კაენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კაენიძველი აღთქმის პერსონაჟი. დედამიწაზე დაბადებული პირველი ადამიანების ადამისა და ევას უფროსი ვაჟი, აბელის ძმა.[1]

კაენი მიდის ძმის, აბელის მოსაკლავად, ჰენრი ვიდალის მიერ.

ბიბლია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიის მიხედვით აბელი მწყემსი იყო, კაენი - მიწისმუშა. ორივემ მიართვა უფალს შესაწირავად საკუთარი შრომის ნაყოფი. მოხედა უფალმა აბელის ძღვენს, კაენისა კი უარყო... „ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა. უთხრა უფალმა კაენს: რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი? თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე“ (4:5-7)[2]. გაფრთხილების მიუხედავად, კაენმა ძმა ველად გაიხმო და მოკლა.

„უთხრა უფალმა კაენს: სად არის შენი ძმა აბელი? მიუგო: არ ვიცი. ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ? უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს. ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან. დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე. უთხრა კაენმა უფალს: მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი. აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა. უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვედრს“ (4:10-15).[2][1]

აქ ღმერთმა ამჯობინა აბელი როგორც მსხვერპლის მიღების, ისე ქორწინების საკითხში. ღმერთი აფრთხილებს კაენს, მოიშოროს ცოდვილი ფიქრები, მაგრამ ის უარზეა და სთხოვს ძმას, გაჰყვეს მინდორში, გონებაში კი ცუდი აზრი უტრიალებს.[3] აღსანიშნავია, რომ სიცოცხლის წიგნს და-ძმის ქორწინების საკითხთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს, რადგან ადამიანთა რაოდენობის სიმცირის გამო გამრავლება სხვანაირად ვერ მოხერხდებოდა.

კაენმა ცოლად შეირთო თავისი და, გაუჩნდა ვაჟი, გააშენა ქალაქი და საფუძველი ჩაუყარა ცივილიზაციას.[4][5]

ყურანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსლიმები მიიჩნევენ, რომ კაენი და აბელი (არაბ. هابيل, قابيل, ყაბილი და ჰაბილი) ადამისა და ევას ვაჟები იყვნენ. ყურანში მოთხრობილი ამბავი იგივეა, რაც ებრაული ბიბლიური მოთხრობები. ძმები კამათობენ. ბოლოს აბელი ამბობს: "ალაჰი მხოლოდ ღმერთმოსავის მსხვერპლს იღებს". ეს უფრო მეტად აბრაზებს ყაბილს. იგი მძინარე ჰაბილთან მიდის და თავში დიდ ქვას არტყავს. იმის გამო, რომ ჰაბილი ბევრ სისხლს კარგავს, ის კვდება. [6] მკვლელობის შემდეგ, ალაჰმა გაგზავნა ყორანი, რომელმაც მიწა გაკაწრა, რათა ყაბილისთვის ეჩვენებინა, თუ როგორ დაემალა ძმის გვამი. ყაბილმა, სირცხვილისგან, საკუთარი თავის დაწყევლა დაიწყო და იგი დანაშაულის გრძნობით აღივსო. მან გააცნობიერა, თუ რამდენად საშინელი იყო ვინმეს მოკვლა, მით უმეტეს, რომ მსხვერპლი იყო უდანაშაულო ადამიანი. ყურანში ნათქვამია: „შემდეგ ის გახდა ერთ-ერთი მომნანიებელი“. 5:31[7][8]

ყურანის განმმარტებლებზე დაყრდნობით, მხოლოდ ერთ ზებუნებრივ არსებას შეეძლო, ესწავლებინა ადამიანისთვის ძმის მკვლელობა – იმას, ვინც სამოთხეში მოახერხა გველის განსახიერება. როგორც ყურანის კომენტატორები განმარტავენ, ჰაბილი უარს ამბობს ძმისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე, მიუხედავად იმისა, რომ ყაბილი მას ახრჩობს. როცა ეს უკანასკნელი აღმოაჩენს, რომ მრავალი მცდელობის მიუხედავად ძმის მოკვლა არ შეუძლია, ეშმაკი ჩნდება და მასთან საუბარს იწყებს, ასწავლის, როგორ მიიყვანოს დაწყებული საქმე ბოლომდე. ეშმაკი შთააგონებს მას, აიღოს ქვა და ჰაბილს შუბლში ჩაარტყას.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]