ერთა თვითგამორკვევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ერთა თვითგამორკვევა — გულისხმობს მოცემულ ტერიტორიაზე ხალხმა დამოუკიდებლად წარმართოს, პოლიტიკური ეკონომიკური და კულტურული საქმიანობები და განსაზღვროს საკუთარი სამართლებრივი სტატუსი, მაგალითად შექმნას დამოუკიდებელი სახელმწიფო ან შეუერთდეს სხვა სახელმწიფოს. ერის თვითგამორკვევის უფლებას აღიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების პირველი მუხლის მეორე პარაგრაფი და 55-ე მუხლი. იგივე შინაარსს შეიცავს გენერალური ასამბლეის 1960 წლის 14 დეკემბრის „დეკლარაცია კოლონიური ქვეყნებისა და ხალხებისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ“.

ერთა თვითგამორკვევის უფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა ხალხს აქვს თვითგამორკვევის უფლება, ამ უფლების საფუძველზე ისინი თავისუფლად განსაზღვრავენ თავიანთ პოლიტიკურ სტატუსს და ისწრაფვიან ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარებისკენ. ყველა ხალხს შეუძლია საკუთარი მიზნებისათვის, თავისუფლად განკარგოს თავისი ბუნებრივი რესურსები და სიმდიდრე, ურთიერთსარგებლიანობის პრინციპზე დაფუძნებული საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობისა და საერთაშორისო სამართლიდან აღმოცენებული ყველა ვალდებულებისადმი ზიანის მიუყენებლად. არც ერთ შემთხვევაში ხალხს არ უნდა ჩამოერთვას საარსებო საშუალებები. თვითგამორკვევის უფლების რეალური არსის განსაზღვრა წარმოადგენს თანამედროვე საერთაშორისო სამართლისთვის ერთ-ერთ დიდ გამოწვევას, მეოცე საუკუნის 60-იან წლებში მიღებული დეკლარაციები ძირითადად მიზნად ისახავდა დეკოლონიზაციის პრობლემის გადაწყვეტას, უამრავი ერი ამ პერიოდში გახდა დამოუკიდებელი და შექმნა საკუთარი სახელმწიფო, უმრავლესობა მათგანი წარმოდგენილი იყო აფრიკის და ევროპის კონტინენტზე. თვითგამორკვევის 5 პრინციპი და მეცნიერთა შეხედულებები ხალხის დამოუკიდებლობისა და საკუთარი საერთაშორისო სტატუსის დადგენის უფლება. სახელმწიფოს მოსახლეობის უფლება, განსაზღვროს მთავრობის ფორმა და მონაწილეობა მიიღოს ამგვარი მთავრობის მუშაობაში. სახელმწიფოს უფლება ტერიტორიულ მთლიანობასთან და საკუთარი საზღვრების ურღვევობასთან, აგრეთვე საშინაო საქმეებში ჩაურევლობასთან დაკავშირებით. სახელმწიფოში ან თუნდაც მის საზღვრებს მიღმა მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა უფლება, იქონიონ სპეციალური უფლებები, მათ შორის ეკონომიკური და კულტურული ავტონომიის უფლება. სახელმწიფოს კულტურული, ეკონომიკური და სოციალური განვითარების უფლება. თვითგამორკვევას სხვანაირად აღიქვამს საერთაშორისო სამართალი, ეროვნული უმცირესობების შემთხვევაში, „იმ სახელმწიფოებში, რომლებშიც ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი უმცირესობები ცხოვრობენ, პირებს, რომლებიც ამ უმცირესობებს განეკუთვნებიან არ შეიძლება უარი ეთქვათ, ამ უმცირესობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ისარგებლონ თავიანთი კულტურით, აღიარონ თავიანთი რელიგია და შეასრულონ რიტუალები, აგრეთვე ისარგებლონ თავიანთი ენით.“ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის 27-ე მუხლის შესაბამისად უმცირესობებს არ აქვთ გამოყოფის უფლება, „საგარეო გამოყოფის“ მნიშვნელობით, მათ აქვთ ავტონომიის უფლება სახელმწიფოს არსებულ სტრუქტურებში, რომელიც შიდა თვითგამორკვევად იწოდება. ამერიკელი ანალიტიკოსი პიტერ მალანჩუკი წერს, რომ არც პაქტი და არც საერთაშორისო სამართლის რომელიმე ნორმა არ კრძალავს უმცირესობების უფლებას გამოყოფაზე. გამოყოფის უფლების ლეგიტიმურად ცნობის ამ მოსაზრებებს თან ერთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1995 წლის დეკლარაციის პროექტი, სადაც 3-ე მუხლში ნათქვამია: „მკვიდრ ხალხებს აქვთ თვითგამორკვევის უფლება. ამ უფლების წყალობით მათ თავისუფლად შეუძლიათ განსაზღვრონ თავიანთი პოლიტიკური სტატუსი და თავისუფლად შეუძლიათ წარმართონ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების პროცესი.“ გერმანელი პროფესორი კრისტიან ტომუშატის აზრით „მიუხედავად იმისა, რომ თვითგამორკვევის არსი უპირობოდ გულისხმობს სუვერენიტეტის მოპოვების სურვილსაც, სეცესიის უფლებას მაინც არ განაპირობებს თვითგამორკვევის უფლების არსებობა“.

