შინაარსზე გადასვლა

იმიერილის ალათაუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იმიერილის ალათაუ
თალღარი
თალღარი
კოორდინატები: 43°03′ ჩ. გ. 77°15′ ა. გ. / 43.050° ჩ. გ. 77.250° ა. გ. / 43.050; 77.250
ქვეყანა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
ტერიტორიული ერთეული ალმათის ოლქი (ყაზახეთი)
ისიქ-ქოლის ოლქი (ყირგიზეთი)
უმაღლესი წერტილი თალღარი
სიმაღლე 4978,9 
სიგრძე 350 კმ
სიგანე 40-60 კმ
ლანდშაფტი სტეპი
ბუჩქნარ-სტეპები
მდელოები
ტყეები
ამგებელი ქანები გრანიტები
კონგლომერატები
კირქვები
ფიქლები
იმიერილის ალათაუ — ყაზახეთი
იმიერილის ალათაუ

იმიერილის ალათაუ (ყაზახ. Іле Алатауы; ყირგ. Иле Ала-Тоосу) — ქედი ყაზახეთში, ყირგიზეთთან საზღვარზე, ტიან-შანის სისტემაში, მის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. სიგრძე დაახლოებით 350 კილომეტრი, სიმაღლე 4978,9 მეტრამდე (თალღარის პიკი). უმთავრესად აგებულია გრანიტებით, კონგლომერატებით, კირქვებითა და ფიქლებით. ზოგიერთი მწვერვალი მყინვარებითაა დაფარული. ქედის ჩრდილოეთ კალთებზე სათავე აქვს მდინარე ილის მარცხენა შენაკადებს, მთისწინეთში მშრალი სტეპია, ზემოთ — ბუჩქნარ-სტეპური მცენარეულობა, მდელოები და ტყეები, — ვაშლი, ვერხვი, ტიანშანური ნაძვი. იმიერილის ალათაუს ჩრდილოეთ მთისწინეთში მდებარეობს ქალაქი ალმათი. აქვეა ცნობილი სპორტული კომპლექსი: მედეუ, ასი-თურგენის ობსერვატორია და სამთო-სათხილამურო ბაზა ჩიმბულაქი.

იმიერილის ალათაუ წარმოადგენს ტიან-შანის მთიანი სისტემის ერთ-ერთ ყველაზე უფრო უკიდურეს ჩრდილო ღერძს. ქედი იწყება დასავლეთით, მდინარე ჩუს ფარგლებში და განფენილია აღმოსავლეთით 350 კილომეტრზე მდინარე ჩილიქამდე. ქედის ღერძული თხემიდან ჩრდილოეთით ფერდობები ციცაბოდ ეშვება მდინარე ილის ღრმულისაკენ და ყაზახეთის ვაკეებისაკენ, სამხრეთში ქიუნგეი-ალა-თოოს ქედისაგან მოშორებულია მდინარეების ჩილიქისა და ჩონქემინის გასწვრივი მთათაშორისი ხეობებით. მათი სათავეების რაიონში ქედები ერთდება ჩილიქ-კემინსკის სამთო კვანძით. ჭარბობს 4000-4600 მ სიმაღლეები, ჩრდილოეთ ფერდობებზე მდებარეობს გოროდეცკის მყინვარი, რომლის ფართობია 3,8 კმ², ხოლო სიგრძე 5,5 კილომეტრი.

იმიერილის ალათაუ წარმოიქმნა კალედონური დანაოჭების დროს, ხოლო ძლიერ გადამუშავდა მეოთხეულ პერიოდში. იმიერილის ალათაუში დიდი რაოდენობით გვხვდება ტბები, უმთავრესად მყინვარული, რომლებთანაც დაკავშირებულია დაძაბულობა სელურ ვითარებასთან. ყველაზე დიდი და ცნობილი ტბებია დიდი ალმათის ტბა და ისიქის ტბა. იმიერილის ალათაუს მთის წყალშემკრებების წყლის ბალანსის ელემენტების შესწავლა დაკავშირებულია ალექსი ლიტოვჩენკოს სახელთან.

დამახასიათებელია მკვეთრად კონტინენტური კლიმატი. მთისწინეთში ბევრია ნალექი, 2500 მეტრამდე მათი რაოდენობა იზრდება 1200 მმ წელიწადში, შემდეგ, გლაციალურ-ნივალურ ზონაში ნალექები სტაბილიზდება 900-1000 მმ-ის დონეზე. ზაფხულში ნალექები მოდის, ზამთარში მხოლოდ 30-35 %. 2500 მეტრის ზემოთ ზაფხულში მოდის მყარი ნალექები, ხოლო 3900 მეტრის ზემოთ მთელი წლის განმავლობაში ნიშანდობლივია უარყოფითი ტემპერატურები.

2008 წლის მდგომარეობით იმიერილის ალათაუში არსებობდა 441 მყინვარი, რომელთა საერთო ფართობი 171 კმ², ხოლო მოცულობა 6,9 კმ³ აღწევდა. გვხვდება პრაქტიკულად ყველა მორფოლოგიური ტიპის მყინვარი. ყველაზე დიდია რთული ხეობის ტიპის კორჟენევსკის მყინვარი, რომლის ფართობია 38 კმ². მყინვარებთან ფართოდ გვხვდება მორენები.

იმიერილის ალათაუში მდებარეობს მყინვარების მონიტორინგის საერთაშორისო სამსახურის ერთ-ერთი საყრდენი მყინვარი თუიუქსუ, რომლის ფართობია 1,5 კმ², ხოლო სიგრძე 3,5 კილომეტრი. ქედის გამყინვარება ფერნაუს სტადიის (XIX საუკუნის შუა წლები) ბოლოდან დაწყებული დღემდე მოყოლებული მცირდება. 1950-იანი წლების ბოლოდან დეგრადაციის სიჩქარემ მოიმატა, უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში გამყინვარება შემცირდა 41 %-ით.

თხემურ ზონაში დაახლოებით 460 მყინვარია, რომელთა საერთო ფართობია 490 კმ²-ზე მეტი. ჩრდილოეთ ფერდობზეა სახელგანთქმული ალმათის ნაკრძალი, რომელიც 1996 წელს გარდაქმნეს ილე-ალათაუს ეროვნულ პარკად. გვხვდება: ტიანშანური მურა დათვი, ირბისი, ჯიხვი, ულარი, კაკაბი. 1971 წელს იმიერილის ალათაუს ფერდობებზე აღმოაჩინეს შუა აზიისათვის უნიკალური ქოლგოსანი მცენარე Ferula assa-foetida, რომლის ფისისაგან სანელებელს ამზადებენ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Краткая географическая энциклопедия. Том 2: М., 1961.