ბელგრადის ალყა (1456)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბელგრადის ალყა
ოსმალეთის ევროპული კამპანიის ნაწილი

შტურმი ბელგრადის ციხესიმაგრეზე, ოსმალური მინიატურა
თარიღი 1456
მდებარეობა ნანდორფეჰერვარი, უნგრეთის სამეფო (დღევანდელი ბელგრადი)
შედეგი უნგრელთა გამარჯვება
მხარეები
უნგრეთის სამეფო სერბეთის დესპოტატი

ჯვაროსნები

ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
იანოშ ჰუნიადი, ჯოვანი კაპისტრანოელი, მიხაილ შილაგი მეჰმედ II, ზაგანოს-ფაშა, კარაჯა ფაშა
ძალები
დაახლოებით 4000 გაწვრთნილი ჯარისკაცი [1]; 60000 სხვადასხვა შემადგენლობის მქონე ჯარი; 200 გემი. [2] 30000 – 100000 ჯარისკაცი [3] [4][5]; 200 გემი. [6]
დანაკარგები
უცნობი 13000 კაცი [7]; 200 გალეა [8]; 300 ქვემეხი. [8]
ბელგრადის ალყა ვიკისაწყობში

ბელგრადის ალყა (უნგრ. Nándorfehérvár ostroma ან nándorfehérvári diadal; სერბ. Опсада Београда) 一 ბელგრადის მილიტარისტული ბლოკადა, რომელიც განხორციელდა 1456 წლის ივლისში. კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, ოსმალეთის სულთანმა, მეჰმედ II-მ, მთელი თავისი რესურსი უნგრეთის სამეფოს დამორჩილების მცდელობას შეალია. მის უმთავრეს მიზანს ბელგრადის ციხის აღება წარმოადგენდა. იანოშ ჰუნიადი, თემესის გრაფი და უნგრეთის სამეფოს მმართველი, რომელმაც გასული ორი ათწლეულის განმავლობაში თურქების წინააღმდეგ მრავალი საბრძოლო მოქმედება აწარმოა, გაემზადა ქალაქის გარნიზონების დასაცავად.

მოულოდნელად, ალყა დიდ ბრძოლაში გადაიზარდა, რომლის დროსაც ჰუნიადმა უეცარ კონტრშეტევას უხელმძღვანელა. ოსმალეთის არმიამ, იმის გათვალისწინებითაც, რომ თავად სულთანი შეტაკებისას დაიჭრა, დიდი დანაკარგი განიცადა, რამაც აიძულა სულთანი, ალყა მოეხსნა და უკან დაეხია. ბრძოლამ საკმაოდ დადებითი შედეგი გამოიღო უნგრელთათვის გამომდინარე იქიდან, რომ მათ შეძლეს უნგრეთის სამეფოს სამხრეთი საზღვრის ექსპანსია, შედეგად საზღვრის სტაბილური მდგომარეობა საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში შენარჩუნდა და მნიშვნელოვნად შესუსტდა ოსმალთა წინსვლა ევროპაში.

რომის პაპის ბრძანებით, ევროპაში არსებული ყველა კათოლიკური ეკლესია ვალდებული იყო, შეტაკებამდე უნგრეთის სამეფოსთვისა და ბელგრადის მშვიდობიანი შენარჩუნებისთვის ელოცათ. არსებობს ლეგენდა, რომ სწორედ პაპის მიერ გამოსული განკარგულების ძალით ბელგრადის კეთილდღეობაზე ლოცვასთან დაკავშირებით იქცა მიზეზად ოსმალეთის დამარცხებისა. [9] გამარჯვების დღე, 22 ივლისი, დღემდე მემორიალური ხსოვნის დღედ აღინიშნება უნგრეთში.[10]

მზადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1455 წლის ბოლოს იანოშ ჰუნიადიმ დაიწყო მზადება ბელგრადის დაცვისთვის. საკუთარი ხარჯებით მან უზრუნველყო და შეძლო არმიის მობილიზება, განამტკიცა ციხე ძლიერი გარნიზონით და მის დასაცავად საკუთარი ძმა, მიხაილ შილაგი და შვილი 一 ლასლო ჩააყენა. ამის შემდეგ ჰუნიადიმ დაიწყო დამხმარე არმიისა და, დამატებით, ფლოტის გაძლიერება, რომელსაც 200 კორვეტი შეჰმატა. ბარონებს ჰუნიადის მზარდი ძალაუფლების უფრო ეშინოდათ, ვიდრე ოსმალთაგან წამოსული საფრთხისა, რის გამოც იანოშს ბარონთაგან დამოუკიდებლად მოქმედება მოუწია.

