შინაარსზე გადასვლა

აგნეშკა ჰოლანდი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აგნეშკა ჰოლანდი
დაბადების სახელი აგნეშკა ჰოლანდი
დაბადების თარიღი 28 ნოემბერი, 1948
ვარშავა, პოლონეთი
ეროვნება პოლონელი
აქტიური 1973-დღემდე
ცნობილი ნაშრომები

„ევროპა, ევროპა“ (1991) „წყვდიადში“ (2011)

„კვალი“
შვილ(ებ)ი კასია ადამიკი

აგნეშკა ჰოლანდი (პოლ. Agnieszka Holland; დ. 28 ნოემბერი, 1948, ვარშავა, პოლონეთი) — პოლონელი კინო და სატელევიზიო რეჟისორი, სცენარისტი. ცნობილია პოლონურ კინოში შეტანილი წვლილისათვის.

ჰოლანდის ყველაზე ცნობილი ფილმებია „ევროპა, ევროპა“ (1991) და „წყვდიადში“ (2011), რომელიც „ოსკარის“ დაჯილდოებაზე საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის კატეგორიაში იყო ნომინირებული. 2017 წელს ჰოლანდმა თავისი ფილმისთვის, სახელწოდებით „კვალი“, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ვერცხლის დათვი“ მიიღო. 2020 წელს იგი ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს.[1]

ჰოლანდი 2017 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე

აგნეშკა ჰოლანდი 1948 წელს ვარშავაში დაიბადა. იგი ორი ჟურნალისტის, ირენა და ჰენრიკ ჰოლანდების ქალიშვილია. ჰოლანდმა პიესების წერა და ხატვა ბავშვობაში დაიწყო.[2] 11 წლის ასაკში მისი მშობლები განქორწინდნენ, ხოლო დედამისი ებრაელ ჟურნალისტზე, სტანისლავ ბროდსკიზე დაქორწინდა.

1961 წელს მამამისი, ჰენრიკ ჰოლანდი კაგებემ დააპატიმრა. იგი დაკითხვის დროს გარდაიცვალა.[3]

17 წლის ასაკში თავისი პიესები და ნახატები ჩეხური ფილმის აკადემიას გაუგზავნა. იგი აკადემიაში მიიღეს.

1968 წელს, ჩეხოსლოვაკიაში ყოფნისას, იგი პრაღის გაზაფხულის მომსწრე გახდა. ჰოლანდი მთავრობამ დისიდენტური მოძრაობის, რეფორმებისა და პოლიტიკური თავისუფლების მხარდაჭერის გამო დააპატიმრა. ჩეხოსლოვაკიაში ყოფნის გამოცდილებას იგი ასე აღწერს: „შესავალი პოლიტიკაში, ძალადობაში, სილამაზეში, ქორწინებაში, კინოსა და ხელოვნების სხვა დარგებში... ყველაფერი, რაც შემდგომში მოხდა, ამ ჩეხოსლოვაკიურ გამოცდილებაზეა დაფუძნებული“.[4]

1971 წელს აკადემიაში სწავლა დაასრულა და პოლონეთში, ვარშავაში დაბრუნდა, სადაც თავისი პირველი კინოსცენარი დაწერა.[5] მიუხედავად იმისა, რომ ფილმს ცენზურა დაადეს, მან მაინც მიიქცია ანჯეი ვაიდას, ცნობილი პოლონელი რეჟისორის ყურადღება, რომელიც შემდგომში ჰოლანდის მენტორი გახდა.

მის ბავშვობაში მომხდარმა მოვლენებმა დიდი გავლენა მოახდინა მასზე, რაც იგრძნობა მის ფილმებსა და მათ ძირითად თემებშიც.

ჰოლანდმა თავისი კინოკარიერა 1970-იან წლებში დაიწყო, როცა პოლონელი რეჟისორების, კრისტოფ ზანუსისა და ანჯეი ვაიდას ასისტენტი გახდა.

ჰოლანდის პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი იყო „პროვინციელი მსახიობები“, 1978 წელს გამოსული ფილმი პატარა ქალაქის თეატრისა და პოლონეთის პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ. ფილმმა 1980 წელს კანის კინოფესტივალზე საერთაშორისო კრიტიკოსების პრიზი მოიპოვა.

ჰოლანდი 2017 წელს

ჰოლანდმა პოლონეთში კიდევ ორი მნიშვნელოვოანი ფილმი, „სიცხე“ (1980, მიღებულ იქნა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მიერ 1981 წელს) და „მარტოსული ქალი“ (1981) გადაიღო. 1981 წელს, პოლონეთის სამხედრო კანონის გამო, მას პოლონეთში დაბრუნება აუკრძალეს, ხოლო თავისი ქალიშვილის ნახვა რვა თვეზე მეტი დროის განმავლობაში არ შეეძლო. [6] იგი საფრანგეთში ემიგრაციაში წავიდა, სადაც სცენარებს წერდა პოლონელი რეჟისორისთვის, ანჯეი ვაიდასთვის: „სიყვარული გერმანიაში“ (1983), „შეპყრობილი“ და „კორჩაკი“ (1990).

ჰოლანდის ყველაზე ცნობილმა ფილმმა „ევროპა, ევროპა“ (2011), რომელიც სოლომონ პერელის, ებრაელი თინეიჯერის ცხოვრებაზეა დაფუძნებული, 1991 წელს „ოქროს გლობუსი“ მოიპოვა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში, ხოლო „ოსკარი“ საუკეთესო ადაპტირებული სცენარისათვის.

ჰოლანდი ცნობილი პოლონელი მწერლისა და რეჟისორის, კშიშტოფ კიშლევსკის ფილმის, სახელწოდებით, „სამი ფერი: ლურჯი“ სცენარის თანაავტორია. მის გვიანდელ ფილმებში შედის „საიდუმლო ბაღი“ (1993), „სრული დაბნელება“ (1995).

2003 წელს იგი მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრი გახდა[7]. იმავე წელს მან HBO-ს ცნობილი სერიალის, „მოსმენის“ მესამე სეზონის მერვე სერია გადაიღო.[8]

2007 წელს ჰოლანდმა, მისმა დამ, მაგდალენა ლაზარკიევიჩმა და ქალიშვილმა, კატარინა ადამიკმა პოლონური პოლიტიკური სერიალი, „Ekipa“ გადაიღეს. 2008 წელს ჰოლანდი პოლონეთის კინოაკადემიის პირველი პრეზიდენტი გახდა.

აგნეშკა ჰოლანდმა ჩეხური ენიდან პოლონურ ენაზე თარგმნა ცნობილი ჩეხი ავტორის, მილან კუნდერას 1984 წლის რომანი, „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“. იგი კუნდერას 1982 წელს შეხვდა. ჰოლანდმა იფიქრა, რომ წიგნი აქტუალური იქნებოდა არამხოლოდ მისი ჩეხოსლოვაკიური გამოცდილებისათვის, არამედ პოლონეთის მდგომარეობისთვისაც. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა, რომ იგი პოლონელ აუდიტორიასაც გაეცნო.[9]