ბეღელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბეღელი
ბეღელი

ბეღელი — მშრალი თაველის, მარცვლეულის და ფქვილის შესანახი ნაგებობა, უმთავრესად ხისა (წაბლი, ცაცხვი, თელა). ბეღელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელითაა ცნობილი; სვანეთში — ხულა, სამეგრელოში — ბაღ-ბაღე და ა. შ.

ბეღელი მეტწილად ეზოში დგას. იგი კვადრატული ფორმის ერთსართულიანი ან ორსართულიანი (სხვა სამეურნეო ნაგებობაზე საშენებული), ოთხ მაღალ ბოკონზე შემდგარი, ისლით, ჩალით, ყავრით ან კრამიტით გადახურული ნაგებობაა. ერთსართულიანი ბეღელი ერთ- ან ოროთახიანია. ერთოთახიანის რამდენიმე ვარიანტია ცნობილი: უაივნო, კვადრატული („კოთხო“), აივნიანი. უკანასკნელი სამგვარია: ღიააივნიანი (ორსვეტიანი), მოაჯირიანი, რომელსაც დაჩარხული რიკულებიანი მოაჯირი და სვეტის ზედა ნაწილზე დაფანჯრული ჩუქურთმები აქვს, და გადახურულაივნიანი, რომელსაც საჰაეროდ ღიობებს უკეთებენ. ოროთახიანი ბეღელის ერთი ოთახი კვადრატული იყო, თვლებად (ტიხარით) დაყოფილი, მეორე კი („ბეღელ-ოთახი“ ან „ხულა“) — სასტუმროდ, ზოგჯერ ახალდაქორწინებულთა დასაძინებლად განკუთვნილი.

ბეღელს ხშირ შემთხვევაში ეკავა ორსართულიანი შენობის ზემო სართული. ამ სახის ბეღელი მოხსენიებულია ნიკორწმინდის XI საუკუნის სიგელში. გვხვდება აგრეთვე ბეღელ-სასიმინდე (ქვემოთ ბეღელი, ზემოთ სასიმინდე) და სხვა. მთის ზონაში (რაჭა-ლეჩხუმი, გურია, აჭარა) ბეღელი საცხოვრებელი სახლის კომპლექსში შედიოდა. იგი სახლის პირველ სართულზე ან სხვენზე იყო მოთავსებული. ფშავ-ხევსურეთში საკულტო ემბლემებისა და სახატე ჭირნახულის შესანახ შენობადაც იყო მიჩნეული (ხევსურული ტაძარ-ბეღელი, ფშაური ბეღელ-ამბარი, სადაც ხატის მამულიდან მოწეულ მარცვალს ინახავდნენ).

სავსე ბეღელი ძველთაგანვე ბარაქიანობის სიმბოლოდ იყო მიჩნეული, რომელთანაც ხალხური რწმენაწარმოდგენებია დაკავშირებული. მათი გამოძახილია მითოლოგიური პერსონაჟი — დევ-ბეღელა, საწესო-საფერხულო სიმღერები („ქორ-ბეღელა“, „ბეღლისკრული“ და სხვა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]