ვახტანგ გორგასლის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვახტანგ გორგასლის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი კრწანისის რაიონი
წინა სახელები მიხეილ ვორონცოვის ქუჩა, კომუნალური ქუჩა, ალექსანდრე მიასნიკოვის ქუჩა

ვახტანგ გორგასლის ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში, (ორთაჭალა). ვახტანგ გორგასლის მოედნიდან რუსთავის გზატკეცილამდე. ფაქტობრივად მარჯვენა სანაპიროს გაგრძელებაა, რომელიც უერთდება რუსთავის გზატკეცილს (მიემართება სომხეთისა და აზერბაიჯანისკენ). XIX საუკუნის დასაწყისში აქ გაჩნდა ქალაქის ცენტრიდან გადმოტანილი ხელოსანთა (მკალავთა, მჭედელთა, ხარაზთა) რიგები. 1850 წლისთვის მან უკვე ქუჩის სახე მიიღო და მიხეილ ვორონცოვის სახელი ეწოდა. ამასთან დაკავშირებით მისი ერთ-ერთი შენობის კედელში ჩასვეს საგანგებო დაფა წარწერით: „ვორონცოვის ქუჩა გაიხსნა 1850 წელს მისი უმაღლესობის თავად მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვის მეფისნაცვლად ყოფნის დროს“.

ქუჩის მოწყობა მთლიანად დამთავრდა 1851 წელს. მისი სიგანე მაშინ 8-9 მ აღწევდა. ქუჩის ორივე მხარე განაშენიანებული იყო ქარვასლებით, ჩაიხანებით და სხვა. გამოირჩეოდა მსხვილი მესაკუთრის ხალათოვის 3-სართულიანი, მოზაიკური აგურით ნაშენი ქარვასლა (365 ოთახი და რამდენიმე გუმბათოვანი დარბაზი. ქარვასლის სარდაფი გამოიყენებოდა აქლემთა ქარავნის სადგომად. 1929 წელს წყალდიდობის დროს ქარვასლის ფუნდამენტი გამოირეცხა, შენობა ნაწილობრივ დაინგრა და უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით საერთოდ აიღეს). ამ გზით შემოდიოდნენ ქარავნები ერევნის მხრიდან, ალბათ ამით აიხსნება, რომ თბილისის 1876 წლის გეგმაზე ახლანდელი ვახტანგ გორგასლის ქუჩის ადგილზე დატანილია 2 ქუჩა: ვორონცოვისა და ერევნის. 1922 წელს კომუნალური ქუჩა დაარქვეს, 30-იან წლებში — ალექსანდრე მიასნიკოვის (დატანილია თბილისის 1934 წლის გეგმაზე), 1958 წელს ვახტანგ I გორგასლის სახელი უწოდეს.

საბჭოთა ხელისუფლების წლებში ქუჩა გააფართოვეს და კეთილმოაწყვეს. ქუჩაზე არის: თბილისის ბალნეოლოლოგიური კურორტი (1937, არქიტექტორები: ი. ჟიტკოვსკი, მ. კალაშნიკოვი, ბ. კარბინი) — საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის, რეაბილატიისა და სამკურნალო ტურიზმის სამედცნიერო-პრაქტიკული ცენტრი; ოფთალმოლოგიის და ნევროლოგიის ეროვნული ცენტრი; ოფთალმოლოგიის და ნევროლოგიის ეროვნული ცენტრი; ადმინისტრაციული შენობების ორთაჭალის კომპლექსი; რესტორანი და სასტუმრო „ნიკალა“, რესტორანი „მარაბდა“; 300 არაგველის მემორიალი (არქიტექტორი ა. ბაქრაძე); არქიტექტურულ-სკულპტურული კომპოზიცია „მაჩაბლის კედელი“ (მოქანდაკე თ. ჭყონია. არქიტექტორი ნ. მგალობლიშვილი); პეტრე ბაგრატიონის მონუმენტი (მოქანდაკე მ. მერაბიშვილი. არქიტექტორი ნ. მგალობლიშვილი); ნიკო ფიროსმანაშვილის (ფიროსმანი) ძეგლი (მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი. არქიტექტორი ნ. მგალობლიშვილი); სკულპტურული კომპოზიცია „სულის ამაღლება“ (მოქანდაკე გ. ჯაფარიძე. არქიტექტორები: ა. მინდიაშვილი, დ. ახვლედიანი). შემონახულია XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის საცხოვრებელი სახლები.

აქვს 3 შესახვევი (II შესახვევი — ყოფილი საფეიქრო შესახვევი, III შესახვევი — ყოფილი ფაბრიკის ჩიხი), I ჩიხი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]