თემურ ყვითელაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თემურ ყვითელაშვილი
Temur Kvitelashvili 2019.jpeg
ყვითელაშვილი 2019 წელს ნიუ-იორკში
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 4 ივლისი, 1960 (1960-07-04) (60 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
  • გიტარისტი
  • კომპოზიტორი
  • მომღერალი
  • არანჟირების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი
აქტიური 1975-დღემდე
ასოციაციები
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი
საიტი temurkvitelashvili.com

თემურ ყვითელაშვილი (დ. 4 ივლისი, 1960, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი თვითნასწავლი ვირტუოზი გიტარისტი,[1][2] მომღერალი, კომპოზიტორი, პედაგოგი და არანჟირების ავტორი, ერთ-ერთი ყველაზე განთქმული და ტიტულოვანი გიტარისტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.[3][4] საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი (1998), თბილისის საპატიო მოქალაქე (2013), გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის რეკორდსმენი (2004), საქართველოს წლის საუკეთესო ინსტრუმენტალისტი (1996).

მისი მუსიკა მოიცავს ჯაზის, როკის კლასიკური მუსიკის, პოპ-მუსიკის, ფლამენკოსა და ქართული ხალხური მუსიკის ელემენტებს.[5][6] მოღვაწეობის პერიოდში ყვითელაშვილმა შეიმუშავა გიტარაზე დაკვრის საკუთარი სტილი.[7] იგი პირველი ქართველი გიტარისტია საქართველოში, რომელმაც დაიწყო ქართული კლასიკური და თანამედროვე მუსიკის დამუშავება და ტრანსკრიპციების შექმნა ელექტრო-გიტარისთვის.[8]

საერთო ჯამში ყვითელაშვილს გამოცემული აქვს 9 სოლო-ალბომი. მის მიერ შესრულებული რამდენიმე კომპოზიცია შესულია მსოფლიოს საუკეთესო გიტარისტების აუდიოკრებულებში.[7]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემურ ყვითელაშვილი დაიბადა 1960 წლის 4 ივლისს თბილისში[9] ქართველი ებრაელების, პავლე ყვითელაშვილისა და ციალა პალტაგაშვილის ოჯახში. დაამთავრა თბილისის #67-ე საჯარო სკოლა 1977 წელს. 1983-1987 წლებში სწავლობდა თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში.[10]

გიტარით ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში დაინტერესდა. გიტარის პირველი გაკვეთილები ძმისგან მიიღო, რომელმაც რამდენიმე აკორდი შეასწავლა მას, ხოლო შემდგომში დაკვრას სრულიად დამოუკიდებლად ეუფლებოდა. მასზე გავლენა მოახდინეს ისეთმა შემსრულებლებმა, როგორებიცაა Deep Purple, Led Zeppelin და ჯიმი ჰენდრიქსი. 1977 წელს გარდაიცვალა მუსიკოსის მამა.[11]

მუსიკალური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი აქტიური მუსიკალური კარიერა იწყება 1975 წლიდან, 15 წლის ასაკში.[12] ამ პერიოდში იგი შეუდგა ქართული კლასიკური და თანამედროვე მუსიკალური ნაწაწმოებების დამუშავებას და ტრანსკრიპციების შექმნას ელექტრო-გიტარისთვის. მან ასევე შექმნა ტრანსკრიპციები და დაამუშავა ელექტრო-გიტარისთვის იოჰან სებასტიან ბახის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, ნიკოლო პაგანინის, ფრანც შუბერტის, ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვის, ფრედერიკ შოპენისა და სხვა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები.[13] ადრეულ პერიოდში იგი თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის ანსამბლში უკრავდა. 1981 წელს პროფტექნიკუმის დამთავრების შემდეგ „დიელოს“ წევრი გახდა.[14] მას შემდეგ იგი რამდენიმე ანსამბლში გამოდიოდა, მათ შორის — „ორერა (1984-1985), „თეატრონი (1986-1987), „ნატვრის ხე (1989-1988) და „ივერია (1988-1994).[15]

თემურ ყვითელაშვილი 1985 წლიდან უკვე ითვლებოდა ერთ-ერთ წამყვან გიტარისტად ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ტერიტორიაზე.[7] იგი პირველი ინსტრუმენტალისტია საქართველოში, რომელმაც 1998 წელს გამართა სოლო კონცერტი თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში.[16] სოლო კარიერის პარალელურად თანამშრომლობდა ცნობილ ინსტრუმენტალისტებთან, ვოკალისტებთან და ჯგუფებთან როგორც საქართველოში, ისე ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, ესენია: თამარ გვერდწითელი, მერაბ სეფაშვილი, სოსო პავლიაშვილი, ნანი ბრეგვაძე, ვახტანგ კიკაბიძე, მაიკლ ანჯელო ბატიო(ინგლისური)ქართ., მედეა ძიძიგური, თამრიკო ჭოხონელიძე, ჯგუფი ალექსეი კოზლოვი და ჯგუფი არსენალი(რუსული)ქართ., ტატიანა ზიკინა და სხვები.[16]

