ტაიტი
| მშობ. სახელი: ფრანგ. Tahiti | |
|---|---|
|
ტაიტის სანაპირო | |
| გეოგრაფია | |
|
| |
| მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
| კოორდინატები | 17°25′00″ ს. გ. 149°27′00″ დ. გ. / 17.41667° ს. გ. 149.45000° დ. გ. |
| მთავარი კუნძული | ტაიტი |
| ფართობი | 1046 კმ² |
| უმაღლესი წერტილი |
2241 მ ოროენა |
| უდიდესი ქალაქი | პაპეეტე (მოს. 124 274 (აგლომერაცია)) |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | 191 779 (2022) |
| სიმჭიდროვე | 183,35 ად. /კმ² |

ტაიტი (ფრანგ. Tahiti) — კუნძული წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, საფრანგეთის პოლინეზიაში მდებარე საზოგადოების კუნძულთა ჯგუფში (Îles de la Société). ტაიტი საფრანგეთის პოლინეზიის კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრია. ეს მთაგორიანი კუნძული ვულკანური წარმოშობისაა და შემოსაზღვრულია მარჯნის რიფებით. მოსახლეობა შეადგენს 191 779 ადამიანს (2022),[1] აქ თავს იყრის მთლიანად საფრანგეთის პოლინეზიის მოსახლეობის 68,8 %. ერთადერთი ოფიციალური ენაა ფრანგული, თუმცა ადგილობრივ, ტაიტურ ენაზე მოსაუბრეც საკმაოდ ბევრი მოქალაქეა.
კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს დედაქალაქი პაპეეტე. აქაა ერთადერთი აეროპორტი მთელს რეგიონში, ქალაქის ცენტრიდან 5 კმ-ით მოშორებით.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტაიტი საფრანგეთის პოლინეზიის უდიდესი და უმაღლესი კუნძულია. ჰავაიდან 4400 კმ-ით სამხრეთით მდებარეობს, ჩილედან 7900 კმ-ით დასავლეთით, ხოლო ავსტრალიიდან 5700 კმ-ით აღმოსავლეთით. კუნძულის სიგრძე 45 კმ-ია, ხოლო ფართობი 1045 კმ². უმაღლესი ადგილია ოროენას მთა (2241 მ).
ტაიტის ცენტრალური ნაწილი თითქმის დაუსახლებელია. აქ განსაკუთრებით ბევრი პატარა ნაკადულია.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნოემბრიდან აპრილამდე, ტაიტიზე სველი სეზონია. ყველაზე წვიმიანი თვე იანვარია (335 მმ). უმშრალესი თვეა აგვისტო (48 მმ).
საშუალო წლიური ტემპერატურაა 21 °C - 31 °C. ტემპერატურის ყველაზე დაბალი, რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირებულია 16 °C, ხოლო ყველაზე მაღალი 34 °C.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩვ.წ 300-800 წლებში, ტაიტი დასახლებული იყო პოლინეზიელებით. 1880 წლიდან, ტაიტი საფრანგეთის კოლონიაა, თუმცა 1846 წლამდე ადგილობრივებს საფრანგეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტები არ ეძლეოდათ.
პოლიტიკური წყობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაიტის მაცხოვრებლები საფრანგეთის სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან სრული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით. ოფიციალური ენა ფრანგულია. აღსანიშნავია, რომ 1960-70-იანი წლებში, სკოლებში ტაიტურ ენაზე ლაპარაკიც კი იკრძალებოდა. ამჟამად სიტუაცია შეცვლილია და ტაიტური ენა სკოლებში ცალკე საგნად ისწავლება.
ტაიტი საფრანგეთის პოლინეზიის ნაწილია, ეს უკანასკნელი კი საფრანგეთის ნახევრადავტონომიური ტერიტორიაა, საკუთარი ასამბლეით, პრეზიდენტით, ბიუჯეტით და სამართლით. საფრანგეთის გავლენა ძირითადად სუბსიდიებზე, განათლებასა და უსაფრთხოებაზე ვლინდება.
საფრანგეთის პოლინეზიის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ოსკარ ტემარუ, საფრანგეთისგან სრული დამოუკიდებლობის მომხრეა, თუმცა მის ამ შეხედულებას მოსახლეობის მხოლოდ 20 % იზიარებს.