ბელგრადის ალყა, ოსმალური მინიატურა

ჰუნიადის მოკავშირე იტალიელმა ფრანცისკანელმა ბერმა, ჯოვანი კაპისტრანოელმა, წამოიწყო მითქმა-მოთქმა ჯვაროსნული ლაშქრობის შესახებ. ეს იყო ერტგვარი ხრიკი იმ მიზნით, რომ ადგილობრივი გლეხი და ფეოდალი მოსახლეობა ომში ჩაბმულიყო. ახალწვეულ მოხალისეთა უდიდესი ნაწილი, მიუხედავად დიდი მოტივაციისა, საკმაოდ პრიმიტიულ აღჭურვილობას ფლობდნენ, ზოგიერთი კი მხოლოდ ბარითა და შურდულით იყო შეიარაღებული. ისინი ჰუნიადის არმიის გარშემო იყვნენ განლაგებულნი, რომლის ბირთვი შედგებოდა გამოცდილი დაქირავებული მებრძოლებისგან. მთლიანობაში, ჰუნიადმა მოახერხა 25-დან 30-მდე ათასი ჯარისკაცის მოგროვება.

ალყა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანამ ჰუიადი შეკრებდა საკუთარ ძალებს, მეჰმედ II-ის არმია უკვე მიადგა ბელგრადს. ალყა დაიწყო 1456 წლის 4 ივლისს. შილაგი ციხეში მხოლოდ 5000-7000 ჯარისკაცს ეყრდნობოდა. მეჰმედმა ალყა შემოარტყა ციხის სადავეებს და 29 ივნისს დაიწყო ქალაქის კედლების ძლიერი დაბომბვა. მან თავისი ჯარი სამ ნაწილად გაყო. რუმელიელთა კორპუსს ჰქონდა 300 ქვემეხი, ხოლო ფლოტს 200 საბრძოლო გემბანი. რუმელები მარჯვენა ფრთაზე იყვნენ განლაგებულნი, მარცხნივ კი ანატოლიელთა კორპუსი. შუაში სულთნის პირადი მცველები, აგრეთვე იანიჩრები და მისი სამეთაურო პოსტი. როგორც ანატოლიელთა, ისე იანიჩართა არმია მძიმე ქვეითი ჯარისგან შედგებოდა. მეჰმედმა თავისი მდინარის ხომალდები ძირითადად ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ მხარეში განათავსა ჭაობების პატრულირებისთვის. ისინი ასევე სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მდინარე სავას აკვირდებოდნენ, რომ ჰუნიადის ჯარი ადგილიდან არ დაძრულიყო. ზონას დუნაის აღმოსავლეთი ნაწილიდან სიპაჰთა არმია იცავდა 一 სულთნის ფეოდალური მძიმე კავალერიის კორპუსი 一 რათა მარჯვენა მხრიდან თავდასხმა აეცილებინათ.