თვითგამორკვევის თეორიის ჩამოყალიბება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თვითგამორკვევის უფლება, პირველად როგორც საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი პრინციპი ნახსენები იქნა 1945 წლის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში, ხოლო 1966 წლიდან ხალხთა თვითგამორკვევის უფლება მიღებულ იქნა, როგორც ადამიანთა კოლექტიური უფლება, რომელიც განურჩევლად ყველა ადამიანს გააჩნია მიუხედავად დროსა და ადგილისა. თვითგამორკვევის ცნებას, სანამ ის შეიძენდა სამართლებრივ მნიშვნელობას, გააჩნდა პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობა. პირველად ეს ტერმინი გამოჩნდა 9-ე საუკუნის 60-იან წლებში, თუმცა მაინც რთულია დავაზუსტოთ ის პერიოდი თუ ნამდვილად როდის გაჩნდა ეს ტერმინი, მის წარმოშობას არა ერთი, არამედ ბევრი სოციალური და პოლიტიკური მიზეზი აქვს. 19-ე საუკუნის მეორე ნახევარში ნაციონალიზმის განვითარებასთან ერთად, ერებისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების საკითხი წამოიჭრა. ავსტრია-უნგრეთის, რუსეთის, გერმანიის და თურქეთის მზარდმა ასიმილაციურმა პოლიტიკამ გამოიწვია თვითმმართველობის და ავტონომიების მოთხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ მზარდმა ნაციონალიზმმა უდიდესი როლი ითამაშა თვითგამორკვევის ცნების ჩამოყალიბებაში, თვითგამორკვევა აქტიური პოლიტიკის ნაწილი გახდა არა ნაციონალისტურ-კონსერვატიული ჯგუფების, არამედ ინტერნაციონალური მშრომელთა მოძრაობების მეშვეობით. რუსეთის და ჰაბსბურგების მრავალეროვანი იმპერიები ევროპის სხვა მემარცხენე პარტიებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული განხილვებში, ერების თვითგამორკვევის უფლების ფორმირების და მისი მნიშვნელობის შესახებ. ნაციონალისტური იდეების გავრცელების პარალელურად რუსეთსა და ავსტრია-უნგრეთში ასევე გავრცელდა სოციალ-დემოკრატიული იდეები, რომელთა მთავარი მიზანი ეროვნული პრობლემების გადაჭრა იყო. სწორედ ამ პერიოდში ვითარდება თეორიები მცირე ნაციების დამოუკიდებლობის შესახებ, რამაც საბოლოოდ გაგრძელება ჰპოვა.

პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის შემდგომი ხელშეკრულებები, გამიზნული იყო დამარცხებული ქვეყნების დასასჯელად და ტერიტორიების გადასანაწილებლად, რათა მიეღწიათ მშვიდობისათვის ამ რეგიონში. საბოლოო ჯამში, დამარცხებული ქვეყნების ხარჯზე შეიქმნა ახალი სახელმწიფოები და გაფართოვდნენ ძველი სახელმწიფოები. ძალთა ბალანსის მაშინდელმა თეორეტიკოსებმა ასე ჩათვალეს მზანშეწონილად, თუმცაღა მკაცრი დასჯის მომხრე არ იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვუდრო უილსონი 1918 წელს უილსონი პარიზში, სამშვიდობო კონფერენციაზე გაემგზავრა (ის ამერიკის პირველი პრეზიდენტია, რომელიც ევროპაში ქვეყნის პირველი პირის სტატუსით გაემგზავრა). კონფერენციაზე 23 ქვეყნის დელეგატი იმყოფებოდა, თუმცა ყველაზე მეტად აქტიურობდნენ, უილსონი, დევიდ ლოიდ ჯორჯი (ინგლისის პრემიერ მინისტრი), ჟორჟ კლემანსო (საფრანგეთის პრემიერ მინისტრი), და ვიტორიო ორლანდო (იტალიის პრემიერ მინისტრი). უილსონმა პირველ მსოფლიო ომს ,,ომი გამარჯვებულის გარეშე’’ უწოდა და გერმანიის მიმართ საკმაოდ ლოიალური პირობების მიღებას შეეცადა, მან კონგრესს შესთავაზა 14 პუნქტიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა:

  • ღია საზღვაო მოლაპარაკებებს.
  • ზღვებზე ნაოსნობის სრულ თავისუფლებას.
  • საბაჟო შეზღუდვების გაუქმებას.
  • გარანტიების დაწესებას შეიარაღების შემცირებაზე.
  • კოლონიური საკითხების მიუკერძოებლად მოგვარებას.
  • გერმანიის მიერ რუსეთის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებას.
  • ბელგიის გათავისუფლებას და რესტავრაციას.
  • გერმანიის მიერ საფრანგეთისთვის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებას, ელზას-ლოთარინგიის ჩათვლით.
  • იტალიის საზღვრების შესწორებას, ეროვნული ნიშნით.
  • ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ერებისთვის დამოუკიდებლობის მინიჭებას.
  • გერმანიის მიერ რუმინეთის, სერბეთის და ჩერნოგორიის გათავისუფლებას.
  • ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე ეროვნული ავტონომიების შექმნას.
  • დამოუკიდებელი პოლონეთის შექმნას.
  • ერთა ლიგის შექმნას.

ვუდრო უილსონი, რომელიც ომის შეწყვეტის შემდეგ გერმანიასა და მის მოკავშირეებს შორის შუამდგომლობდა, გერმანიას პირდებოდა, რომ საზღვაო ხელშეკრულება არ იქნებოდა ძალიან მძიმე. თუმცა ეს გეგმა თავად მოკავშირეებს არ მოსწონდათ, მიუხედავად იმისა რომ უილსონს სჯეროდა, რომ თუ გერმანელებს უსამართლოდ მოექცეოდნენ ისინი აუცილებლად იფიქრებდნენ შურისძიებაზე, ე.წ 14 პუნქტიანი გეგმა მოკავშირეთა სამხედო თუ პოლიტიკური ლიდერებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, საფრანგეთის პრემიერ მინისტრი ჟორჟ კლემანსოს 14 პუნქტიან გეგმა „იდეალისტურ უაზრობად“ მიაჩნდა და სარკასტულად ამბობდა: „ბატონი უილსონი თავს მაბეზრებს თავისი 14 პუნქტით, მაშინ როდესაც თვით ყოვლისშემძლე უფალიც კი ათით კმაყოფილდება“ პარიზის საზავო ხელშეკრულებაში არ გაითვალისწინეს უილსონის 14 პუნქტი, მაგრამ ერები დათანხმდნენ ერთა ლიგის შექმნაზე. არა მხოლოდ ვუდრო უილსონმა, არამედ რუსი ბოლშევიკების ლიდერმა ვლადიმერ ლენინმაც შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი ერთა თვითგამორკვევის პრინციპის შემუშავებაში. 