განათლება საქართველოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

განათლებას საქართველოში დიდი ისტორია აქვს. განათლების სისტემის შეცვლა მრავალჯერ მოხდა. ახლა მას საქართველოს განათლების სამინისტრო აკონტროლებს.

განათლების ისტორია საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიკური ხანა და შუა საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი ბერძენი ისტორიკოსებისა და გეოგრაფების ჩანაწერები მოწმობს, რომ ანტიკურ საქართველოში იყო „აყვავებული ქალაქები“ შესანიშნავი საზოგადოებრივი შენობებით, „გიმნასიონებით“. ანტიკური განათლების გავრცელებასა და მეცნიერული აზრის შემდგომ განვითარებაში დიდი როლი ითამაშა კოლხეთის უმაღლესმა რიტორიკულმა სკოლამ (III ს. II ნახევარი). IV საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას მოჰყვა ეკლესიებთან სკოლების გახსნა. მაგრამ მალე უცხო დამპყრობთა შემოსევებმა, განსაკუთრებით კი არაბთა ბატონობამ, დიდი ხნით შეაფერხა ქართული კულტურის განვითარება. განათლების აღორძინება და ინტენსიური განვითარება დაიწყო XI-XII საუკუნეებში, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ხანაში. შეიქმნა მეცნიერებისა და განათლების ისეთი კერები, როგორებიც იყო გელათის აკადემია და იყალთოს აკადემია. ამ დიდი საქმის მოსამზადებელი საფეხურები იყო ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერები საქართველოს საზღვრებს გარეთ: ათონის ივერთა მონასტერი საბერძნეთში, პეტრიწონის მონასტერი ბულგარეთში და სხვა. XIII საუკუნიდან მოყოლებული ჯერ მონღოლთა ბატონობამ, ხოლო შემდეგ ირანისა და ოსმალეთის გამაპარტახებელმა შემოსევებმა დააქვეითეს და დასცეს კულტურა და განათლება საქართველოში.

ახალი ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVII საუკუნის II ნახევრიდან შეიქმნა პირობები საქართველოს პოლიტიკური ეკონომიკური და კულტურული გამოცოცხლებისთვის. XVIII საუკუნეში სახალხო განათლების საქმე ხელისუფლების საქმედ იქცა, რამაც სათანადო შედეგი გამოიღო - 1755 წელს გაიხსნა თბილისის სემინარია, 1782 წელს კი-თელავის სემინარია, ითარგმნა და შეიქმნა სახელმძღვანელოები.

საქართველოს რუსეთთან შეერთებამაც გარკვეული წვლილი შეიტანა განათლების, მეცნიერებისა და ქართული კულტურის განვითარებაში.1855 წელს საქარველოში 150-მდე სასწავლებელი არსებობდა, მათ შორის თბილისის პირველი გიმნაზია, ქუთაისის ვაჟთა გიმნაზია და სხვა. 1876 წელს გაიხსნა გორის საოსტატო სემინარია, რომელმაც დიდი როლი ითამაშა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი ამიერკავკასიის პედაგოგთა კადრების მომზადებაში. ქართველი პედაგოგიკის მამამთავარი იაკობ გოგებაშვილი მთელ თავის ძალასა და ნიჭს ახმარდა სახალხო განათლების საქმეს და მოზარდი თაობის აღზრდას ხალხურობისა და დემოკრატიზმის პრინციპებზე. გოგებაშვილის კლასიკურ სახელმძღვანელოებზე „დედა ენასა“ და „ბუნების კარზე“ აღიზარდა მრავალი თაობა. ი გოგებაშვილი იყო ინიციატორი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელიც არსებობის 40 წლის მანძილზე პროგრესულ განათლების შტაბს წარმოადგენდა. საზოგადოებამ და მისმა გამგეობამ დიდი მუშაობა ჩაატარა სახალხო სკოლების გასახსნელად არა მარტო საქართველოში, არამედ საქართველოს საზღვრებს გარეთაც: ვლადიკავკაზში, ბაქოში, ნალჩიკში და სხვ.; ახალი სახელმძღვანელოებისა დასაბავშვო ლიტერატურის შესაქმნელად;

