თიანეთის მესამე ეკლესია
თიანეთის მესამე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთის ჩრდილო–დასავლეთით, 1 კილომეტრზე, ბოდორჯის სასახლესთან ახლოს (დასავლეთით), 40–50 მეტრ მანძილზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (7,2 x 4,8 მეტრი), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა და კონქი, დანგრეულია სამხრეთი კედლის დიდი ნაწილი, მონგრეულია დასავლეთ კედლის ზედა ნაწილი. ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდან კედლის დასავლეთ ნაწილშია (შემორჩენილია ორივე წირთხლის ქვედა ნახევარი). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, რომელსაც საფეხურებად დამუშავებული რაფა აქვს. სარკმლის ორივე მხარეს თითო კვადრატული ნიშაა. გრძივი კედლების შუა ნაწილში გამოყოფილია თითო პილასტრი, რომლებზეც კამარის სამჯენი თაღი ყოფილა გადაყვანილი. დასავლეთ კედელში შემორჩენილია სარკმლის ქვედა ნაწილი. ამავე კედელზე მოხატულობის რამდენიმე ფრაგმენტია.
ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილზე მიდგმულია პატარა სწორკუთხა (4,7 x 2 მეტრი) სადგომი. რომლისგანაც შემორჩენილია აღმოსავლეთ კედელი (სიმაღლე 1,5 მეტრი) და ჩრდილოეთ კედლის ნაწილი. აღმოსავლეთ კედელში მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელია. სადგომს შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია. ამჟამად დასავლეთ კედელი მთლიანად დანგრეულია და შესასვლელის კვალი არ ჩანს. ეკლესიის მცირეფართობიანი ეზო (ფართობით დაახლოებით 180 კვადრატული მეტრია) გარშემორტყმული ყოფილა გალავნით, რომელიც ამჟამად თითქმის მთლიანად დანგრეულია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 364.