გიორგი ერისთავის თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი.
მარიამ ერისთავი ყარდაშვერდის როლში და ანასტასია ორბელიანი ნინო დიდებულიძის როლში, გ. ერისთავის „გაყრის“ სცენის ილუსტრაცია. მხატვარი გ. კორადინი. 1850 წ.

გიორგი ერისთავის თეატრი — ქართული პროფესიული თეატრი (1850–1856), ეროვნული რეალისტური თეატრალური ხელოვნების განვითარების მნიშვნელოვანი კერა. დააარსა და მისი იდეური, შემოქმედებითი მრწამსი განსაზღვრა პოეტმა და დრამატურგმა გიორგი ერისთავმა.

პირველი წარმოდგენა გაიმართა 1850 წლის 2 (14) იანვარს, თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში, სცენისმოყვარეთა ძალებით, გ. ერისთავის რეჟისორობითა და მონაწილეობით წარმოადგინეს მისივე პიესა „გაყრა“. ეს თარიღი მიჩნეულია ქართული თეატრის აღდგენის თარიღად და XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება, როგორც ქართული თეატრის დღე.

1851 წელს თბილისში მუშაობა დაიწყო გ. ერისთავის მიერ ჩამოყალიბებულმა პირველმა პროფესიულმა დასმა. მასში შედიოდნენ: სააკაძისა, ტატიშვილისა, ანტონოვისა, ბაფარაშვილისა, ნათიშვილისა, აბრამიძისა, ჯორჯაძისა, ნ. უზნაძისა, გ. დვანაძე, გ. ტატიშვილი, ი. ელიოზიშვილი, რჩეულიშვილი, გ. ჯაფარიძე, გ. კორძაია, ზ. ანტონოვი. თეატრთან მუდმივად თანამშრომლობდნენ საზოგადო მოღვაწეები და მწერლები: მ. თუმანიშვილი, ი. კერესელიძე და სხვები. იდგმებოდა გ. ერისთავის, ზ. ანტონოვის, ა. მეიფარიანის, გ. ჯაფარიძისა და სხვათა ორიგინალური, აგრეთვე თარგმნილი და გადმოკეთებული პიესები. მეფის მთავრობამ დასს ყოველწლიური ფულადი დახმარება დაუნიშნა, რადგან ვარაუდობდა, რომ იგი ცარიზმის ინტერესებს დაექვემდებარებოდა, მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ თეატრი განმათავისუფლებელ, ანტიბატონყმურ იდეებს ქადაგებდა, რეაქციულ თავადაზნაურობასთან ერთად დაიწყო მისი შევიწროება. 1854 წელს გ. ერისთავი იძულებული გახდა თეატრისათვის თავი დაენებებინა. თეატრი დაიხურა 1856 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გერსამია ს., გიორგი ერისთავის თეატრი, თბ., 1950;
  • გუნია ვ., ქართული თეატრი (1879-1889), თბ., 1889;
  • Бухникашвили Г. В., Театр Георгия Эристави, Тб., 1947;