1903-1917 წლებში ლენინი აქტიურად აქვეყნებდა „ერების თვითგამორკვევის“ შესახებ პუბლიკაციებს, მისი თეორიები მარქსისტული აზროვნების პროდუქტი იყო. ლენინი თავდაპირველად მუშაობდა რუსეთის იმპერიაში შემავალი ერების თვითგამორკვევის საკითხზე, თუმცა უფრო გვიან გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში თვითგამორკვევის არეალი უფრო გააფართოვა და დააკავშირა პირველი მსოფლიო ომისა და იმპერიალიზმის პოლიტიკურ თეორიებთან. კოლონიურ იმპერიებში თვითგამორკვევის უფლების მოთხოვნის გახშირებასთან ერთად გაძლიერდა ბოლშევიკური პროპაგანდა, ლენინი აღნიშნავდა: „ევროპელებს ხშირად ავიწყდებათ, რომ კოლონიური ხალხებიც ერები არიან.“ 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ შეწყდა ცარისტული პოლიტიკა, ხელისუფლებაში მოვიდნენ ბოლშევიკები, რომლებმაც მუშათა კლასის საერთაშორისო სოლიდარობის მოპოვების მიზნით, 1917 წლის ნოემბერში გამოსცეს „რუსეთის ხალხთა უფლებების დეკლარაცია,“ სადაც აღიარებული იყო ყველა ხალხის თანასწორობა და სუვერენობა, ცნობდა რუსეთის ხალხის თვითგამორკვევის უფლებას, გამოყოფისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის უფლების ჩათვლით. სეცესიისა და თვითგამორკვევის უფლების აღიარების საფუძველზე საბჭოთა რუსეთმა ცნო რუსეთის იმპერიის ყოფილი გუბერნიებისა და ადმინისტრაციული ერთეულების: საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ფინეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, ხორეზმის და ბუხარის გამოყოფის უფლება.

ერთა ლიგის ეპოქა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთა ლიგამ 1919 წელს განიხილა თვითგამორკვევის ცნება, მაგრამ ეს არ არის ნახსენები პაქტში, რომლის საფუძველზეც ის შეიქმნა. მოგვიანებით ალანდის კუნძულის საკითხის განხილვისას ერთა ლიგისათვის სპეციალურად გაკეთებულ ანგარიშში მომხსენებელთა კომიტეტმა განაცხადა: „გულახდილად რომ ვილაპარაკოთ ეს პრინციპი არ არის საერთაშორისო სამართლის ნორმა, ეს არის სამართლიანობისა და თავისუფლების პრინციპი. აღიარება ეროვნული უმცირესობებისა, მათი ენისა ან რელიგიისა, ანდა აღიარება მოსახლეობის რომელიმე პატარა ნაწილის უფლებისა, გამოეყოს საზოგადოებას, რომლის შემადგენლობაშიც ის შედის, რადგან მას ეს ასე სურს ან ასე სიამოვნებს, იქნებოდა წესრიგისა და სტაბილურობის დარღვევა სახელმწიფოებში და ანარქიის გამეფება საერთაშორისო ცხოვრებაში“. იმის გამო, რომ ევროპაში ხდებოდა სახელმწიფოთა შექმნა და შეცვლა, ტერიტორიული გადანაწილებები, სახელმწიფოთა დაშლა, განიხილებოდა ეროვნული ერთობების შექმნის საკითხი, რეფერენდუმების და მოსახლეობის მიგრაციის საშუალებით, თუმცა ამან ასევე წარმოშვა ბევრი პრობლემა, ბევრი ადამიანი კარგავდა მოქალაქეობას და ხდებოდნენ სხვა სახელმწიფოებრივი სუბიექტის ნაწილები, როგორც მაგალითად ჩეხოსლოვაკიაში. ხოლო შლეზვიგის რეგიონში ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა გერმანიის შემადგენლობაში დარჩებოდნენ თუ დანიის. მოკავშირე ძალების მიერ ყველგან ასე არ ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება, მაგალითად, სამხრეთ საზღვრების სლავების გაერთიანება არ მოხდა რეფერენდუმის გზით, მიზეზი მოკავშირეების პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ერთა ლიგის ეპოქაში ერთა თვითგამორკვევის ცნება განვითარდა, დაიხვეწა და გაფართოვდა თავისი შინაარსით, ასევე მან მიიღო საერთაშორისო სამართლის პრინციპის სახე, რომლის საბოლოო განვითარება და ჩამოყალიბება მოხერხდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეშვეობით, და უფრო ფართოდ დაიწყო ერთა თვითგამორკვევის პრინციპების პრაქტიკული დანერგვა სხვადსხვა კონტინეტზე, დეკოლონიზაციის პერიოდში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]