შინაარსზე გადასვლა

ბუკისციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბუკისციხის ციხე)
ეს სტატია ციხესიმაგრეს ეხება. ამავე სახელწოდების სოფლის შესახებ იხილეთ ბუკისციხე (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი).
ბუკისციხე
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
სტატუსი დანგრეული
ინფორმაცია
მმართველი ქვეყანა გურიელები
ისტორია
თარიღდება ფეოდალური ხანით
აღდგენის წელი XVII-XVIII სს

ბუკისციხე, თამარის ციხე ― ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე სოფელ ბუკისციხეში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ჩოხატაურიდან 6 კმ. სახელწოდების მიხედვით ნავარაუდებია, რომ ამ ციხეში ინახებოდა სასიგნალო საყვირი — ბუკი.[1]ციხე გურიის რუსეთთან შეერთებამდე კონტროლს უწევდა იმერეთიდან და მესხეთიდან შავი ზღვისკენ მიმავალ გზას.

ციხე მდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვნივ, მაღალ გორაზე. ამ ადგილებში, ე.წ. გურიის ტბასთან ადამიანი ჯერ კიდევ გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდა. ანტიკურ ეპოქაში აქ უკვე ჩნდება ქალაქური ტიპის დასახლება. აღმოჩენილია ანტიკურობისათვის დამახასიათებელი გათლილი კვადრებით ნაგები გალავნის ნაშთები.

ამჟამად ციხის მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილია შემორჩენილი. აშენებულია რიყის ქვითა და ტერიტორიულად არც თუ ისე დიდია, მაგრამ მაღალ ბორცვზეა განლაგებული და საკმაოდ ციცაბო მისასვლელი აქვს. ციხეს გარშემო უვლის ძლიერ დაზიანებული გალავანი. ძეგლზე არქეოლოგიური გათხრები 1964 წელს ნიკოლოზ ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა. გამოიყოფა რამდენიმე სამშენებლო ფენა, რომელთაგან უძველესი ადრეფეოდალური ხანისა, უახლესი გვიანი შუა საუკუნეებისაა. ციხის ჩრდილოეთ მხარეს მიდგმული მრავალსართულიანი კოშკის პირველ სართულზე გამოვლენილია ქვის დიდი საწნახელი და ქვისავე კიბის დიდი ნაშთი. მეორე სართული საცხოვრებელი ჩანს, მესამე სართული საბრძოლო. კოშკი არქიტექტორმა კ. მელითაურმა VI-VII საუკუნის ძეგლად მიიჩნია.

ციხის აღმოსავლეთ კედელზე მიშენებული ეკლესიის მხოლოდ ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის კედლებია შემორჩენილი. შესასვლელი გამოვლენილია დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში. ეკლესიას სწორი აფსიდა აქვს. ძეგლის შიდაპირი მოპირკეთებულია. არქიტექტურული მონაცემებით, ეკლესია X საუკუნით თარიღდება.[2]

ციხის აღმდგენად მოიხსენიება მამია III გურიელი. 1770 და 1774 წლებში ბუკისციხე ოსმალებმა[ აიღეს, მაგრამ ორივეჯერ მამია IV გურიელმა და სოლომონ I-მ უკან დაიბრუნეს. ციხე სოლომონ I-მა დაანგრევინა, რათა გურიის სამთავრო იმერეთის სამეფოსთვის დაემორჩილებინა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № ციხე № 10800
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № ეკლესია № 17420
  1. ჩხატარაიშვილი ქ., „გურიის სამთავრო“, თბ., 1959. — გვ. 48.
  2. კალანდაძე ზ., „გურიის ადრე და შუა ფეოდალური ხანის საფორტიფიკაციო ნაგებობანი“, კრებული „გურია“ წ. I გვ. 123 — თბილისი, 1996 წ.