შინაარსზე გადასვლა

ჰერმიონ გრეინჯერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰერმიონ გრეინჯერი
ჰარი პოტერის სამყარო - პერსონაჟი
პირველი გამოჩენა ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა
მსახიობი ემა უოტსონი
ინფორმაცია
ნამდვილი სახელი ჰერმიონ ჯინ გრეინჯერი
დაბ. თარიღი 19 სექტემბერი, 1979
წევრობა ფენიქსის ორდენი, დამბლდორის არმია
ოჯახი მისტერ და მისის გრეინჯერები (სახელები უცნობია)
მეუღლე(ები) რონ უისლი
შვილები როუზი და ჰიუგო

ჰერმიონ ჯინ გრეინჯერი (ინგლ. Hermione Granger) — „ჰარი პოტერის“ სამყაროს ერთ-ერთი პერსონაჟი. როულინგს დადასტურებული აქვს, რომ ჰერმიონის პროტოტიპად თავად იქცა, ახალგაზრდა ასაკში.[1]

ჰერმიონი დაიბადა 1979 წლის 19 სექტემბერს[1]. 1991 წლის 1 სექტემბერს, 11 წლის ასაკში[2] იგი ჩაირიცხა გრიფინდორის ფაკულტეტზე, ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოსნობის სკოლაში.

1995-1997 წლებში ჰერმიონი გრიფინდორის ფაკულტეტის პრეფექტად იყო დანიშნული. 1997-1998 წლებში (ეს პერიოდი აღწერილია წიგნში ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები) ჰერმიონი ჰარი პოტერს ჰორკრუქსების ძიებაში ეხმარებოდა, ამიტომ გამოტოვა მთლიანი სასწავლო წელი. თუმცა მან მაინც აანაზღაურა დანაკარგი და შემდეგ წელს დაბრუნდა სკოლაში.

სწავლის პერიოდში ჰერმიონს ჰქონდა წარმატებული აკადემიური მოსწრება[3], იგი გამოირჩეოდა სხვადასხვა სფეროში აქტიურობით. დააარსა შინაურ ელფთა დამოუკიდებლობის აღდგენის მოძრაობა (ედამ) და იყო დაბმლდორის არმიის (და) თანადამფუძნებელი. იგი ასევე იცავდა სხვა ჩაგრულ არსებებს, მაგალითად, ჰაგრიდს ჰიპოგრიფ ბაკბიკის სასამართლო პროცესისთვის დასაცავ სიტყვას უწერდა.

ვოლდემორის საბოლოო დამხობის შემდეგ ჰერმიონმა მუშაობა დაიწყო მაგიის სამინისტროს ჯადოსნურ არსებათა აღრიცხვისა და კონტროლის დეპარტამენტში. მისი ძალისხმევით საგრძნობლად იქნა გაუმჯობესებული შინაური ელფებისა და სხვა მაგიური არსებების ცხოვრება. მოგვიანებით გრეინჯერი გადავიდა სამართლის დეპარტამენტში და მონაწილეობა მიიღო წმინდა სისხლის დასაცავი კანონპროექტების გაუქმებაში.

წიგნის მიხედვით მკითხველს შეუძლია დაასკვნას, რომ ჰერმიონი ნათელი მაგალითია წმინდა სისხლის მითიურობისა, ვინაიდან, მაგლად დაბადებულის მიუხედავად, იგი ავლენს ბევრ დადებით თვისებას. მას დახვეწილი ლოგიკური აზროვნება და გამჭრიახი გონება გააჩნია. დაინტერესებულია ბევრი სასარგებლო საკითხით, როგორიც არის ძველი რუნები და ნუმეროლოგია. მესამე კურსზე (ეს პერიოდი აღწერილია წიგნში ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე) ჰერმიონი, იმ მიზეზით, რომ ძალიან ბევრ გაკვეთილზე დადის და ზოგჯერ რამდენიმე გაკვეთილი ერთი და იგივე დროს უტარდება, ვერ ასწრებს ყველა გაკვეთილზე დასწრებას. ამიტომ პროფესორი მაკგონაგელი მას გადასცემს დროის მდევარს. მისი დახმარებით ჰერმიონი ესწრება ყველა გაკვეთილს, რომელთა ჩატარების დრო ერთმანეთს ემთხვევა.

ჰერმიონმა შესანიშნავად იცის მრავალი ჯადოსნური შელოცვა, რისი წყალობითაც რთულ სიტუაციებში არაერთხელ გადაურჩენია თავისი თავიც და მეგობრებიც. მეხუთე კურსზე (ეს პერიოდი აღწერილია წიგნში ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი) მას უკვე შეუძლია ფორმაცვალებადი ჯადოს გამოყენება, რაც მეშვიდე კურსზე ჩასაბარებელი კ.ა.ტ.ა.-ს პირობას წარმოადგენს. თავისუფალ დროს ჰერმიონი უთმობს შინაური ელფებისათვის ქუდებისა და წინდების ქსოვას.