1914/15 სასწავლო წელს საქართველოში არსებობდა ერთკლასიანი(სწავლების ხანგრძლივობა 3 წელი), ორკლასიანი დაწყებითი სასწავლებლები, უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლები, ქალთა ხუთწლიანი სასწავლებლები, სპეციალური სასწავლებლები, გიმნაზიები (მათ შორის 2 ქართული:თბილისის და ქუთაისის), პროგიმნაზიები, რეალური სასწავლებლები. სამასწავლებლო, სასულიერო, სამრევლო და სხვა სასწავლებლები. ერთი კერძოუმაღლესი სასწავლბელი - ქალთა უმაღლესი კურსები. საქართველოს ყველა ტიპის (1648 დაწყებითი სკოლა) სკოლაში სწავლობდა 124720 მოსწავლე.

განათლება პირველ რესპუბლიკაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებდა განათლების სფეროში. მიღებულ იქნა კანონი „სახალხო განათლების შესახებ“. განათლების სისტემა ეფუძნებოდა დემოკრატიზმის, თანასწორობის, საყოველთაოობის, ადამიანის უფლებების პრინციპებს. სკოლაში ისწავლებოდა შემდეგი საგნები: ქართული ენა და სიტყვიერება, რუსული და მსოფლიო ლიტერატურა, მეორე უცხო ენა (ფრანგული, გერმანული ან ინგლისური), ისტორია, პოლიტიკური ეკონომია, სამართალი, ფსიქოლოგია, ლოგიკა, საბუნებისმეტყველო-მათემატიკური საგნები, ჰიგიენა, ფიზკულტურა, გალობა და მუსიკა, ხელსაქმე და ხელგარჯილობა. ნებაყოფლობითი საგანი იყო ლათინური ენა. ყველა არაქართულ სკოლაში სავალდებულო იყო ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის სწავლება.

ამ პერიოდში მოქმედებდა ბევრი კერძო სასწავლებელი. მტავრობა ამოწმებდა მათ მიერ ქვეყნის კანონმდებლობის, მოსწავლეთა და პედაგოგთა უფლებების დაცვას. დარღვევების შემთხვევაში სკოლა იხურებოდა. განსაკუთრებით ბევრი კერძო სკოლა იყო ტფილისში. კერძო სასწავლებლები მოქმედებდა ასევე ქუთაისში. მათი სასწავლო პროგრამები, გეგმები და სახელმძღვანელოები მოწმდებოდა განათლების სამინისტროს მიერ და სტანდარტებთან შეუსაბამობის შემთხვევაში იხურებოდა. მაგ. 1920 წელს დაიხურა ტფილისში მდებარე ივანე პალმოვის რუსული კერძო გიმნაზია.

განათლება საბჭოთა საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1921 წლის აპრილში საქართველოს რევკომის დადგენილებით შეიქმნა განათლების სახალხო კომისარიატი. ლენინური კულტურული რევოლუციის პირველი რიგის ამოცანად იქცა წერა-კითხვის უცოდინრობის აღმოფხვრა და სახალხო განათლების მთელი საქმის ძირეული გარდაქმნა სოციალურ საფუძველზე. 1921 წელს საქართველოს სსრ განსახკომის მიერ გამოყოფილმა კომისიამ დაამუშავა რესპუბლიკის „მთლიანი შრომის სკოლის დებულება“, რომლის საფუძველზეც საქართველოში უნდა განხორციელებულიყო ორივე სქესის ბავშვებისთვის უფასო, საყოველთაო პოლიტექნიკური განათლება, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა ქსელის გაშლა, სწავლების მშობლიურ ენაზე გადაყვანა, ქალ-ვაჟთა ერთად სწავლება და სხვა ღონისძიებანი, რომლებიც ახალი საბჭოთა სახალხო განათლებისსისტემის ძირითად პრინციპებს შეადგენდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჭუმბურიძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 223, 390.