ბელგრადის ციხესიმაგრის ჩრდილოეთ ნაწილი

როდესაც ჰუნიადს ოსმალური განლაგების შესახებ შეატყობინეს, ის ამ დროს იმყოფებოდა უნგრეთის სამხრეთში, სადაც დამატებით მსუბუქ კავალერიას აგროვებდა ჯარისთვის. მიუხედავად სიმცირისა, მისი თანამემამულე დიდებულები მზად იყვნენ, უზრუნველეყოთ დამხმარე ძალა. ბერი ჯოვანი კაპისტრანოელი, ვატიკანის განკარგულების თანახმად, გაიგზავნა უნგრეთში ერეტიკოსთა წინააღმდეგ საბრძოლველად და, აგრეთვე, იმ ამბის გასავრცელებლად, რომ ოსმალეთის წინააღმდეგ მომდევნო ჯვაროსნული ლაშქრობა ეწყობოდა. ბერმა მოახერხა საკმაოდ დიდი რაოდენობის, თუმცა ცუდ მზადყოფნაში მყოფი, გლეხებით დაკომპლექტებული ჯარის შეკვრა, რომელიც, მოგვიანებით, ბელგრადისკენ დაიძრა. ბერი ჯოვანი და იანოში ერთად ლაშქრობდნენ, თუმცა ცალ-ცალკე ბატალიონებს განაგებდნენ. ორივე მათგანმა ჯამში დაახლოებით 40000-50000 ჯარისკაცი შეკრიბა.

იმ დროს ბელგრადის ციხის გარნიზონი ბალკანეთის მაშტაბით საუკეთესო დაცვით სისტემას შეიცავდა. მას შემდეგ, რაც სტეფან ლაზარევიჩმა სერბეთის დესპოტატის დედაქალაქი 1404 წელს ბელგრადში გადმოიტანა, არაერთი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ქალაქის ციხეს, რათა ბიზანტიური სტილი თანამედროვეთი შეეცვალა. ციხე შეიცავდა სამ თავდაცვით ფლანგს: ქვედა ქალაქი, რომელშიც საკათედრო ტაძარი იყო განლაგებული; ქალაქის ცენტრი და პორტი დუნაიზე; ზედა ქალაქი ოთხი კარიბჭითა და ორმაგი ციხის კედლით, რომელშიც ჯარი იყო განლაგებული. აგრეთვე, შიდა ციხესიმაგრე, სასახლე და დიდი დონჟონი. შედეგად, ბელგრადის ციხე იქცა სამხედრო არქიტექტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად შუა საუკუნეების ევროპაში.

1456 წლის 14 ივლისს იანოშ ჰუნიადი, დუნაის ფლოტითურთ, მიუახლოვდა მთლიანად გარშემორტყმულ ქალაქს. იმავე დღეს, მან მოახერხა საზღვაო ბლოკადის გარღვევა სამი დიდი ოსმალური გალეის ჩაძირვით, ასევე ოთხი დიდი და ოცი პატარა გემის ხელში ჩაგდებით. მან გაანადგურა სულთნის ფლოტი, რის შედეგადაც ჰუნიადმა შეძლო ჯარების ტრანსპორტირება და ქალაქისთვის საჭირო რესურსების გადაცემა. ამან გააძლიერა ციხის დაცვა.

ტიტუს დუგოვიჩის გმირობა, ალექსანდრე ფონ ვაგნერის ფერწერული ნიმუში, 1859

თუმცა, ოსმალები არ ნებდებოდნენ 一 ინტენსიური საარტილერიო დაბომბვის შედეგად, რომელიც, თითქმის, ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, ციხის კედლის რამდენიმე უმთავრესი ნაწილი ჩამოინგრა. 21 ივლისს მეჰმედ II-მ ბრძანა ციხეზე შტურმით თავდასხმა, რომელიც საღამოს დაიწყო და მთელი ღამე გაგრძელდა. თურქულმა არმიის ციხეზე შეტევის წამოწყებისას ჰუნიადმა მცველებს უბრძანა, ალმოკიდებული მასალები გადაეყარათ სიმაგრიდან. შედეგად, ციხეში კიბით ამავალი იანიჩრები მოსწყდნენ კედელს, როცა ისინი სიმაგრეში შეღწევას ცდილობდნენ.

ქალაქის ზემო ნაწილში წამოწყებული ბრძოლა იანიჩრებსა და შილაგის ჯარისკაცებს შორის ქრისტიანთა წარმატებით დასრულდა. უნგრელებმა შეძლეს, სამხედრო მოქმედება ციხის გარეთაც გადაეტანათ, რითაც ადვილად გაიშალნენ. ქალაქის სიმაგრეში დარჩენილი იანიჩრები ერთიანად ამოიხოცნენ, ხოლო თურქულმა ჯარებმა , რომლებიც ცდილობდნენ ზემო ქალაქში შეჭრას, დიდი ზარალი განიცადეს.