1993-1995 წლებში ყვითელაშვილი იყო მუსიკალურ-ანალიტიკური ტელეგადაცემის „თანამედროვე მსოფლიო საგიტარო ხელოვნების“ ავტორი და წამყვანი, რომელიც გადაიცემოდა საქართველოს საზოგადოებრივ ტელევიზიის მეშვეობით.[16]

მრავალი წლის განმავლობაში იყო და დღემდე არის მსოფლიოში ცნობილი გიტარებისა და მუსიკალური აღჭურვილობის მწარმოებელი ბრენდების სახე.[17] მას ყოველწლიურად იწვევენ ისეთ პრესტიჟულ გამოფენებზე როგორებიც არის: „NAMM Show, „NAMM Musikmesse, „Moscow - Music. სოლო კონცერტებით გასტროლებზე იმყოფებოდა აშშ-ში, კანადა-ში, ინგლისში, ავსტრალიაში, იაპონიაში, სამხრეთ აფრიკაში, საფრანგეთში, ისრაელშ, ავსტრიაში, ბელგიაში, შვედეთში, რუსეთში, გერმანიაში, უკრაინაში, ყაზახეთში, ბალტიისპირეთსა და სხვა მრავალ ქვეყანაში.[10] გარდა ამისა, სოლო კონცერტები აქვს ჩატარებული ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში როგორებიცაა: კარნეგი-ჰოლი, Birdland, The Baked Potato, La Ve Lee, Дом Музыки, Iridium და ა.შ.[18] სპეციალური სტუმრის სტატუსით გამოდიოდა მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან ერთად, რომელთა შორისაცაა ალან ჰოლდსუორთი, ლეს პოლი, მაიკლ ანჯელო ბატიო, სკოტ ჰენდერსონი და ტომი ემანუელი.[10]

2004 წელს თემურ ყვითელაშვილის სახელი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც გიტარისტი, რომელმაც 30 საათი თითქმის უწყვეტად დაუკრა.[19] ყვითელაშვილი ერთადერთი გიტარისტია პოსტ-საბჭოთა სივრცეში, რომელიც შევიდა 2005 წელს ბრიტანულ ლეიბლ Liquid Records-ზე გამოსულ კრებულში „მსოფლიოს საუკეთესო გიტარისტები“.[20]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წელს თემურ ყვითელაშვილი დაქორწინდა ლანა ფელდმანზე, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალერინა იყო.[21] იმავე წელს მათ შეეძინათ ქალიშვილი მაია, რომელიც პროფესიით იურისტია, ხოლო 1998 წელს შეეძინათ ვაჟი თემური, რომელიც მამის მსგავსად დაკავებულია მუსიკით და სწავლობს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. გარდა ამისა, დაკავებულია სპორტითაც.[14]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემურ ყვითელაშვილი სხვადასხვა პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. 1994 წელს ჰოლივუდში გამართულ გიტარისტთა კონკურსზე მუსიკოსმა ალან ჰოლდსუორთმა ყვითელაშვილი ფიუჟენის ნომინაციაში წლის საუკეთესო გიტარისტად დაასახელა.[22] 1996 წელს იგი საქართველოს წლის საუკეთესო ინსტრუმენტალისტად დაასახელეს.[23] 1998 წელს საგიტარო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვისა და მუსიკის სფეროში დამსახურებისთვის საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.[3] 2013 წელს თბილისისა და ახალციხის საპატიო მოქალაქეების წოდება მიენიჭა.[24][25] 2018 წელს ისრაელის სახელმწიფოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდა, ხოლო 2019 წელს — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით.[7]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1991 — „Nostalgia“
  • 1992 — „Classic — Jazz — Rock“
  • 1996 — „The Land Of Flowers“
  • 2002 — „I'M From Georgia“
  • 2005 — „Temur Kvitelashvili“
  • 2007 — „Alchimik II“ (კრებული)
  • 2010 — „Made In Georgia“
  • 2011 — Live at Tbilisi Concert Hall (DVD და CD)
  • 2013 — „My Tbilisi“
  • 2018 — „Live 55

