აღმოსავლეთ ტიმორის ოკუპაცია ინდონეზიის მიერ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღმოსავლეთ ტიმორის ოკუპაცია ინდონეზიის მიერ

აღმოსავლეთ ტიმორის ოკუპაცია ინდონეზიის მიერინდონეზიის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ აღმოსავლეთ ტიმორის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიის 1975-1999 წლებში დაპყრობა და შემდგომში დაკავება. 1974 წელს პორტუგალიაში მომხდარი მიხაკების რევოლუციის შემდეგ დაიწყო პორტუგალიური ტიმორის დეკოლონიზაციის პროცესი, რამაც ქვეყანაში არასტაბილურობა გამოიწვია. ხანმოკლე სამოქალაქო ომის შედეგად გაიმარჯვა რევოლუციურმა ფრონტმა (FReTiLIn), რომელმაც 1975 წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობა.

ინდონეზიის სამხედროებმა, ვითომდა აღმოსავლეთ ტიმორის ლიდერების მიმართვის საფუძველზე 1975 წლის 7 დეკემბერს ქვეყანაში შეიყვანეს ჯარი და მოახდინეს აღმოსავლეთ ტიმორის ოკუპაცია. ინდონეზიამ დროებითი საკამათო მთავრობის შემდეგ აღმოსავლეთი ტიმორი თავის 27-ე პროვინციად გამოაცხადა.

ოკუპაციიდან ძალიან მალევე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ და გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღეს რეზოლუცია, რომელიც გმობდა ინდონეზიის ქმედებებს და ითხოვდა მის მიერ ტიმორის გათავისუფლებას. მიუხედავად ამისა ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მთავრობებმა ინდონეზიის მოქმედებებს მხარი დაუჭირეს და მხარს უჭერდნენ მთელი ოკუპაციის განმავლობაში. პორტუგალიამ კი ანექსიის დღესვე დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა ინდონეზიასთან. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციიის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ხმა მიეცათ გაეროს ყველა რეზოლუციის წინააღმდეგ. მხოლოდ თავად ინდონეზია და ავსტრალია აღიარებდნენ აღმოსავლეთ ტიმორს ინდონეზიის პროვინციად, რომლებმაც ანექსიის შემდეგ დაიწყეს მოლაპარაკებები ტიმორის ზღვაში რესურსების გაყოფის შესახებ. ზოგიერთმა სხვა ქვეყანამაც დაუჭირა მხარი ინდონეზიის მიერ ქვეყნის ოკუპაციას. მათ შორის იყვნენ კანადა, მალაიზია და იაპონია. აღმოსავლეთ ტიმორში შეჭრა იყო ინდონეზიისათვის სერიოზული დარტყმა და რეპუტაციის შელახვა მსოფლიოს თვალში. ქვეყანამ საერთაშორისო ნდობა დაკარგა.

ინდონეზიის ოცდაოთხწლიანი მმართველობის განმავლობაში აღმოსავლეთ ტიმორელმა ხალხმა გადაიტანა უამრავი ტრაგედია, სასამართლოს გარეშე ხალხის დასჯა, მასობრივი მკვლელობები და დაგეგმილი მასობრივი შიმშილი. სანტა-კრუშის მასობრივმა მკვლელობამ 1991 წელს გამოიწვია მსოფლიოს აღშფოთება.

ინდონეზიის მთავრობის წინააღმდეგობა ძლიერი იყო. 1996 წელს ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცების დარგში მიენიჭა აღმოსავლეთ ტიმორის ორ მოქალაქეს კარლუშ ბელუსა და ჟოზე რამუშ-ორტას, მათი მცდელობისათვის მშვიდობიანი გზით მოეგვარებინათ ოკუპაციის საქმე. 1999 წლის რეფერენდუმმა, რომელსაც უნდა განნესაზღვრა აღმოსავლეთ ტიმორის ბედი, აჩვენა, რომ კუნძულის მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოდიოდა დამოუკიდებლობის მოთხოვნით. რეფერენდუმის საფუძველზე 2002 წლის 20 მაისს აღმოსავლეთ ტიმორმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

რეფერენდუმის დასრულების შემდეგ, სამხედრო დაჯგუფებებმა, რომლებიც ინდონეზიის მთავრობასთან თანამშრომლობდნენ, განახორციელეს ძალადობის ახალი ტალღა, რომლის დროსაც სახელმწიფოს ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურდა. ავსტრალიის მეთაურობით შექმნილმა აღმოსავლეთ ტიმორის საერთაშორისო ძალებმა ქვეყანაში წესრიგი აღადგინეს და გააგრძელეს ინდონეზიის ჯარების გაყვანა.

სამართლიანობის დამყარებისა და შერიგების კომისიის მონაცემებით შიმშილისაგან გარდაიცვალა 90 800-დან 202 600-მდე ადამიანი. კომისიამ მკვლელობების 70 %-ზე პასუხისმგებლობა დააკისრა ინდონეზიის ჯარებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]