კარლო გოლდონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლო გოლდონი

კარლო გოლდონი (იტალ. Carlo Goldoni; დ. 25 თებერვალი, 1707, ვენეცია – გ. 6 თებერვალი, 1793, პარიზი) — იტალიელი დრამატურგი, თეატრის რეფორმატორი. წერდა კომედიებს, ტრაგიკომედიებს, ინტერმედიებს, ლიბრეტოებს, სცენარებს, ლექსებს და სხვ. იტალიურ სცენაზე შეიტანა რიგი სიახლეებისა, რის გამოც იტალიური რეალისტური კომედიის ფუძემდებლად ითვლება.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოლდონის შემოქმედება საქართველოში XIX საუკუნის მიწურულს გახდა ცნობილი პიესით „ბუზღუნა კეთილისმყოფელი“, რომელიც 1879 წელს იტალიურიდან თარგმნა ივანე მაჩაბელმა. პიესა მაშინვე დადგა ქართულმა დრამატულმა მუდმივმა დასმა სათაურით: „როგორც ჰქუხს, ისე არ სწვიმს“. საინტერესოა გოლდონის ქართულ თემაზე დაწერილი პიესა „მშვენიერი ქართველი ქალი“, რომელიც პირველად 1761 წელს ვენეციაში, სან ლუკას თეატრის სცენაზე დაიდგა, ხოლო მეორედ – თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში 1981 წელს (დამდგმელი რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი). ქართულ სცენაზე გოლდონის სხვა პიესებიც დაიდგა, მ.შ. აღსანიშნავია „ორი ბატონის მსახური“ (1946, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი; 1970, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი), „სასტუმროს დიასახლისი“ (1952, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი), „საპატარძლო აფიშით“ (1942, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი) და სხვ. მისი პიესები დაიდგა აგრეთვე ბათუმის, გორის, ხაშურის, ჭიათურის თეატრებში. ქართულად თარგმნილია გოლდონის მრავალი ნაწარმოები. მის პიესებს თარგმნიდნენ იოსებ გრიშაშვილი, გოლა (გიორგი მუმლაძე), ალექსანდრე ფრონისპირელი, დავით კასრაძე, გ. ყალაბეგიშვილი, ა. ფაღავა და სხვ. 1903 წელს პეტრე უმიკაშვილმა თარგმნა იტალიელი დრამატურგის პაოლო ფერარის პიესა „გოლდონი და მისი ახალი 16 კომედია“. შალვა დადიანმა 1930 წელს გოლდონის პიესის „ცნობისმოყვარენის“ მიხედვით დაწერა ორიგინალური პიესა „ცის, ბრის“.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Opere complete, v. 1–40, Venezia, 1907–57;
  • Комедии, т. 1–2, М.–Л., 1959.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სტურუა ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 80.
  • Реизов Б. Г., К. Гольдони, Л.–М., 1957.