ემანუელ აფხაიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აფხაიძე, ემანუელ)
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აფხაიძე.
ემანუელ აფხაიძე
დაბ. სახელი ემანუელ აფხაიძე
დაბ. თარიღი 17 აგვისტო/29 აგვისტო, 1899
ქუთაისი
გარდ. თარიღი 8 სექტემბერი, 1970
თბილისი
საქმიანობა მსახიობი

ემანუელ ელისეს ძე აფხაიძე (დ. 29 აგვისტო [ ძვ. სტ. 17 აგვისტო], 1899, ქუთაისი — გ. 8 სექტემბერი, 1970, თბილისი) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1946).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წელს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სუფლიორად ქუთაისის თეატრში, შემდეგ მსახიობად ბათუმის (1921–1923), ქუთაისის (1923–1924) და 1924 წლიდან თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრში. 1926 წელს დაამთავრა აკაკი ფაღავას დრამატული სტუდია.

აფხაიძე კომედიური ჟანრის მსახიობი იყო. შექმნა მკვეთრი სცენური ფორმითა და არტისტიზმით აღბეჭდილი მრავალფეროვანი რეალისტური სახეები - საქმისაი (დადიანის „თეთნულდი"), სოლომონ მორბელაძე (კლდიაშვილის „შემოდგომის აზნაურები"), ნესტორი (დადიანის „ნაპერწკლიდან"), გონჯა (შანშიაშვილის „არსენა"), ბესო (სუმბათაშვილის „ღალატი"), მირზა (მოსაშვილის „ჩაძირული ქვები", სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951), დუდკინი (ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი"), პანდოლფო (გოლდონის „საპატარძლო აფიშით"), დიეგო (ფლეტჩერის „ესპანელი მღვდელი"), რაგნო (როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი").

აფხაიძემ გარკვეული წვლილი შეიტანა ქართულ საესტრადო ხელოვნებაში – კითხულობდა საკუთარ იუმორისტულ-სატირულ ლექსებს. მონაწილეობდა აგრეთვე ქართულ კინოფილმებში („სურამის ციხე", „ნარინჯის ველი", „დაკარგული სამოთხე", „ფიცი", „გიორგი სააკაძე", „ჭრიჭინა", „მაია წყნეთლი", „განაჩენი", „დღე უკანასკენლი, დღე პირველი"). შეასრულა ს. ორჯონიკიძის როლი „მოსფილმის" სურათში „სექტემბრის ღამე".

დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და ორი სხვა ორდენით, აგრეთვე მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ასევე დაკრძალულია მისი მეუღლე თინა კონსტანტინეს ასული ჯაფარიძე-აფხაიძე (დ. 24 თებერვალი, 1904, სოფ. ქვიშხეთი (ხაშურის რაიონი) — გ. 1974, თბილისი) — ქართველი პედაგოგი. მიჰყავდა არფის კლასი. პარალელურად მუშაობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის, აგრეთვე რუსთაველის თეატრის ორკესტრებში. იყო ცნობილი მთარგმნელის კონსტანტინე ჯაფარიძის ქალიშვილი და ესტრადის გამოჩენილი მომღერლის ქეთევან ჯაფარიძის და.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კიკნაძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 34-35, თბ., 1977 წელი.
  • კიკნაძე ვ., ემანუელ აფხაიძე, თბ., 1960;
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 64, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]