აფრასიონ მერკვილაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აფრასიონ მერკვილაძე
Aprasion Merkviladze.jpg
დაბ. თარიღი 1871
დაბ. ადგილი ჭალატყე, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1907
გარდ. ადგილი სვერი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
საქმიანობა რევოლუციონერი
ენა ქართული ენა
ეროვნება ქართველები
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია

აფრასიონ ასლანის ძე მერკვილაძე (დ. 1871, ჭალატყე, შორაპნის მაზრა — გ. თებერვალი, 1907, სვერი, შორაპნის მაზრა) — 1905-1907 წლების რევოლუციის გმირი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფრასიონ მერკვილაძე დაიბადა ქუთაისის გუბერნიაში, შორაპნის მაზრის სოფელ ჭალატყეში. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც ჩაება მოსწავლეთა არალეგალური წრის საქმიანობაში. თავის თანამოაზრეებთან ერთად საკუთარ ბინაში დაიწყო არალეგალური ხელნაწერი ჟურნალის გამოშვება, რის გამოც 1891 წლის მარტში აფრასიონი სემინარიიდან გარიცხეს.

1905 წელს რევოლუციის დაწყებისთანავე აქტიურად ჩაება რუსეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო აჯანყებაში. თავისი თანამოაზრეებისაგან აფრასიონ მერკვილაძემ ჩამოაყალიბა მებრძოლთა რაზმი, თავს ესხმოდა სამთავრობო დაწესებულებებსა და სამთავრობო რაზმებს. ერთი ხანი იძულებული გახდა თავისი რაზმი დაეშალა და არალეგალურად დროებით ბათუმში გადასულიყო. მაგრამ მალე დაბრუნდა, რაზმელები კვლავ შემოიკრიბა და ბრძოლა განაახლა ყვირილასა და ჩხარის მიდამოებში. მაშინაც კი, როცა რევოლუციის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო ხელისუფლების სასარგებლოდ, აფრასიონ მერკვილაძის რაზმი შიშის ზარს სცემდა შორაპნის სამაზრო პოლიციას, რომელიც არაერთხელ დაამარცხა სოფლებში: სკანდეში, ზედა საზანოსა და არგვეთში. შემდეგ მოქმედებები გააგრძელა ჭიათურის მიდამოებში. აქვე სოფელ სვერში პოლიციელების მოულოდნელი თავდასხმის შედეგად აფრასიონ მერკვილაძე უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა თავის ორ თანამებრძოლთან, დუგლაძესთან და გაჩეჩილაძესთან ერთად. დასაფლავებულია იმავე სოფელში (ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში აფრასიონ მერკვილაძის გარდაცვალების ადგილად შეცდომით მითითებულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი სვირი).

ხალხში გავრცელებული გადმოცემის თანახმად, აფრასიონი ღალატის მსხვერპლი შეიქმნა, ხოლო გამცემზე შური იძიეს აფრასიონის დებმა და ასე აიღეს ძმის სისხლი. აფრასიონ მერკვილაძის შეიარაღებულ ბრძოლას დიდი აღტაცებით უთანაგრძნობდა ადგილობრივი მოსახლეობაც. ხალხში მისი ვაჟკაცობის შესახებ ლეგენდები დადიოდა. აფრასიონის გარდაცვალების შემდეგ მის ხსოვნას მიეძღვნა ხალხური ლექსი, რომელიც სოფლიდან სოფელში სხვადასხვა ვარიაციებით ვრცელდებოდა.

აფრასიონ მერკვილაძეს
თავი უკვდავი ეგონა,
ოცი ტყვია რომ მოარტყეს,
ფეტვის მარცვალი ეგონა.
ყაზახ-რუსის შემოტევა
კოღო-ბუზები ეგონა.
მკერდიდან სისხლი მოსჩქეფდა,
ანკარა წყარო ეგონა.
დედის ცრემლები საფლავზე
ჟუჟუნა წვიმა ეგონა...

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]