კარნეგი-ჰოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარნეგი-ჰოლი

კარნეგი-ჰოლი (ინგლ. Carnegie Hall) — საკონცერტო დარბაზი ნიუ-იორკში. აშენდა ფილანტროპ ენდრიუ კარნეგის მიერ 1890 წელს და ის აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაწესებულებაა როგორც კლასიკური, ისე პოპულარული მუსიკისთვის, ასევე განთქმული მისი სილამაზით, ისტორიითა და საუცხოო აკუსტიკით. კარნეგი-ჰოლს აქვს საკუთარი სამხატვრო-საშემსრულებლო პროგრამა, განვითარებისა და მარკეტინგის განყოფილებები და ყოველ სეზონზე დაახ. 100 წარმოდგენას მართავს; მისი დარბაზები ასევე ქირავდება საშემსრულებლო ჯგუფებისთვის. მას საკუთარი რეზიდენტი კომპანია არა ჰყავს.

კარნეგი-ჰოლი მდებარეობს მეშვიდე ავენიუსა და 57-ე ქუჩის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში, ცენტრალური პარკიდან ორ ბლოკში. ერთი ძალიან ძველი ხუმრობა კარნეგი-ჰოლის ფოლკლორის განუყოფელ ნაწილად იქცა: შეკითხვა: "როგორ შეიძლება კარნეგი-ჰოლში მოხვედრა?", პასუხი: "პრაქტიკა, პრაქტიკა, პრაქტიკა".

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარნეგი ჰოლის მიმდებარე ქუჩა

კარნეგი-ჰოლი შედგება სამი ერთმანეთისგან განსხვავებული შენობისაგან და მისი შიდა სტრუქტურაც საკმაოდ დახლართული და დამაბნეველია. აქ სამი ძირითადი აუდიტორიუმია: მთავარი ჰოლი, სარეპეტიციო ჰოლი და სასულერო მუსიკის ჰოლი.

მთავარი ჰოლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შტერნის აუდიტორიუმი, ხუთ-იარუსიანი, 2.804 ადგილით, ვიოლინისტი ისააკ შტერნის სახელს ატარებს.

მთავარ ჰოლს მნახველი აღტაცებაში მოჰყავს მისი თბილი, ცოცხალი აკუსტიკითა და ხშირია კრიტიკოსთა წუხილი იმის თაობაზე, რომ ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრი ლინკოლნის ცენტრში მართავს წარმოდგენებს მისი ყოფილი ბინის - კარნეგი-ჰოლის ნაცვლად. ისააკ შტერნს ეკუთვნის ფრაზა: "ჰოლი თავადაა ინსტრუმენტი, ის იღებს იმას რასაც შენ ქმნი და იგი ცხოვრებაზე უფრო მაღლა აჰყავს."

მთავარი ჰოლი წარმოუდგენლად მაღალია, და ზედა აივნის მაყურებლებს იქ მოსახვედრად 105 საფეხურის ასვლა უწევთ. ზედა დონის გარდა ყველა იარუსზე მისვლა შესაძლებელია ლიფტითაც.

ჰოლის აგების შემდეგ მსოფლიო კლასიკური მუსიკის თითქმის ყველა უდიდეს შემსრულებელს მთავარ აუდიტორიუმში კონცერტი გაუმართავს და დარბაზის ლობი მორთულია ხელმოწერილი პორტრეტებითა და მემორაბილიით.

მცირე დარბაზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზანკელის ჰოლი, 599 ადგილით, ჯუდი და ართურ ზანკელების სახელს ატარებს. ეს აუდიტორიუმი 1898 წლდან გაქირავებული იყო, 1959 წელს კინოდარბაზად გადაკეთდა, ხოლო 1997 წელს კი მთავარ დანიშნულებას დაუბრუნდა. ახლად გარემონტებული ჰოლი 2003 წლის სექტემბერში გაიხსნა.
  • ვეილ რესიტალ ჰოლი, 268 ადგილით, სენფორდ ვეილის სახელს ატარებს, რომელიც კარნეგი-ჰოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. 1881 წელს გახსნის შემდეგ დანიშნულებისამებრ გამოიყენება.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარნეგი-ჰოლის პროექტი შესრულებულია ყავისფერი ქვის აგურით იტალიური რენესანსის სტილში უილიამ ბარნეტ ტატჰილის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელი შედარებით უცნობია, შენობის არქიტექტურის წარმატება უმეტესწილად მისი დამსახურებაა.