2006 წლის 26 ივნისს, საფრანგეთის ოკეანიის რიგით მეორე სამიტის მიმდინარეობისას, პრეს-კონფერენციაზე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს დამოუკიდებლობა, შესაძლო რეფერენდუმისთვის ამ საკითხზე, მომავალში გზა ხსნილია.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაიტის მოსახლეობა შეადგენს 191 779 ადამიანს (2022).[1] მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, 70 %-ს შეადგენენ ადგილობრივი პოლინეზიელები. ასევე ცხოვრობენ მეტროპოლიიდან გადმოსახლებული ფრანგები 20 % (ძირითადად პაპეეტეში) და აღმოსავლეთ აზიელები (ძირითადად ჩინელები).
| 1956 | 1962 | 1967 | 1971 | 1977 | 1983 | 1996 | 2002 | 2007 | 2012 | 2017 | 2022 | |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| პაპეეტეს აგლომერაცია | 29 000 | 35 500 | 49 300 | 65 200 | 77 800 | 93 300 | 115 759 | 127 327 | 131 715 | |||
| კუნძული ტაიტი | 37 400 | 45 400 | 61 500 | 75 500 | 95 600 | 115 800 | 150 721 | 169 333 | 178 173 | 183 480 | 189 277 | 191 779 |
| საფრანგეთის პოლინეზია | 76 300 | 84 600 | 98 400 | 110 200 | 137 400 | 166 800 | 219 251 | 244 830 | 259 706 | 274 217 | 275 918 | 278 786 |
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კუნძული ტაიტი შედის ქარსზედა კუნძულების ადმინისტრაციულ დანაყოფში. მისი ტერიტორია შედგება 12 კომუნისაგან:
| № | კომუნა | ფართობი, კმ² | მოსახლეობა,[1] ად. (2022) | მოსახლეობის სიმჭიდროვე, ად./კმ² |
|---|---|---|---|---|
| ქარსზედა კუნძულები | ||||
| 1 | არუა (კუნძულ ტეტიაროას ჩათვლით — 6 კმ²) | 16 | 10 322 | 645,13 |
| 2 | ფაა | 34 | 29 826 | 877,24 |
| 3 | ჰიტია ო ტე რა | 218 | 10 196 | 46,77 |
| 4 | მაინა | 51,6 | 14 623 | 283,39 |
| 5 | პაეა | 65 | 12 756 | 196,25 |
| 6 | პაპარა | 93 | 11 743 | 126,27 |
| 7 | პაპეეტე (დედაქალაქი) | 17,4 | 26 654 | 1531,84 |
| 8 | პირაე | 35 | 14 068 | 401,94 |
| 9 | პუნააუია | 76 | 28 781 | 378,70 |
| 10 | აღმოსავლეთ ტაიარაპუ(კუნძულ მეჰეტიას ჩათვლით — 2,3 კმ²) | 216 | 13 602 | 62,97 |
| 11 | დასავლეთ ტაიარაპუ | 104 | 8371 | 80,49 |
| 12 | ტევა ი იუტა | 120 | 10 837 | 90,31 |
| სულ | 1046 | 191 779 | 183,35 | |
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაიტიზე მდებარეობს ფააას საერთაშორისო აეროპორტი. ძირითადი ადგილობრივი ავიაკომპანიაა ეარ ტაიტი ნუი. გადაადგილების კიდევ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახეობაა ბორანი.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტაიტიზე არსებობს ფრანგული უნივერსიტეტი — საფრანგეთის პოლინეზიის უნივერსიტეტი. სასწავლებელში 2000 სტუდენტი სწავლობს. სასწავლო პროგრამა მრავალფეროვანია, მათ შორისაა სამართალი, ეკონომიკა, მეცნიერება და ლიტერატურა.
სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაიტიში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა რაგბი. ტაიტის რაგბის ნაკრები ჩამოყალიბდა 1989 წელს და უკვე 1994 წელს შეუერთდა რაგბის საერთაშორისო საბჭოს.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტაიტი
- ტაიტის სანაპირო
- აორეს მთა
- ტაიტის აეროპორტი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 Recensement de la population 2022 – La population légale en Polynésie française au 18 août 2022. ISPF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 November 2022. ციტირების თარიღი: 2022-12-12
- ↑ Source pour les données de 1956 à 1983 : Jacques Champaud (éd.), « Croissance urbaine et dépendance économique en Polynésie française », Paris, ORSTOM, 1992, 313 p. (Études et Thèses) ISBN 2-7099-1077-2.
- ↑ Source pour les données de 1996 à 2007 : recensements ISPF-INSEE.