კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა, კოლხეთის აკადემიაფასისის (ახლანდელი ფოთის) მახლობლად III-VI საუკუნეებში არსებული უმაღლესი საფეხურის სასწავლებელი. მასზე ერთადერთი პირდაპირი ცნობა მოიპოვება ბერძენი ფილოსოფოსის თემისტიოსის (ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დაახლოებით 317-388) ერთ-ერთ წერილში, სადაც აღნიშნულია, რომ თემისტიოსის მამას, ევგენიოსს, და თვით თემისტიოსსაც ამ სასწავლებელში რიტორიკული განათლება მიუღიათ. არავითარი ცნობა არ არსებობს იმის შესახებ, თუ რა პროგრამებით და რა ენაზე მიმდინარეობდა სწავლება ან ვინ ასწავლიდა. თემისტიოსი არ ასახელებს კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლის დამაარსებელს, თუმცა მას „ბრძენს“ და „სათნოს“ უწოდებს. კოლხეთს კულტურულად დაწინარურებულ ელადას ადარებს. იმ დროს განსწავლა ათენშიც შეიძლებოდა, მაგრამ სპეციალური რიტორიკული სკოლა მხოლოდ კოლხეთში არსებობდა. ამ სასწავლებელში განუყოფელი იყო ფილოსოფია და მჭერმეტყველება.

თემისტიოსი იმასაც ამბობს, რომ კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლაში მეზობელ ბარბაროსთა წესებისდა მიხედვით ისართ ტყორცნა და ოროლთ სროლა ან ჯირითი კი არ ისწავლებოდა, არამედ ამ სკოლის აღსაზრდელები რიტორიკულ ხელოვნებაში იწრთობოდნენ და ელინთა დღეობებზე ბრწყინავდნენ. ამ ცნობას არსებითი მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლის აღზრდილების ბერძნულ ენაში გაწვრთნილობასა და კლასიკურ ბერძნულ ლიტერატურაში საფუძვლიან განსწავლულობაზე მიუთითებს. რიტორიკულ სასწავლებელში იღებდნენ ბერძნული ენის მცოდნე ახალგაზრდებს. ეს კი გვაფიქრებინებს მოსამზადებელი სკოლის არსებობასაც. თემისტიოსის ცნობიდან ისიც ჩანს, რომ კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა თავისი შინაარსიტა და მიზანმიმართულებით ძვ. ბერძნულ და რომაულ რიტორიკული სკოლებისაგან ბევრად არ უნდა განსხვავებულიყო და ცოდნის იმ მინიმუმის დაუფლებას მოითხოვდა, რაც ორატორისათვის ციცერონისა და კვინტილიანეს შეხედულებით იყო გათვალისწინებული. ისევე როგორც რომაულ რიტორიკულ სასწავლებელში, კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლაში უთუოდ ასწავლიდნენ ლიტერატურას, ასტრონომიას, მუსიკას, მათმატიკის ელემენტებს, ძირითადად კი ფილოსოფიისა და სამართლის საფუძვლებს, რიტორიკულ ხელოვნებას იმჟამინდელ საქართველოში დიდი პრაქტიკული გამოგონებაც ჰქონდა. აგათია სქოლაქტიკოსის (536-582) საისტორიო თხზულებაში დაცულია ცნობა ქართველი პოლიტიკური მოღვაწეების (აეტი, ფარტაზი და სხვა) ბრწყინვალე ორატორული გამოსვლების შესახებ, ცხადია, ეს ცოდნა კი მათ თანმიმდევრულად და საფუძვლიანი სწავლით უნდა მიეღოთ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გამსახურდია ს., სწავლა-განათლება ძველ საქართველოში, თბ., 1975;
  • ნუცუბიძე შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. 1, თბ., 1956;
  • ყაუხჩიშვილი ს., რიტორიკული განათლების ცენტრი ძველ კოლხეთში, «საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1940, ტ. 10 B