ვლადიმერ დეკანოზოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვახტანგ ლოლაძე
ვახტანგ ლოლაძე
საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 აპრილი, 1953 – 9 ივლისი, 1953
წინამორბედივარლამ კაკუჩაია
მემკვიდრეალექსი ინაური

თანამდებობაზე ყოფნის დრო
აგვისტო, 1936 – 16 ნოემბერი, 1938

დაბადებული15 ივნისი, 1898
ბაქო, ბაქოს გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი23 დეკემბერი, 1953
მოსკოვი, რსფსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირი
ეროვნებაქართველი

ვლადიმერ გიორგის ძე დეკანოზოვი (დეკანოზიშვილი; დ. 15 ივნისი, 1898, ბაქო, ბაქოს გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 23 დეკემბერი, 1953, მოსკოვი, რსფსრ) — საბჭოთა კავშირის პოლიტიკური და უშიშროების სამსახურების მოღვაწე, დიპლომატი. ჰქონდა სახელმწიფო უშიშროების III რანგის კომისრის (1938), გენერალ-ლეიტენანტის (1945) და საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის (1943) წოდებები. რეპრესირებული იყო ლავრენტი ბერიას საქმესთან დაკავშირებით.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვლადიმერ დეკანოზოვი დაიბადა 1898 წლის 15 ივნისს ბაქოში, ნავთობის სამმართველოს კონტროლიორის, გიორგი დეკანოზიშვილის ოჯახში. 1914 წელს დაამთავრა ბაქოს პირველი გიმნაზიის 5 კლასი, 1916 წელს — ტფილისის პირველი გიმნაზია, 1917-1919 წლებში სწავლობდა სარატოვისა და ბაქოს უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტებზე.

1918 წლის მარტიდან სექტემბრამდე იმყოფებოდა კავკასიის წითელი არმიის მე-6 მსუბუქი სამთო ბატალიონის რიგითად. 1918 წლის სექტემბრიდან 1919 წლის მაისამდე იყო ბაქოს ნავთობის სააქციზო სამმართველოს მე-5 მონაკვეთის კონტროლიორი. 1918 წელს მუშაობდა ბაქოს იატაკქვეშა ორგანიზაციაში, 1919 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე იყო ბაქოს მუსავატელთა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამედიცინო რაზმის უფროსი, 1919 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე – ბაქოს ნავთობის სააქციზო სამმართველოს მე-2 მონაკვეთის უმცროსი კონტროლიორი, 1920 წლის იანვრიდან აპრილამდე – აზერბაიჯანის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საექსპედიციო რაზმის პრაქტიკანტი განჯაში დახმარების აღმოჩენის საქმეში.

1920 წლის მაისში დეკანოზოვი ბოლშევიკური პარტიის წევრი გახდა. 1920 წლის ივნისიდან 1921 წლის ივნისამდე იყო ბაქოში, მე-11 არმიის მე-20 დივიზიის სპეცრაზმის უფროსი. 1921 წელს მუშაობდა აზერბაიჯანის საგანგებო კომისიის ბანდიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების რწმუნებულად, ასევე ამავე კომისიის ეკონომიკური განყოფილების რწმუნებულად, სადაც დაუახლოვდა ლავრენტი ბერიას და შემდგომში მუდამ სარგებლობდა მისი მფარველობით. 1921-1922 წლებში იყო აზერბაიჯანის საგანგებო კომისიის ჯერ ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილე, შემდეგ საიდუმლოოპერატიული ნაწილის მდივანი, 1922 წლის ნოემბრიდან 1926 წლის დეკემბრამდე — ამიერკავკასიისა და საქართველოს საგანგებო კომისიის საიდუმლო-ოპერატიული ნაწილის მდივანი, 1926 წლის 20 დეკემბრიდან 1927 წლის 17 აპრილამდე — გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ამიერკავკასიის სფსრ-ის სრულუფლებიანი წარმომადგენლობისა და საქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს საერთო-ადმინისტრაციული ნაწილის უფროსი, 1927 წლის 16 მაისიდან ივლისამდე — გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ამიერკავკასიის სფსრ-ის სრულუფლებიანი წარმომადგენლობისა და საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს საიდუმლო განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების უფროსი, 1927 წლის ივლისიდან ოქტომბრამდე — საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის პასუხისმგებელი ინსტრუქტორი, 1927 წლის ოქტომბრიდან 1928 წლის 28 იანვრამდე საქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თანამშრომელი, 1928 წლის 28 იანვრიდან 1929 წლის 21 თებერვლამდე — გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის სრულუფლებიანი წარმომადგენლობისა და საქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს საიდუმლო განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების უფროსი, 1929 წლის 21 თებერვლიდან 1931 წლის 17 აპრილამდე — საქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ეკონომიკური განყოფილების უფროსი, 1931 წლის 17 აპრილიდან 1932 წლის 29 იანვრამდე — გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ამიერკავკასიის სფსრ-ის სრულუფლებიანი წარმომადგენლობისა და ამიერკავკასიის სფსრ-ის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ეკონომიკური განყოფილების უფროსი. 1931 წლის 26 დეკემბრიდან 1932 წლის 6 მაისამდე დეკანოზოვი მუშაობდა საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის მდივნად ტრანსპორტის დარგში, 1932 წლის 8 იანვრიდან 1934 წლის თებერვლამდე — საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის მდივნად მომარაგების დარგში, 1933 წლის ივნისიდან 1934 წლის თებერვლამდე — საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის მდივნად ტრანსპორტის დარგში. 1934 წლის 27 თებერვლიდან 1936 წლის ოქტომბრამდე იყო საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის საბჭოთა ვაჭრობის განყოფილების გამგე, 1936 წლის აგვისტოდან 1938 წლის 16 ნოემბრამდე — საქართველოს სსრ კვების მრეწველობის სახალხო კომისარი, 1937 წლის 19 მარტიდან 1938 წლის 16 ნოემბრამდე — საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, 1937 წლის 21 მარტიდან 1938 წლის ნოემბრამდე — საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად ლავრენტი ბერია დაინიშნა, ვლადიმერ დეკანოზოვი 1938 წელს მოსკოვში გადაიყვანეს. 1938 წლის 2 დეკემბრიდან 1939 წლის 13 მაისამდე ის მუშაობდა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს მე-5 (დაზვერვის) განყოფილების უფროსად, 1938 წლის 17 დეკემბრიდან 1939 წლის 13 მაისამდე ასევე იყო საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე და ამავე სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსი. ამ პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა ეჟოვის მომხრეების ლიკვიდაციასა და საბჭოთა არმიის წმენდაში.

