დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატი სნუკერში
დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატი სნუკერში (ინგლ. UK Snooker Championship) — სნუკერის პროფესიონალური რეიტინგული ტურნირი, მეტნაკლებად მნიშვნელოვანი და პრესტიჟული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატი პირველად ჩატარდა 1977 წელს როგორც ტურნირი, რომელიც ღია იყო მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის. პირველი გათამაშებსი გამარჯვებული გახდა პეტსი ფეიგანი, რომელმაც ფინალში დუგ მაუნტჯოი დაამარცხა ანგარიშით 12:9 და მიიღო £ 2000.
წესები შეიცვალა 1984 წელს, როდესაც ტურნირზე მონაწილეობის უფლება მიიღო ყველა პროფესიონალმა (თუმცა 2005 წლამდე ამ ტიტულს მხოლოდ ბრიტანელები და ირლანდიელები იგებდნენ); აგრეთვე ტურნირმა მიიღო რეიტინგულის სტატუსი. მას შემდეგ დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატი ყველა სხვა ტურნირზე მეტ ქულას იძლევა, გარდა მსოფლიო ჩემპიონატისა, რა თქმა უნდა.
ტურნირზე ბევრი დასამახსოვრებელი ფინალი იყო. 1980 წელს შედგა პროფესიონალურ ტურნირებზე სტივ დეივისის 73 გამარჯვებიდან პირველი. 1981 წელს დეივისისა და ტერი გრიფიტსის ფინალი საკმაოდ სანახაობრივი იყო. დეივისმა 16:3 გაიმარჯვა, მთელი დარჩენილი სეზონის განმავლობაში კი ეს მოთამაშეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ (ზედიზედ ოთხი ფინალი) მათი მოულოდნელი მარცხის წინ, რომელიც 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ რაუნდზე განიცადეს. 1983 წელს ალექს ჰიგინსმა დაამარცხა დეივისი 16:15 მას შემდეგ, რაც პირველი სესია მშრალად წააგო — 0:7. ამ მატჩში დეივისის მარცხი თითქმის იმაზე უფრო მეტად ღირსშესანიშნავი გახდა, ვიდრე 1985 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დენის ტეილორთან დამარცხება. 1985 წელს უილი ტორნმა ნამდვილი სიმტკიცე გამოავლინა დეივისის წინააღმდეგ თამაშისას. იგი თავიდან 13:10-ს ლიდერობდა დღის სესიის სტარტისთვის, მაგრამ შემდეგ მარტივ ლურჯ ბურთულას ააცილა და დამარცხდა 14:16. ამ გამარჯვებამ დეივისი გამოაცოცხლა მსოფლიო ჩემპიონატზე მძიმე მარცხის შემდეგ. ტორნმა მას შემდეგ ჯერაც ვერ მოიგო ვერც ერთი რეიტინგული ტურნირი. 1988 წელს დუგ მაუნტჯოიმ მოახერხა სტივენ ჰენდრისთვის ძლიერი წინააღმდეგობის გაწევა და გამარჯვებისკენ ლტოლვის წყალობით მოახერხა ახალგაზრდა ტალანტის დამარცხება (16:12), აგრეთვე იგი გახდა რეიტინგული ტურნირის ყველაზე ხანდაზმული გამარჯვებული. უფრო მეტად გასაკვირი ისაა, რომ მანამდე მან მოიგო Mercantile Credit Classic და გახდა იმ დროისთვის ერთ-ერთი იმ ოთხი მოთამაშიდან, რომლებმაც მოახერხეს ზედიზედ ორი ტურნირის მოგება. 1989 წელს სტივენ ჰენდრიმ დეივისის დამარცხება ისევე მარტივად მოახერხა, როგორც ეს უკანასკნელი ახერხებდა რამდენიმე წლის წინ. შემდეგ წელს ჰენდრიმ კვლავ დაამარცხა დეივისი ანგარიშით 16:15. სტივმა აღნიშნა, რომ ჰენდრიმ გასაოცარი სიმტკიცე გამოავლინა. 1993 წელს უკვე თვითონ ჰენდრი დამარცხდა ფინალში 17 წლის რონი ო'სალივანთან. ო'სალივანი მაშინ დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა (ერთი კვირის შემდეგ მას 18 შეუსრულდა).
2005 წელს სტივ დეივისი 1990-იანების შემდეგ პირველად გავიდა დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატის ფინალში. ეს ფინალი მის კარიერაში მეასე გახდა. დეივისი შეხვდა დინ ჯუნხუის, რომელთანაც 6:10 დათმო. ამ ჩემპიონატზე დაფიქსირდა ფინალისტთა შორის ყველაზე დიდი ასაკობრივი სხვაობა (დეივისი 38 წლის, მოწინააღმდეგე მხოლოდ 18-ის). აღსანიშნავია ისიც, რომ უკანასკნელი 23-წლიანი გამოსვლების განმავლობაში დეივისმა ამ ტურნირზე ყველაზე მაღალი ბრეიკი გააკეთა — 145 ქულა. დღემდე სტივ დეივისს ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული ამ ტურნირის ტიტული — იგი დიდი ბრიტანეთის ექვსგზის ჩემპიონია. 2006 წელს სტივენ ჰენდრის, რომელიც ფინალში გავიდა, შეეძლო მისი მაჩვენებლის გამეორება, მაგრამ იგი პიტერ ებდონთან დამარცხდა 6:10.
2009 წელს დინ ჯუნხუიმ დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატი კარიერაში მეორედ მოიგო. დღემდე იგი ერთადერთი არაბრიტანელი სნუკერისტია, რომელმაც ერთზე მეტჯერ მოიგო ეს ტურნირი.
სხვადასხვა დროს დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატს ასპონსორებდა სხვადასხვა ფირმები, როგორებიცაა Coral, Tennents, Royal Liver Assurance, Liverpool Victoria, Travis Perkins, Maplin Electronics, Pukka-Pies, 12bet.com და ამჟამად williamhill.com. ამ ტურნირს ტელევიზიაში პირდაპირ ეთერში აშუქებს BBC. ტარდება წლის ბოლოს (როგორც წესი, დეკემბრის დასაწყისში ან შუა რიცხვებში).
დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატზე დაფიქსირებულია 11 მაქსიმალური ბრეიკი: ორ-ორჯერ სტივენ ჰენდრისა (1995 და 1999) და რონი ო’სალივანის (2007 და 2014), თითოჯერ უილი თორნის (1987 — პირველი მაქსიმუმი ამ ტურნირზ), პიტერ ებდონის (1992), ნიკ დაისონის (2000), დინ ჯუნხუის (2008), ჯონ ჰიგინსის (2012) და მარკ სელბის (2013).
გამარჯვებულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კრის ტერნერის არქივი დაარქივებული 2012-02-16 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
|
|