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თემურ ყვითელაშვილი - მუსიკოსი (გიტარისტი). Akastudio.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აგვისტო, 2020. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო, 2020.
  2. Темур Квителашвили. Mamakabo.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 თებერვალი, 2020. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო, 2020.
  3. 3.0 3.1 Биография Темура Квителашвили. Noutmag.ru (7 ოქტომბერი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აგვისტო, 2020. ციტირების თარიღი: 8 აგვისტო, 2020.
  4. Темур Квителашвили. Jazzmap.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივლისი, 2018. ციტირების თარიღი: 8 აგვისტო, 2020.
  5. The most celebrated contemporary Georgian musicians and performers. "Georgian Journal” (4 სექტემბერი, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 აგვისტო, 2020. ციტირების თარიღი: 10 აგვისტო, 2020.
  6. ბაია ძაგნიძე. (21 იანვარი, 2018) 8 Famous Musicians You Had No Idea Were Georgian. „Culture Trip“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აგვისტო, 2020. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო, 2020.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 თემურ ყვითელაშვილის მოკლე ბიოგრაფია. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო, 2020.
  8. Темур Квителашвили. Guitarre.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ოქტომბერი, 2011. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო, 2020.
  9. Temur Kvitelashvili: Guitar-Player. Georgien.Blogspot.com (1 აპრილი, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აგვისტო, 2020. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო, 2020.
  10. 10.0 10.1 10.2 რუსუდან ქუთათელაძე, მზია ჯაფარიძე, ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. — თბილისი: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, 2016. — 608 გვ . — ISBN 9789941083235
  11. უკომპრომისო თემურ ყვითელაშვილის „კაცობის თეზისები”. Ambebi.ge (5 თებერვალი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 აგვისტო, 2020.
  12. Темур Квителашвили, гитарист-виртуоз: «Я никогда не уважал человека, если он просто талантлив». 116.ru (3 თებერვალი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აგვისტო, 2020. ციტირების თარიღი: 10 აგვისტო, 2020.
  13. ლაშა გაბუნია. (13 სექტემმბერი, 2011) თემურ ყვითელაშვილის კლასიკა, ჯაზი და როკი. „ანარეკლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აგვისტო, 2020. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო, 2020.
  14. 14.0 14.1 "თემურ ყვითელაშვილის მსოფლიო და თბილისი". „Radisson Blue“ („ანარეკლი“) (11). 2013-2014. დაარქივებულია ორიგინალიდან 17 აგვისტო, 2020-ში. https://web.archive.org/web/20200817101248/https://anarekly.blogspot.com/2014/02/blog-post.html?m=0. წაკითხვის თარიღი: 10 აგვისტო, 2020.
  15. თემურ ყვითელაშვილი დღეს 58 წლის გახდა. GHN.ge (4 ივლისი 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აგვისტო, 2020. ციტირების თარიღი: 9 აგვსიტო, 2020.
  16. 16.0 16.1 16.2 Темур Квителашвили. Worldelectricguitar.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 დეკემბერი, 2019. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო, 2020.
  17. Темур Квителашвили: „Москва для меня очень близкий город“. Kartvelebi.ru (8 აგვისტო, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აგვისტო, 2020. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო, 2020.
  18. თემურ ყვითელაშვილი დღეს ახალი ალბომის პრეზენტაციას გამართავს. „ინტერპრესნიუსი“ (27 მარტი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 აგვისტო, 2020. ციტირების თარიღი: 10 აგვისტო, 2020.
  19. გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი მოსკოვში კონცერტს გამართავს. Sputnik-Georgia.com (11 სექტემბერი, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 აგვისტო, 2020. ციტირების თარიღი: 10 აგვისტო, 2020.
  20. Т. Квителашвили - Лучший гитарист мира. People.ru (22 ოქტომბერი, 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მაისი, 2019. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო, 2020.
  21. თემურ ყვითელაშვილის შვილის ვირტუოზული შესრულება – „ჩემი შვილი მუსიკით ცხოვრობს“. „სარკე“ (2 აპრილი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 აგვისტო, 2020. ციტირების თარიღი: 10 აგბისტო, 2020.
  22. На все струны мастер — Грузинский виртуоз выступил в Москве. „Komersant.ru (06 მაისი, 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აგვისტო, 2020. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო, 2020.
  23. Темур Квителашвили. gruzinskij.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 დეკემბერი, 2019. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო, 2020.
  24. თბილისის საპატიო მოქალაქეები. თბილისის მერიის ოფიციალური საიტი. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო, 2020.
  25. მუნიციპალიტეტის გამოჩენილი და საპატიო მოქალაქეები. ახალციხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აგვისტო, 2020. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო, 2020.