ჰორკრუქსების მოპოვება და განადგურება მეტწილად ჰერმიონის დაგეგმილი მუშაობის დამსახურებაა. მან მიიღო წინასწარ ზომები: გამოძახების შელოცვით მოიპოვა წიგნები ჰორკრუქსების შესახებ, რომელიც დამბლდორს არც თუ საიმედოდ ჰქონდა შენახული (ამ წიგნებშივე იყო მოცემული ინფორმაცია, თუ როგორ უნდა განადგურდეს ჰორკრუქსი); მოიმარაგა და პატარა ხელჩანთაში ჩაატია (გამადიდებელი შელოცვით) ყველაფერი, რაც მოგვიანებით ხეტიალის დროს გამოადგებოდა სამეულს. ამ ნივთებს შორის იყო: კარავი, წამლები, ყურების დამაგრძელებლები, მრავალწვნიანი სასმელი, ტანსაცმელი და ჰარის სახელგანთქმული უჩინმაჩინის მოსასხამი.

წიგნის სიუჟეტის მიხედვით, ჰერმიონი მაგლური წარმოშობისაა. მისი მშობლები არიან მისტერ და მისის გრეინჯერები (მათი სახელები უცნობია). ორივე მათგანი პროფესიით კბილის ექიმია და ამაყობს ჰერმიონით.[4] ჰერმიონი მათი ერთადერთი შვილია.[5]

მეშვიდე კურსზე ჰერმიონმა თავისი მშობლების უსაფრთხოებაზეც იზრუნა: შეუცვალა მათ მეხსიერება, ისე რომ დაავიწყა საკუთარი სახელი და ის ფაქტი, რომ შვილი ჰყავდათ და საცხოვრებლად ავსტრალიაში გაგზავნა. ასეთი ზომების მიღება მას დასჭირდა სიკვდილის მხვრელებისგან მათ თავდასაცავად.

ვოლდემორის სიკვდილის შემდეგ ჰერმიონმა მოძებნა მშობლები და მეხსიერება აღუდგინა.

ჰერმიონის პირადი ცხოვრების შესახებ წიგნებიდან ძირითადად, ორი ფაქტია ცნობილი. თავდაპირველად, მეოთხე კურსზე (ეს პერიოდი აღწერილია წიგნში ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი) ის მსოფლიო მასშტაბით სახელგანთქმულ, ქვიდიჩის ბრწყინვალე მოთამაშე ვიქტორ კრამს შეუყვარდა და ჰერმიონმაც იმავე გრძნობით უპასუხა. ამის შემდეგაც არ შეუწყვეტიათ ურთიერთობა.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროს ჰერმიონს რონ უისლისთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა (განსაკუთრებით, მეექვსე კურსზე, როდესაც რონს ლევენდერ ბრაუნი შეუყვარდა), მასთან ურთიერთობა საბოლოოდ ჰოგვორტსისათვის უკანასკნელი ბრძოლის წინ მოაგვარა. მანამდე ადგილი ჰქონდა ორმხრივ ეჭვიანობას: რონი ეჭვიანობდა ვიქტორ კრამზე, ჰერმიონი კი - ლევენდერზე. გაბრაზებულმა ჰერმიონმა ერთხელ, მათი ერთად დანახვისთანავე, რონს დაუშინა ავი ჩიტები, რის გამოც, ამ უკანასკნელს ხელებზე კარგა ხანს დარჩა ნაიარევები.

ჰორკრუქსების საძებნელად ხეტიალის დროს ჰერმიონს რონთან უსიამოვნო ფაქტი შეემთხვა. რონი წაეჩხუბა მეგობრებს და დატოვა ისინი. ჰერმიონი მის წასვლას ძალიან განიცდიდა. ის და ჰარი თითქმის არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ, როდესაც რონი დაბრუნდა, ჰერმიონს მოულოდნელი რეაქცია ჰქონდა - იგი მივარდა და რონს მუშტებით ურტყამდა. რამდენიმე კვირის მანძილზე მას უისლისთან არც უსაუბრია.

როდესაც ჰოგვორტსისათვის ფინალური ბრძოლის წინ რონს გაახსენდა, რომ არ შეიძლებოდა დაუცველი შინაური ელფების ჰოგვორტსში დატოვება, აღფრთოვანებულმა ჰერმიონმა მას პირველად აკოცა.

წიგნის ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები ბოლოსიტყვაობის მიხედვით ირკვევა, რომ იგი ცოლად რონ უისლის გაჰყვა. მათ ორი შვილი, როუზი და ჰიუგო ეყოლათ.

  1. 1.0 1.1 Rowling, J.K.. Section:Extra Stuff — Hermione Granger. J.K. Rowling Official Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 სექტემბერი 2008. ციტირების თარიღი: 19 September 2008.
  2. Rowling, J.K.. F.A.Q.: When Hermione arrived at Hogwarts, was she nearly eleven or nearly twelve?. J.K. Rowling Official Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-08. ციტირების თარიღი: 9 February 2011.
  3. J.K. Rowling at the Edinburgh Book Festival. Accio-quote.org (15 August 2004). ციტირების თარიღი: 23 April 2007.
  4. J.K. Rowling's World Book Day Chat. Accio-quote.org (4 March 2004). ციტირების თარიღი: 23 April 2007.
  5. J K Rowling at the Edinburgh Book Festival. Accio-quote.org (15 August 2004). ციტირების თარიღი: 5 September 2007.