კარნეგი ჰოლი ერთ-ერთი ბოლო შენობაა ნიუ-იორკში, რომელიც სრულიად ქვითაა ნაგები, ლითონის კარკასის გარეშე. თუმცა მე-20 საუკუნეში სტუდიოებისთვის საჭირო ფართის დამატებისას შენობის გარკვეულ სეგმენტებს ლითონის ჩონჩხიც დაემატა. ფასადი შესრულებულია ვიწრო რომაული აგურით, ძირითადად ოხრის ფერში, ტერაკოტასა და ყავისფერი ქვის დეტალებით. ფოიეში არქიტექტორმა თავი აარიდა თანამედროვე ბაროკოს თეატრალურობას ფილიპო ბრუნელესკის პაცის კაპელის მსგავსი ფლორენციული რენესანსის მანერით: თეთრი შპაკლი (?) და რუხი ქვა ჰარმონიულ სისტემას ქმნის მომრგვალებული არკებითა და კორინთული საყრდენებით უწყვეტი კარნიზის ქვეშ, რომელსაც თავის მხრივ მომრგვალებული ლუნეტები დასდევს ოვალური თაღოვანი ჭერის ქვეშ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარნეგი ჰოლ ტაუერი

კარნეგი-ჰოლს სახელი ენდრიუ კარნეგის პატივსაცემად დაერქვა, რომელმაც ნაგებობისთვის საჭირო თანხები გაიღო. თავდაპირველად ჰოლი დანიშნული იყო ნიუ-იორკის სიმფონიური ორკესტრისთვის, რომელსაც კარნეგი ასევე მფარველობას უწევდა. მშენებლობა 1890 წელს დაიწყო ისააკ ჰოპერის კომანიის მიერ. ოფიციალური გახსნის ღამედ ითვლება 1891 წლის 5 მაისი კონცერტით, რომელსაც დირიჟორობდა მაესტრო პეტრე ჩაიკოვსკი. მუშაობა შენობაზე 1897 წლამდე გრძელდებოდა.

შენობა კარნეგის ოჯახის მფლობელობაში იყო 1924 წლამდე. ამ წელს კარნეგის ქვრივმა შენობა უძრავი ქონების დეველოპერს რობერტ საიმონს მიჰყიდა. საიმონის გარდაცვალების შემდეგ მისმა ვაჟმა იგი ნიუ-ოირკის ფილარმონიას შესთავაზა, თუმცა ამ უკანასკნელმა ლინკონლის ცენტრში გადასვლის მიზეზით შემოთავაზება უარყო. 1960 წლისთვის შენობას დანგრევას უპირებდნენ და მის ადგილას კომერციული ცათამბჯენის აგება იგეგმებოდა. ისააკ შტერნის მეთაურობით შექმნილი ჯგუფის ზეწოლით ქალაქმა შენობა $5 მილიონად შეისყიდა და საქვემლოქმედო ორგანიზაციას მიაქირავა. 1964 წელს შენობას ნაციონალური ისტორიული ლენდმარკის სტატუსი მიენიჭა. 1983 და 1995 წლებში შენობას ძვირადღირებული რემონტი ჩაუტარდა ჯეიმზ პოლშეკისდიზაინით.

აღდგენით სამუშაოებს დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, ვინაიდან 1986 წელს სამუშაოების დასრულების შემდეგ მაყურებლები ჩიოდნენ, რომ შენობის განთქმული აკუსტიკა განადგურებული იყო. რემონტის გამტარებელი ოფიციალური მხარეები ამგვარ დარღვევას უარყოფდნენ ცხრა წლის განმავლობაში. თუმცა 1995 წელს პრობლემის მიზეზს მიაკვლიეს, რაც სცენის ქვეშ დარჩენილი ბეტონის ძელი აღმოჩნდა.

კარნეგი-ჰოლის ლენდმარკის სტატუსის მიუხედავად მისი კომერციულ შენობად გადაქცევის გეგმა მთლიანად უკუგდებული არ ყოფილა. 1987-89 წლებში იმავე ბლოკში აიგო 60 სართულიანი საოფისე შენობა "კარნეგი-ჰოლ ტაუერი". 2003 წელს ქალაქის გეგმით ნიუ-იორკის ფილარმონია 2006 წლისთვის კარნეგი-ჰოლში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა მოგვიანებით ეს გეგმა უკუკდებულ იქნა.

არქივები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1986 წელს საზოგადოებისთვის მოულოდნელად ცნობილი გახდა რომ კარნეგი ჰოლს არქივი არასდროს ჰქონია. ამგვარად ცენტრალიზებული საარქივო განყოფილების გარეშე კარნეგი-ჰოლის დოკუმენტური ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი გაფანტული იყო. პრესაში გავრცელდა ისტორიები იმის შესახებს, რომ კარნეგი ჰოლის თანამშრომლები მისი ისტორიის აღდგენას შენობის სარდაფებსა და სხვენებზე ცდილობდნენ, რამაც უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა საზოგადოებისგან — ძველი პროგრამები, რომელსაც ხალხი რელიქვიად ინახავდა, მთელი მსოფლიოდან იგზავნებოდა ჰოლის არქივის აღდგენაში დახმარების მიზნით. ამგვარად მოძიებულ იქნა უამრავი მასალა, მათ შორის 12.000 პროგრამა, რამაც საშუალება მისცა არქივს ხელახლა შეეკოწიწებინა კარნეგი-ჰოლის მთელი ისტორია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]