იმ მომენტში, როდესაც თურქები ქალაქის ციხის ბასტიონზე ოსმალეთის დროშის აღმართვას ლამობდნენ, სერბმა ჯარისკაცმა, ტიტუს დუგოვიჩმა ის თურქებს ააცალა და მათთან ერთად ციხიდან გადავარდა. მსგავსი თავგანწირვის გამო, უნგრეთის მეფემ, მატიაშ ჰუნიადმა, რომელიც იანოშის ვაჟი იყო, ტიტუსის ვაჟს დიდგვაროვნის ტიტული მიანიჭა.

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე დღეს ბრძოლამ მოულოდნელი სახე მიიღო. ერთი შეხედვით გამარჯვებულ ოსმალებს აღარ შეეძლოთ უნგრელთა ჯარის ნაკადის შეჩერება. მალე, ალყა ფართომაშტაბიან ომში გადაიზარდა. ჯოვანი კაპისტრანოელმა, რომელმაც შენიშნა ეს მძიმე სიტუაცია, თავად ჩაუდგა 2000-კაციან გლეხთა არმიას სათავეში და წამოიწყო თავდასხმა თურქული ბატალიონის უკანა მხარეზე, რომელთაც თან ეკვროდათ მდინარე სივა. პარალელურად, ჰუნიადიმ ციხიდან თავდასხმა გააძლიერა, რათა თურქთა ბანაკში საარტილერიო პოზიციები მოესპო. გაკვირვებულმა და, ზოგიერთი მემატიანის თქმით, აუხსნელი შიშით პარალიზებულმა თურქებმა ბრძოლის ველიდან გაქცევა დაიწყეს. სულთნის პირადი გვარდია, რომელიც 5000 იანიჩრისგან შედგებოდა, სასოწარკვეთილი ცდილობდა, შეეჩერებინა პანიკა და დაებრუნებინა ჯარისკაცები, თუმცა ჰუნიადის არმია სიძლიერის პიკში იყო და თურქების ეს ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა. სულთანი თავად მონაწილეობდა შეტაკებაში, რა დროსაც არაერთი რაინდი მოკლა, თუმცა თავად ბარძაყში დაიჭრა და გონება დაკარგა.

შეტაკების შემდეგ უნგრულ ქვედანაყოფებს უბვრძანეს, ღამე გაეთიათ კედლებს მიღმა, საბრძოლო მზადყოფნაში, თუმცა თურქთა კონტრშეტევას ამაოდ ელოდნენ. უკუნით სიბნელეში თურქებმა სასწრაფოდ უკან დაიხიეს და 140 დაჭრილებით დატვირთული ვაგონი თან გაიყოლეს. სულთანი გონს ქალაქ სარონაში ყოფნისას მოეგო. მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა შეიტყო საკუთარი ჯარის დაქუცმაცების შესახებ, რომ ფაშათა უდიდესი ნაწილი ომში დაიღუპა და რომ, ფაქტობრივად, მთელი ქონება დაიკარგა, 24 წლის სულთან თვითმკვლელობა გადაეწყვიტა. უნგრელთა მოულოდნელმა თავდასხმამ ოსმალურ არმიაში დიდი დაბნეულობა გამოიწვია, შედეგად, იმ ღამეს დამარცხებული მეჰმედი დარჩენილი ჯარით უკან, კონსტანტინოპოლში დაბრუნდა.

შემდგომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრძოლის შემდეგ უნგრელთა ბანაკში ეპიდემია გავრცელდა, ეს თავად უნგრელთა მეფესაც, იანოშსაც შეეხო, რის გამოც სამ კვირაში, 1456 წლის 11 აგვისტოს თავადაც გარდაიცვალა. ის დაკრძალეს ტრანსილვანიის დედაქალაქ ალბა-იულიაში, რიგით საკათედრო ტაძარში.

