შინაარსზე გადასვლა

ლადო მალაზონია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვლადიმერ მალაზონია)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მალაზონია (მრავალმნიშვნელოვანი).
ლადო მალაზონია
სრული სახელი ვლადიმერ გიორგის ძე მალაზონია
დაიბადა 24 იანვარი, 1900
დაბადების ადგილი ოზურგეთი
გარდაიცვალა 1985
გარდაცვალების ადგილი ოზურგეთი
ეროვნება ქართველი
სფერო მხატვრობა
მომზადება თბილისის სამხატვრო აკადემია (1919-1924)
ჯილდოები საქ. სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1955)

ვლადიმერ (ლადო) გიორგის ძე მალაზონია (დ. 24 იანვარი, 1900, ოზურგეთი1985, ოზურგეთი) — ქართველი მხატვარი, ცნობილია გურიისა და ოზურგეთის პეიზაჟებით. მეტწილად მუშაობდა აკვარელის საღებავითა და გუაშით. მისი პეიზაჟები ისტორიულ-ეთნოგრაფიული მნიშვნელობისაა. მალაზონიას ნახატები დაცულია საქართველოს სახვითი ხელოვნების ფონდსა და ოზურგეთის მუზეუმში.

ლადო მალაზონია დაიბადა 1900 წელს ხელოსან გიორგი მალაზონიას ოჯახში. გიორგი სოფელ მამათიდან იყო, დედა - ლიზა ლომთაძე კი მელექედურიდან. მალაზონიას ნათლიები იყვნენ ილარიონ მელუა და მწერალი ნინო ნაკაშიძე, რომლებმაც ის 1902 წელს მელექედურში მონათლეს. 1911 წელს მიაბარეს სასწავლებლად ოზურგეთის სასწავლებელში. სასწავლებლიდან მალაზონია სხვა მოსწავლეებთან ერთად გარიცხეს 1917 წლეს ნკედლიდან ნიკოლოზ II-ის ფოტოს ჩამოგდებისთვის. ერმილე და იტა ნაკაშიძეებმა მალაზონია თბილისში წაიყვანეს. მალაზონია მათთან 1921 წლამდე ცხოვრობდა, შემდეგ კი ილია და ნინო ნაკაშიძეებთან გადავიდა.

ნინო ნაკაშიძემ იცოდა ლადოს მისწრაფება მხატვრობისადმი და ის სასწავლებლად ჰენრიხ ჰრინევსკის მიაბარა. მალაზონიამ და მისმა თანამოაზრეებმა ანტონ ქუთათელაძემ, შალვა მამალაძემ და სხვებმა სწავლას სტუდიური მუშაობაც შეუთავსეს და 1918-1919 წლებში ელბაქიძის დაღმართზე, მზარეულ გაბრიჩიძის სახლში (N21) ჩამოაყალიბეს სტუდია. ახალგაზრდებმა სტუდიის კედელი მოხატეს, რაც ისე მოსწონებია სახლის მეპატრონე გაბრიჩიძეს, რომ მათთვის ბინის ქირა აღარ გამოურთმევია. 1919 წელს მალაზონიამ სწავლა განაგრძო ახალდაარსებულ თბილისის სამხატვრო აკადემიაში. აქ ის 1924 წლამდე სწავლობდა.

1924 წელს მალაზონია დაბრუნდა ოზურგეთში და დაიწყო მუშაობა ოზურგეთის დრამატული თეატრის მთავარი მხატვარის თანამდებობაზე. თეატრში მუშაობის გამოცდილება მას ჯერ კიდევ 1918 წლიდან ჰქონდა, როცა არდადეგებზე ოზურგეთში ჩამოსულმა სტუდენტმა მიხეილ ჭიაურელის დადგმულ სპექტაკლ „სულელის“ მხატვრობაზე იმუშავა. 1925 წელს მან პერსონალური გამოფენა მოაწყო. მისი სურათების გამოფენა, რომელიც ოზურგეთში გაიმართა იყო პირველი სამხატვრო გამოფენა გურიაში. ახალგაზრდა მალაზონიას გამოფენას დიდი წარმატება ჰქონდა. 1928 წელს მალაზონიამ ცოლად შეირთო სოფელ კახურის მღვდლის, ამფილოს ქალიშვილი მარგალიტა არობელიძე. წყვილს სამი ვაჟი ნოდარი, ლევანი და მამია ჰყავდა. 1934 წელს მოეწყო მისი ნაწარმოებების მეორე გამოფენა. 1942-45 წლებში იყო თეატრის დირექტორი და მთავარი მხატვარი.

1955 წელს მიენიჭა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1968 წელს თბილისში მისი მესამე გამოფენა გაიმართა. გარდაიცვალა 1985 წელს. დაკრძალულია ექადიის ჯვართამაღლების ტაძრის ეზოში. 2013 წელს ოზურგეთის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა მისი სახელი.

  • გ. კალანდია, „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბ., 2014, გვ. 56

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]