1938 წლის 2 დეკემბერს მიენიჭა სახელმწიფო უშიშროების მესამე რანგის კომისრის წოდება.

1939 წლის 4 მაისიდან 1946 წლის 15 მარტამდე ვლადიმერ დეკანოზოვი იყო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე (1946 წლის 21 მარტიდან 1947 წლის 19 მარტამდე — მინისტრის მოადგილე). აქ იგი ხელმძღვანელობდა ბალტიისპირეთის შემოერთებას. 1940 წლის 24 ნოემბერს დაინიშნა საბჭოთა კავშირის ელჩად გერმანიაში, სადაც 1941 წლის ივნისში გერმანიის მოსალოდნელი თავდასხმის პერიოდში უშედეგოდ ცდილობდა აუდიენციას ჰიტლერთან. 1941 წლის 22 ივნისს, დილის 4 სთ-ზე, რაიხსმინისტრმა რიბენტროპმა მას გადასცა ნოტა გერმანიის მიერ ომის გამოცხადების შესახებ. გერმანიის მთავრობამ მოახდინა დეკანოზოვის და საელჩოს პერსონალის ინტერნირება და შემდეგ საბჭოთა-თურქეთის საზღვარზე ისინი მოსკოვში დაკავებულ გერმანელ დიპლომატებზე გაცვალა. შემდეგ დაბრუნდა მოსკოვში და მუშაობა განაგრძო საგარეო საქმეთა სამინისტროში. 1943 წლის 14 ივნისს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის წოდება. იმავე წელს ვლადიმერ დეკანოზოვმა გენერალ-მაიორის სამხედრო ჩინიც მიიღო. 1947 წლის 29 სექტემბერს დაინიშნა საკავშირო მინისტრთა საბჭოსთან არსებული საზღვარგარეთ საბჭოთა ქონების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილედ. ამ თანამდებობაზე 1949 წლის 29 სექტემბრამდე მუშაობდა.

1952 წლის 24 ივნისიდან 1953 წლის აპრილამდე საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებული რადიომაუწყებლობის კომიტეტის წევრი იყო. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, 1953 წლის 15 აპრილიდან 9 ივლისამდე (თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს სსრ კპ ცკ-ის ბიუროს 1953 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით) ვლადიმერ დეკანოზოვი საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

1953 წლის 30 ივნისს ლავრენტი ბერიას დაპატიმრების შემდეგ, როგორც „ბერიას ბანდის წევრი“, დააპატიმრეს. იმავე წლის 23 დეკემბერს საბჭოთა კავშირის უმაღლესმა სასამართლომ მას სასჯელის უმაღლესი ზომა (ქონების კონფისკაციით და წოდებებისა და ჯილდოების ჩამორთმევით) — დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს იმავე დღეს. ფერფლი დაკრძალეს ნოვოდონსკის სასაფლაოზე. 2000 წელს მის ნათესავებს რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ რეაბილიტაციაზე უარი უთხრა.

ვლადიმერ დეკანოზოვი იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს I-II მოწვევების დეპუტატი. საკავშირო კპ (ბ) მე-18 პარტკონფერენციაზე არჩეულ იქნა საკავშირო კპ (ბ) ცკ-ის წევრად.

ჯილდოები და მედლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]