოშკი

ლალისყურის ციხე — ციხესიმაგრე კახეთის მხარის თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში. მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადის სტორის მარჯვენა მხარეს, ვაკეზე.[1].

ლალისყურის ციხეს ისტორიულ წყაროებში პირველად 1721 წელს ვხვდებით. ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი აღწერს კახეთის უმწეო მდგომარეობას ლეკთა თარეშობის შედეგად. მათი მეფის უძლურების გამო კახელებმა ქართლის მეფეს, ვახტანგ VI-ს სთხოვეს თურმე დახმარება. ვახტანგი ჯარით ჩავიდა დასახმარებლად, მაგრამ შაჰის ბრძანებით იძულებული შეიქნა უკანვე გამობრუნებულიყო. ამის შემდეგ

ვიკიციტატა
„„იქმნა ჭმუნვა დიდი კახთა შინა, რამეთუ აიყრებოდიან და ჰყოფდენ ციხე-სიმაგრეთა და გამაგრდებოდიან მათ შინა თელავს, ალავერდს, ლალისყურს, შილდა-ყვარელს, გავაზს, ვეჯინს, საგარეჯოს, ხაშმს და სხვათა ადგილებთა შინა და ოხრდებოდა ქვეყანა რბევა კირთებითა“.“

ამ ცნობიდან ვიგებთ, რომ XVIII საუკუნის დასაწყისში ციხე უკვე არსებობდა. რამდენიმე ხნის შემდეგ რუსეთში მყოფი ვახუშტი იმავე ციხეზე შემდეგსა წერს:

ვიკიციტატა
„„თურდოს-ხევის შესართავს ზეით ალაზანს მოერთვის შტორის ხევი, გამოსდის თუშეთსა და ამას შორის კავკასსა და მოდის აღმოსავლეთიდამ დასავლით... სად მიერთვის ეს ხევი ალაზანს, მუნ არს ლალის-ყურის ციხე“.“

მემატიანე პაპუნა ორბელიანის ცნობით, 1742 წელს

ვიკიციტატა
„„შეიქნა ძვრა საშინელი, რომ ორმოცი დღე და ღამე ქვეყანა ირყეოდა, დიდი საშინელება შეიქნა ქვეყანა რყევისაგან, არღარა დადგა კახეთს, ალავერდის საყდარი დაიქცა, ლალისყურის და ახმეტის ციხეები ორივე დაიქცა... ქართლშიაც მრავალი შენობა დაიქცა“.“

აქ ნახსენები ციხის ნანგრევები აღარსად ჩანს. ის ციხე კი, რომელიც ახლა დგას, ამ მიწისძვრის მომდევნო პერიოდშია აგებული. მასში არ ჩანს ძველის ნაწილები.

მართალია, XIX საუკუნეში, როცა ციხე უპატრონოდ იყო მიტოვებული, იგი ძალიან დაზიანებულა, მაგრამ ძირითადად მაინც ხერხდება თავდაპირველი სახის დადგენა. გეგმა თითქმის კვადრატულია. კუთხეებში ცილინდრული კოშკებია განლაგებული, ხოლო მათ შუა — ნახევარცილინდრული.

ლალისყური

ციხის სამხრეთ ნაწილში დგას ეკლესია და სამრეკლო. XIX საუკუნეში, ციხის ფუნქციის დაკარგვის შემდეგ, სამხრეთ-აღმოსავლეთის მონაკვეთში ჩოლოყაშვილებს ჩაუდგამთ სასახლე და იქვე მდგარი კუთხის კოშკიც საცხოვრებლად გადაუკეთებიათ. ჭიშკარი ციხეს სამხრეთის კედლის შუაში ჰქონია. ძლიერი დაზიანების გამო გადახურვის ფორმა და კონსტრუქცია არ ირკვევა. ციხის კედლების სიმაღლე 4-5 მეტრს არ აღემატებოდა. გალავნის ზედა ნაწილი მხოლოდ ეკლესიასთან ახლოსაა შერჩენილი. ამ ფრაგმენტის მიხედვით ირკვევა, რომ კედლებს ქონგურები არ გააჩნდა, მხოლოდ გადამრგვალებული ზედაპირი ჰქონდა, კედლების ქვედა ნაწილი ყველგან ყრუა, ზემოთ კი ხის კოჭებზე დაყრდნობილი მებრძოლთა ბილიკი გაუყვებოდა უწყვეტად. ამ ჰორიზონტზე ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ სათოფური და ერთი სწორკუთხა ხვრელობი. ეს უკანასკნელი საზარბაზნე უნდა იყოს. მოსალოდნელია, იმავე რიგში სალოდეებიც ყოფილიყო. კედლები რიყის ქვის შესანიშნავი სწორი წყობითაა ნაგები.

ციხის რვა კოშკიდან ოთხი ერთი სახისაა და ოთხი მეორესი. მათგან ყველაზე დიდია სამხრეთ-აღმოსავლეთისა. XIX საუკუნეში იგი ძლიერ გადაუკეთებიათ. დღეს მხოლოდ ერთი სართულიღაა დარჩენილი. მართალია, ეზოსთან მაკავშირებელი კედელი გარღვეულია, მაგრამ სხვა კოშკების მსგავსად, ალბათ, აქაც იქნებოდა კარი. შესასვლელის პირდაპირ ბუხარია. მცირე ზომის სწორკუთხა ნიშებში თითო სათოფურია, ნიშებს გარეთ შეწყვილებული სათოფურებია. ერთ მოზრდილ ნიშში ქვევრია ჩადგმული. ეტყობა, მასში წყალს ინახავდნენ. ყველა კოშკი ჩვეულებისამებრ აღჭურვილია შესასვლელებით, სარკმლებით, ბუხრებითა და სათოფურებით. საერთოდ კი, ძლიერი დაზიანების გამო, ძნელდება მათი თავდაპირველი სახის აღდგენა.

ლალისყურის ციხე ტიპიურია XVIII საუკუნის შუა და მეორე ნახევრისათვის. იგი უნდა აეგოთ 1742 წელს მიწისძვრისაგან დანგრეული ადრეული ციხის უშუალოდ მომდევნო წლებში. სწორედ ამ ხანის ძეგლებში პოულობს იგი ანალოგიებს.

ლალისყურის ციხე-გალავნის ისტორია უცნობია. მხოლოდ ისტორიკოს პლატონ იოსელიანთან ვკითხულობთ, რომ 1798 წელს მეფე გიორგი XII-ს შვილისათვის, ბაგრატისთვის მიუნდვია „გამაგრება ციხისა შილდისა, ლალისყურისა და სხვათა ლეკთათვის დაღესტნით გამოსავლელთა ხეობათა“.

პლ. იოსელიანი ჩოლოყაშვილების ისტორიის დადგენისას, ერთგან წერს, რომ ლალისყურის ციხე ეკუთვნოდაო ჯარდან ჩოლოყაშვილს, რომელიც ერეკლე მეორის მიერ იმერეთის მეფის, დავითის წინააღმდეგ მოწყობილი ლაშქრობის მონაწილე ყოფილა.

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 113-114.
  • პ. ზაქარაია, კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი, თბ., 1962 წ.
  • პ. ზაქარაია, ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე, თბ., 2002 წ.
  • პ. ზაქარაია, სამშობლოს გუშაგები, თბ., 1965 წ.