ბელგრადის ციხემ თავდასხმამდე ბოლო მოდიფიკაცია განიცადა. ეს იყო უკანასკნელი ცვლილება მანამ, სანამ 1521 წელს ქალაქი სულეიმან დიდებულმა არ იგდო ხელთ.

ალყის დროს რომის პაპმა კალიქსტუს III-მ ევროპის მორწმუნე საზოგადოებას მოუწოდა, შუადღით დაერეკათ ზარი და ელოცათ უნგრელთა გამარჯვებისთვის. [11][12] [13][14][15] თუმცა, ბევრგან ეს ბრძანება გვიან მივიდა და მრავალგან უკვე გამარჯვების ნიშნად რეკდა. სწორედ ამ მოვლენამ ჩაუყარა საფუძველი უნგრულ კულტურაში ერთგვარ ტრადიციას, რომელიც მიზნად ისახავს შუადღისას ზარების რეკვას.[12][14][15][16] [17]

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხესთან არსებული მემორიალური წარწერა

ბელგრადის გადარჩენამ და უნგრელთა გამარჯვებამ ხელი შეუშალა თურქთა პროგრესს ევროპის მაშტაბით მომდევნო 70 წლის განმავლობაში, მიუხედავად მრავალი შემოსევისა, მათ შორის 1480-1481 წლების ოტრანტოს აღებისა და 1493 წლის ხორვატიასა და შტირიაზე თავდასხმისა. ბელგრადის ციხესიმაგრე აგრძელებდა უნგრეთის დაცვას ოსმალეთის იმპერიისგან მის აღებამდე, სახელდობრ 1521 წლამდე.

აღსანიშნავია, რომ თურქთა ბატონობას ევროპაში ხელი შეუშალა იანოშ ჰუნიადის ვაჟის, მატიაშ ჰუნიადის მოძლიერებამ, აგრეთვე სერბეთსა და ბოსნიაში ახალი ბაზების ჩამოყალიბებამ. ანტიოსმალურ ოპერაციებში არანაკლებ დიდი როლი მიუძღვით ვლახეთის მეფე ვლად ცეპეშსა (ტირგოვიშტეს ღამის თავდასხმა) და მოლდოვის სამთავროს მმართველს, შტეფან დიდს.

მიუხედავად ამისა, ქრისტიანებმა მაინც ვერ შეძლეს კულმინაციური წარმატების მიღწევა და კონსტანტინოპოლის დაბრუნება. უნგრეთის მეფე, მატიაშ ჰუნიადი, დიდად არ ინტერესდებოდა ოსმალთა წინააღმდეგ არსებული კამპანიებით და ძირითადად საკუთარი სიმდიდრის დაცვაზე იყო ორიენტირებული. უნგრეთის უდიდესი ნაწილი ოსმალებმა 1526 წელს, მოჰაჩის ბრძოლის შედეგად დაიკავეს.

