ფაღავას სტუდია
ფაღავას სტუდია — პირველი საბჭოთა ქართული დრამატული სტუდია თბილისში. დაარსდა 1922 წელს მსახიობ გიორგი მიქელაძის ინიციატივითა და აკაკი ფაღავას ხელმძღვანელობით. ფაღავას სტუდია მიზნად ისახავდა ახალგაზრდა კვალიფიცირებულ მსახიობთა კადრების მომზადებას. პედაგოგთა შორის იყვნენ: ივანე ჯავახიშვილი, დიმიტრი უზნაძე, აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი, გიორგი ჩუბინაშვილი, კოტე მარჯანიშვილი, ალექსანდრე ახმეტელი, მიხეილ ქორელი, აკაკი ფაღავა და სხვები. 1923 წელს საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს გადაწყვეტილებით ფაღავას სტუდია გამოცხადდა სახელმწიფო სათეატრო ინსტიტუტად (ხელმძღვანელი აკაკი ფაღავა). 1924 წელს ინსტიტუტმა პირველი კადრი გამოუშვა. კურსდამთავრებულთა შორის იყვნენ: აკაკი ხორავა, მალიკო მრევლიშვილი, პოლიკარპე მურღულია, გიორგი მიქელაძე, პეტრე კობახიძე, თამარ წულუკიძე, ვასილ გოძიაშვილი, ე. ლორთქიფანიძე, სესილია თაყაიშვილი, სერგო ზაქარიაძე, ბ. მაღლაკელიძე, თ. თვალიაშვილი, გ. კუპრაშვილი და სხვები. 1926 წელს სათეატრო ინსტიტუტი დაიხურა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- «თეატრი და ცხოვრება», 1924, № 5;
- მნიშვნელოვანი თარიღები, XXV, თბ., 1946
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 241-242.