აბჟაყვა
აბჟაყვა[2][3] (აფხ. Абжьаҟәа — „ნახევარი სოხუმი“) ― სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბესლეთის მარცხენა ნაპირზე. ბესლეთის თემის ცენტრი (სოფლები: ბესლეთი, ზემო ბირცხა, ქვემო ბირცხა). ზღვის დონიდან 3 მ, შავი ზღვიდან 5,5 კმ, სოხუმიდან 4 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[4]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1347 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 1347 | -- | -- |
ისტორიული ძეგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აბჟაყვა ბესლეთის აფხაზური სახელწოდებაა. სიტყვა ორი ნაწილისაგან შედგება, სახელდობრ „აბჟა“ — რაც აფხაზურად ნახევარს ნიშნავს და „აყვა“ — ქალაქ სოხუმის აფხაზური სახელი. მაშასადამე აბჟაყვა აფხაზურად ნახევარ აყვას ე. ი. ნახევარ სოხუმს ნიშნავს.
აფხაზეთის არც ერთ სოფელში არაა იმდენი ისტორიული ძეგლი, რამდენიც აბჟაყვაში მოიპოვება. ზოგი მთგანი, როგორც მაგალითად XII საუკუნის ძეგლი ე. წ. ვენედიკური ხიდი მდინარე ბესლეთზე წარმოადგენს ხუროთმოძღვრების ნიმუშს.
მთა გვარდას სამხრეთ კალთაზე ყურადღებას იპყრობს თავისი შესანიშნავი აღნაგობით საშუალო ზომის კათედრალური ეკლესია, რომლის ნახევარი XIX საუკუნის 90-იან წლებში დაანგრიეს აბჟაყვის ახალი ეკლესიის ასაშენებლად. XX საუკუნის 40-იან წლებშია ნაპოვნი ტრაპიზონის იმპერიის XV საუკუნის ვერცხლის მონეტები, რომელიც სოხუმის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გადაეცა. ამ ეკლესიას გარშემო დიდი გალავანი ჰქონდა. მის გვერდით დარჩენილია ერთი საკმაოდ დიდი ზომის ნანგრევი, რომელიც პალატის შთაბეჭდილებას ახდენს. სავარაუდოა რომ ის რამდენიმე სართულისაგან შედგებოდა. არქეოლოგიური გათხრების დროს კედლებთან ჩაკირული ქვევრები ნახეს. პალატის ნანგრევების ჩრდილოეთით არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მრავალოთახიანი შენობის ნანგრევი.
ნაგებობათა თვისების მიხედვით, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ნანგრევები, ისე დღემდე დაცული ბესლეთის ხიდი, ქართული ასომთავრული წარწერებით, და მის ქვემოთ ამგვარივე თაღიანი ხიდის ნანგრევები და ბოლოს მესამე ხიდის ბურჯები სრულად დანგრეული 1934 და 1936 წლებში მომხდარი წყალდიდობის შედეგად, აგრეთვე ნანგრევები გოგირდის წყაროების აბანოსი, რამდენიმე სააბაზანო განყოფილებით — სავარაუდოდ აშენებულნი უნდა იყვნენ ერთი და იმავე პერიოდში, სახელდობრ X-XII საუკუნეების დამლევამდე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 31.
- კ. ბერულავა, „აბჟაყვა“, გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, 1938, №92
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1989 წლის სსრკ-ს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, აფხაზეთის ასსრ
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 13.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 13.
- ↑ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-01. ციტირების თარიღი: 2011-03-16.
|