თოიდებერტ I

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თოიდებერტ I
გერმ. Theudebert I
ფრანგ. Thibert Ier ან Théodebert Ier
Theodebert I 534 548 king of Metz.jpg
თოიდებერტ I-ის მონეტა, ბრიტანეთის მუზეუმი
ავსტრაზიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 533/534
მმართ. დასასრული: 548
წინამორბედი: თოიდერიხ I
მემკვიდრე: თოიდებალდი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 500
გარდ. თარიღი: 548
მეუღლე: დეოტერია[1]
ვიზიგარდა[2]
მესამე ცოლი,[2] სახელი უცნობია
შვილები: თოიდებალდი[2]
ბერტორა
დინასტია: მეროვინგები
მამა: თოიდერიხ I

თოიდებერტ I ან თეუდებერტ I (გერმ. Theudebert I.; ფრანგ. Thibert Ier ან Théodebert Ier; დ. 500 — გ. 548) — ავსტრაზიის მეროვინგი მეფე 533 წლიდან 548 წელს მის გარდაცვალებამდე. თოიდერიხ I-ის ვაჟი და თოიდებალდის მამა.

წყაროები[რედაქტირება]

მის შესახებ ჩვენთვის ცნობილი ინფორმაციის ძირითადი ნაწილის წყაროა VI საუკუნის მეორე ნახევარში გრიგოლ ტურელის მიერ დაწერილი ფრანკთა ისტორიები ან ისტორია. ამას გარდა, მოიპოვება ავსტრაზიულ სასამართლოსთან დიპლომატიური მიმოწერა (ცნობილი, როგორც ავსტრაზიული წერილები), ვენანციუს ფორტუნატუსის პოემები, ანგარიშები პროკოპი კესარიელის ნაშრომებიდან[3] და მცირე რაოდენობით სხვა წყაროები.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

მამამისის მმართველობის პერიოდში ახალგაზრდა თოიდებერტი წარმოჩინდა, როგორც კარგი მეომარი. დაახლოებით 516 წელს მან დაამარცხა დანიელთა არმია მეფე კლოკილაიკის (ბეოვულფის ჰიგელაკი) მეთაურობით მათ მიერ ჩრდილოეთ გალიის დარბევის შემდეგ. მისი რეპუტაცია კიდევ უფრო განმტკიცდა მის მიერ სეპტიმანიაში ვესტგუთების წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო კამპანიების შედეგად.[4]

მამის სიკვდილის შემდეგ, თოიდებერტს სამეფო ტახტის მისაღებად ბიძებთან, ხილდებერტსა და ხლოტართან მოუხდა ბრძოლა. საბოლოოდ, მისმა სამხედრო ძალებმა დაარწმუნეს ხილდებერტი უარი ეთქვა დავაზე და მიეღო თოიდებერტი როგორც მისი მემკვიდრე.[4] მათ ერთად წამოიწყეს კამპანია ხლოტარის წინააღმდეგ, თუმცა მათი ჯარების ქარიშხლში მოხვედრის შემდეგ მშვიდობა ითხოვეს.

ფრანკ მეფეებს შორის ურთიერთობის დასტაბილურების შემდეგ, თოიდებერტი ჩათრეული აღმოჩნდა გოთურ ომებში, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე I-მა იტალიაში ოსტგუთების დამორჩილება სცადა. იუსტინიანე თოიდებერტს იდეალურ მოკავშირედ განიხილავდა, რადგანაც ავსტრაზიის მიწები ჩრდილოეთ იტალიაში ოსტგუთებს ესაზღვრებოდა. იმპერატორმა კარგად გადაუხადა თოიდებერტს მისი დახმარებისათვის, თუმცა მეფემ დაამტკიცა, რომ იგი არ იყო სანდო მოკავშირე. ფრანკთა არმიამ იტალიური კონფლიქტი ჩრდილოეთ იტალიის გასაძარცვად და მასზე საკუთარი პრეტენზიების წამოსაყენებლად ხელსაყრელ შანსად მიიჩნია, რის შემდეგაც ბიზანტიელებს ოსტგუთების გარდა ფრანკების წინააღმდეგაც მოუწიათ ბრძოლა.

როგორც ჩანს, თოიდებერტს სიამოვნებდა ევროპულ სცენაზე მისი ძალაუფლების ზრდა. მისი წერილები აჩვენებს, რომ მას პრეტენზიები ჰქონდა ავსტრაზიის მოსაზღვრე მრავალ ტერიტორიაზე, მათ შორის ბიზანტიურ მიწებზეც.[5] რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ფრანკი მეფეები ყოველთვის იჩენდნენ გარკვეულ პატივისცემას ბიზანტიის იმპერატორის მიმართ, თუმცა თოიდებერტმა უარყო საკუთარი, უმცროსი ლიდერის სტატუსი, მაგალითად მან დაარღვია საიმპერიო ჩვეულება საკუთარი ოქროს მონეტების მოჭრით, რომლებზეც მისი გამოსახულება იყო დატანილი. მანამდე ფრანკი მეფეები პატივს სცემდნენ იმპერიულ შეთანხმებას და მიმოქცევაში იყო იმპერატორის გამოსახულებიანი ოქროს მონეტები. ყოველივე ამის გამო, გასაკვირი არაა, რომ ბიზანტიელ ისტორიკოს აგათია სქოლასტიკოსს კონსტანტინოპოლში ჩაეწერა ჭორი, რომლის თანახმადაც, ბიზანტიელები ეჭვობდნენ, რომ თოიდებერტი თრაკიაში შეჭრას გეგმავდა.

იმ პერიოდის სხვა ფრანკი მმართველების მსგავსად, თოიდებერტსაც რამდენიმე ცოლი ჰყავდა როგორც და სადაც მას სურდა. როგორც მამამისის მემკვიდრე, იგი დანიშნული იყო ვიზიგარდაზე, ლანგობარდების მეფის, ვახოს ქალიშვილზე. ამ სახის პოლიტიკური აქტი მეროვინგი მეფეებისათვის იშვიათი იყო. თოიდებერტმა იგი გალო-რომაელი დეოტერიას გამო მიატოვა, რომელსაც სამხრეთ გალიაში კამპანიისას შეხვდა. ვიზიგარდასადმი მისმა მოპყრობამ მისი მომხრეების უკმაყოფილება გამოიწვია, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოსაზრებით და მათ აიძულეს თოიდებერტი მას დაბრუნებოდა, თუმცა ვიზიგარდა მალევე გარდაიცვალა და მეფე ხელახლა დაქორწინდა.

სამხედრო ნიჭთან ერთად, თოიდებერტი თანამედროვეებში ფართოდ იყო ცნობილი გალური ეკლესიისადმი პატრონაჟითაც. გრიგოლ ტურელი ქებას არ იშურებს მისი ყურადღებისათვის; თოიდებერტის ღვთისმოსაობას აღნიშნავს ფორტუნატუსიც.

თოიდებერტი გარდაიცვალა მმართველობის მეთოთხმეტე წელს (547 წლის ბოლოს ან 548 წლის დასაწყისში) და ტახტზე ავიდა თოიდებალდი, მისი ვაჟი დოიტერიასაგან. სხვა მეროვინგი მეფეების მმართველობის გამოცდილებისაგან განსხვავებით, თოიდებერტის ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანი იყო.

სქოლიო[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
თოიდებერტ I
დაიბადა: 500 დაიღუპა: 548
წინამორბედი:
თოიდერიხ I
რეიმსის მეფე
533/534–548
შემდეგი:
თოიდებალდი