ვახტანგ გორგასლის მოედანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვახტანგ გორგასლის მოედანი

ვახტანგ გორგასლის მოედანი
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი კრწანისის რაიონი
წინა სახელები ციხის მოედანი, ქვემო მეიდანი, თათრის მაიდანი, მაიდანი

ვახტანგ გორგასლის მოედანი — მოედანი თბილისში, კრწანისის რაიონში (კალა). მეტეხის ხიდისა და ჟან შარდენის, კოტე (კონსტანტინე) აფხაზისა, ჰოვანეს თუმანიანისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებს შორის. ვახტანგ I გორგასლის სახელი ეწოდა1958 წელს. თბილისის ძველთაძველი სავაჭრო მოედანი ცნობილია XVII საუკუნიდან. მდებარეობს ქალაქის ორ უძველეს ნაწილს — აბანოთუბანსა და კალას შორის, ხოლო მეტეხის ხიდით დაკავშირებულია მესამე ძველ უბანთან — ისანთან.

მოედანი რამდენიმე სახელითაა ცნობილი: თავდაპირველად, დაბლა ციხესთან სიახლოვის გამო, ერქვა ციხის მოედანი (ასეა დატანილი ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ თბილისის 1735 წლის გეგმაზე). 1750 , ქალაქისა და ციხის გამყოფი კედლის აღების შემდეგ, იხსენიება როგორც ქვემო მეიდანი, მეიდანი (შეტანილია 1841 წლის შედგენილმ ქუჩებსა და მოედნების სიაში, თათრის მაიდანი (დატანილია თბილისის 1851, 1867, 1897, 1934 წლების გეგმებზე), მაიდანი (ასეა შეტანილი თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში; ასევეა თბილისის ქუჩების 1940 წლის ცნობარშიც).

მაიდანი ბაზრით. მხატვარი გ. გაგარინი, 1847
თათრის მოედანი. დ. ერმაკოვის ფოტო, 1896 წ.

იყო კალის სამხედრო (აქ იმართებოდა სამხედრო აღლუმები), საზოგადოებრივი და სავაჭრო ცენტრი. ყოველდღიური ბაზრობის გარდა აქ ეწყობოდა საკვირაო და სადღესასწაულო ბაზრობაც, სადაც ქარავნები აღმოსავლეთი ქვეყნებიდანავ ჩამოდიოდნენ. მოედნის შუაში გამართულ ჩარდახში იდგა დიდი სასწორი — აქედან ხდებოდა პროდუქტების გადანაწილება ბაზრის ტერიტორიაზე („აოფლიდან მნოასული საქონელი ჯერ ქალაქის მცხოვრებლებს უნდა ეყიდათ და შემდეგ — ქორვაჭრებს“. იოსებ გრიშაშვილი). მოედნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში შადრევნიანი წყალსატევი იყო (იარსება XIX დასასრულამდე), რომელშიც კერამიკული მილებით ჩაედინებოდა თაბორის ქედის კალთებიდან გამოყვანილი წყაროს წყალი. მოედანზევე იყო სამეფო დუქნები, ყავახანები, სასადილოები (აშპაშხანა). მოედნის რეკონსტრუქცია დაიწყო XX საუკუნის 20-იან წლებში ყოფილი შუა ბაზრის (ახლანდელი კოტე აფხაზის ქუჩა) გაფართოებასა და კეთილმოწყობასთან დაკავშირებით. შემდეგი რეკონსტრუქციის დროს (1940-1950) მოედანი გაიხსნა მტკვრის მხარეს. რეკონსტრუქციის შედეგად მოისპო მეტად კოლორიტული განაშენიანება მეტეხის ხიდის გარშემო — შაჰ-ისმაილის მეჩეთი (XVI –XVIII საუკუნეები) და მინარეთი, ქარვასლა, შეკიდებულაივნიანი სახლები, რომელთა პირველი სართულები სავაჭროებს ჰქონდა დათმობილი.

ამჟამად მოედანი საკმაოდ გადატვირთულიმნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია. ძველი მოედნის კოლორიტი ასახულია მრავალ დოკუმენტსა თუ მხატვრულ ნაწარმოებში (ჟან შარდენი, ჟოზეფ პიტონ დე ტურნეფორი, გრიგოლ გაგარინი და სხვა).

ვახტანგ გორგასლის I შესახვევი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახტანგ გორგასლის I შესახვევი — შესახვევი (ხარფუხი), ვახტანგ გორგასლის მოედნიდან ბეთლემის ქუჩამდე, თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც მოედნის I და II ჩიხებითურთ.

ვახტანგ გორგასლის I ჩიხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახტანგ გორგასლის I ჩიხი — ჩიხი (ხარფუხი), მისასვლელი იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩიდან. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ტყავის შესახვევი.

ვახტანგ გორგასლის II ჩიხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახტანგ გორგასლის II ჩიხი — ჩიხი (ხარფუხი). მისასვლელი იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩიდან. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც კომუნალური ჩიხი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]