იდა პფაიფერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იდა პფაიფერი (ფოტოგრაფი: ფრანც ჰანფშტენგლი)

იდა ლაურა პფაიფერი (გერმ. Ida Laura Pfeiffer, ქალიშვილობის გვარი — რეიერი, Reyer; დ. 14 ოქტომბერი, 1797, ვენა, — გ. 27 ოქტომბერი, 1858, იქვე) — ავსტრიელი მოგზაური და მწერალი. პფაიფერი იყო ერთ-ერთი პირველი ქალი მოგზაური, რომელმაც მოინახულა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, ამერიკა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა; ორჯერ, 1846-1855 წლებში, იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო. იმყოფებოდა საქართველოშიც. მისი მოგზაურობის ჩანაწერები დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მალევე რამდენიმე ენაზე ითარგმნა. პფაიფერი იყო ბერლინისა და პარიზის გეოგრაფიული საზოგადოებების წევრი, თუმცა, როგორც ქალს, ლონდონის სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების წევრობაზე უარი ეთქვა.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იდა ლაურა რეიერი დაიბადა 1797 წელს ვენაში, მდიდარი ავსტრიელი ვაჭრის ოჯახში. 1820 წელს ცოლად გაჰყვა ლემბერგელ ადვოკატ მარკ ანტონ პფაიფერს, რომელმაც მალე ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონფლიქტის გამო სამსახური დაკარგა და გაღარიბდა. ამის შემდეგ იდა ძირითადად ვენაში ცხოვრობდა და ხატვისა და მუსიკის მასწავლებლობით არჩენდა ოჯახს. მას შემდეგ, რაც დედისგან მიღებული მემკვიდრეობით შეძლო თავისი ორი ვაჟის განათლების უზრუნველყოფა, პფაიფერმა დარჩენილი სახსრებით თავისი ბავშვობის ოცნების ასრულება — უცხო ქვეყნებში მოგზაურობა გადაწყვიტა.[2]

1842 წელს პფაიფერი პალესტინასა და ეგვიპტეს ეწვია და მომდევნო წელს ვენაში თავისი მოგზაურობის წიგნი „ვენელი ქალბატონის მოგზაურობა წმინდა მიწაზე“ (Reise einer Wienerin in das Heilige Land) გამოაქვეყნა. 1845 წელს სკანდინავიასა და ისლანდიაში გაემგზავრა და თავისი შთაბეჭდილებები ორ ტომად გამოსცა („მოგზაურობა სკანდინავიის ჩრდილოეთსა და კუნძულ ისლანდიაზე“, Reise nach dem skandinavischen Norden und der Insel Island im Janhre 1845, პეშტი, 1846). 1846 წელს იგი მსოფლიოს გარშემო ორწლიან მოგზაურობას შეუდგა, მოიარა ბრაზილია, ჩილე და სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნები, ტაიტი, ჩინეთი, ინდოეთი, სპარსეთი, კავკასია, ყირიმი, კონსტანტინეპოლი და საბერძნეთი. მოგზაურობა აღწერა წიგნში „ქალის მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო“ (Eine Frauenfahrt urn die Welt, ვენა, 1850), რომელმაც მალევე მოიპოვა პოპულარობა და ითარგმნა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. 1851 წელს პფაიფერი ინგლისში, იქიდან კი სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ასევე ეწვია მალაის არქიპელაგს, ზონდისა და მოლუკის კუნძულებს, ავსტრალიას, შემდეგ მოიარა კალიფორნია, ორეგონი, პერუ, ეკვადორი, ახალი გრანადა, მისიონესის ტერიტორია და დიდი ტბების რეგიონი. ეს მოგზაურობა აღწერილია პფაიფერის წიგნში „ჩემი მეორე მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო“ (Meine zweile Weltreise, ვენა, 1856). 1854 წლის მაისში გაემართა მადაგასკარზე. იქ პფაიფერი უნებლიედ აღმოჩნდა ჩართული დედოფალ რანავალუნა I-ის წინააღმდეგ შეთქმულებაში და ქვეყნიდან გააძევეს.[3] პფაიფერი გარდაიცვალა ვენაში 1858 წელს.[4]

მსოფლიოს გარშემო პირველი მოგზაურობის დროს პფაიფერმა თვეზე მეტხანს დაჰყო კავკასიაში, სადაც ის სპარსეთიდან 1848 წლის აგვისტოში ჩამოვიდა. თავის თხზულებაში პფაიფერს აღწერილი აქვს თბილისი, გორი, ქუთაისი და რედუტ-კალე, საიდანაც ის 1848 წლის სექტემბერში ქერჩში გაემგზავრა. პფაიფერს უარყოფითად აქვს დახასიათებული რუსეთის მმართველობის ქვეშ მყოფი კავკასიის ქვეყნების სოციალური ყოფა, ინფრასტრუქტურა და სამოხელეო ბიუროკრატია.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. van Wyhe, John Wanderlust: The Amazing Ida Pfeiffer, the First Female Tourist. NUS Press, გვ. 6. ISBN 9789813250765. ციტირების თარიღი: 8 October 2019. 
  2. Anonymous (1879) The Story of Ida Pfeiffer and Her Travels in Many Lands. London: Thomas Nelson and Sons., გვ. 9. ციტირების თარიღი: 8 October 2019. 
  3. Pfeiffer, Ida (1861) The Last Travels of Ida Pfeiffer, inclusive a visit to Madagaskar. London: Routledge, Warne and Routledge., გვ. 268. 
  4. Watt, Helga Schutte (undefined NaN). "Ida Pfeiffer: A Nineteenth-Century Woman Travel Writer". The German Quarterly 64 (3): 339-352. .
  5. იდა (ლაურა) პფაიფერის კავკასიაში მოგზაურობის დღიური როგორც საისტორიო წყარო / გიორგი სოსიაშვილი // ქართული წყაროთმცოდნეობა = Georgian Source-Studies. - თბილისი, 2013/2014. - ISSN 1987-9563. - N15-16. - გვ.176-183.