ოსმალთა ექსპანსია ევროპაში საკმაოდ არაერთგვაროვანი წარმატებით გაგრძელდა 1529 წლის ვენის დარბვევამდე. შედეგად, თურქები ჯერ კიდევ ინარჩუნებდნენ საკუთარ სადავეებს და დიდ საფრთხეს წარმოადგენდნენ ცენტრალური ევროპისთვის 1683 წლის ვენის ალყამდე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Stanford J. Shaw (1976). History of the Ottoman Empire and modern Turkey, Volume 1, Empire of the Gazis: The Rise and Decline of the Ottoman Empire 1280–1808. ISBN 978-0521291637. 
  • Andrew Ayton (1998). The Medieval Military Revolution: State, Society and Military Change in Medieval and Early Modern Society. London, England: I.B. Tauris. ISBN 1-86064-353-1.  დაარქივებული November 12, 2010[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  • John Julius Norwich (1982). A History of Venice, Lecture Notes in Mathematics 1358. New York City, United States: Alfred B. Knopf. ISBN 0-679-72197-5. 
  • Norman Housley (1992). The Later Crusades, 1274–1580: From Lyons to Alcazar, First. ISBN 978-0198221364. 
  • Thomas Henry Dyer (1861). The history of modern Europe: From the fall of Constantinople. J. Murray, გვ. 85. „Noon bell belgrade.“ 
  • Andrić, Stanko (2016). „Saint John Capistran and Despot George Branković: An Impossible Compromise“. Byzantinoslavica. 74 (1–2): 202–227.
  • Peter R. Biasiotto (1943). History of the Development of the Devotion to the Holy Name. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kenneth M. Setton (1984). The Papacy and the Levant, 1204–1571, Vol. 3: The Sixteenth Century to the Reign of Julius III, გვ. 177. ISBN 978-0871691613. 
  2. Stanford J. Shaw (1976). History of the Ottoman Empire and modern Turkey, Volume 1, Empire of the Gazis: The Rise and Decline of the Ottoman Empire 1280–1808, გვ. 63. ISBN 978-0521291637. 
  3. Kenneth M. Setton (1984). The Papacy and the Levant, 1204–1571, Vol. 3: The Sixteenth Century to the Reign of Julius III, გვ. 174. ISBN 978-0871691613. 
  4. Andrew Ayton (1998). „The Military Revolution from a Medieval Perspective“, The Medieval Military Revolution: State, Society and Military Change in Medieval and Early Modern Society. London, England: I.B. Tauris. ISBN 1-86064-353-1. 
  5. John Julius Norwich (1982). A History of Venice, Lecture Notes in Mathematics 1358. New York City, United States: Alfred B. Knopf, გვ. 269. ISBN 0-679-72197-5. 
  6. Kenneth M. Setton (1984). The Papacy and the Levant, 1204–1571, Vol. 3: The Sixteenth Century to the Reign of Julius III, გვ. 175. ISBN 978-0871691613. 
  7. Norman Housley (1992). The Later Crusades, 1274–1580: From Lyons to Alcazar, First, გვ. 104. ISBN 978-0198221364. 
  8. 8.0 8.1 Tom R. Kovach (August 1996). „The 1456 Siege of Belgrade“. Military History. 13 (3): 34. ციტირების თარიღი: March 6, 2015.
  9. Hunyadi and the noon bell ritual
  10. Anniversary of 1456 victory over Ottomans becomes memorial day politics.hu
  11. Thomas Henry Dyer (1861). The history of modern Europe: From the fall of Constantinople. J. Murray, გვ. 85. „Noon bell belgrade.“ 
  12. 12.0 12.1 István Lázár: Hungary: A Brief History (see in Chapter 6)
  13. Kerny, Terézia (2008). „The Renaissance – Four Times Over. Exhibitions Commemorating Matthias's Accession to the Throne“, The Hungarian Quarterly. Budapest, Hungary: Society of the Hungarian Quarterly, გვ. 79–90. „On July 22, 1456, John Hunyadi won a decisive victory at Belgrade over the armies of Sultan Mehmed II. Hunyadi's feat—carried out with a small standing army combined with peasants rallied to fight the infidel by the Franciscan friar St John of Capistrano— had the effect of putting an end to Ottoman attempts on Hungary and Western Europe for the next seventy years. The bells ringing at noon throughout Christendom are, to this day, a daily commemoration of John Hunyadi's victory.“ 
  14. 14.0 14.1 JOHN HUNYADI: Hungary in American History Textbooks – Title.
  15. 15.0 15.1 Archived copy. ციტირების თარიღი: 3 February 2022
  16. Kerny, Terézia (2008). „The Renaissance – Four Times Over. Exhibitions Commemorating Matthias's Accession to the Throne“, The Hungarian Quarterly. Budapest, Hungary: Society of the Hungarian Quarterly, გვ. 79–90. „On July 22, 1456, John Hunyadi won a decisive victory at Belgrade over the armies of Sultan Mehmed II. Hunyadi’s feat—carried out with a small standing army combined with peasants rallied to fight the infidel by the Franciscan friar St John of Capistrano— had the effect of putting an end to Ottoman attempts on Hungary and Western Europe for the next seventy years, and is considered to have been one of the most momentous victories in Hungarian military history. The bells ringing at noon throughout Christendom are, to this day, a daily commemoration of John Hunyadi’s victory.“ 
  17. Imre Lukinich: A History of Hungary in Biographical Sketches (page: 109.)