გენერალისიმუსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გენერალისიმუსი (ლათ. Generalisimus: ყველაზე მთავარი) — უმაღლესი სამხედრო წოდება ზოგი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში. ენიჭებოდათ მხედართმთავრებს, რომლებიც ომის დროს სარდლობდნენ რამდენიმე არმიას (უფრო ხშირად მოკავშირეთა არმიებს) ან სამეფო დინასტიის ოჯახის წევრებს და სახელმწიფო მოღვაწეებს, როგორც საპატიო წოდება. 1569 წელს საფრანგეთის მეფე შარლ IX-მ გენერალისიმუსის წოდება მიანიჭა თავის 18 წლის ძმას (შემდეგ მეფე ანრი III). მას შემდეგ ეს წოდება ჰქონდათ: საფრანგეთში — ჰერცოგ ა. დე გიზს (1550—1588), პრინც ლ. კონდეს (1621—1688), ჰერცოგ კ. ლ. ვილარს (1653—1734), ჰერცოგ ა. რიშელიეს (1696—1788); ავსტრიაში — თავად რ. მონტეკუკოლის (1609—1680), პრინც ოიგენ (ევგენი) სავოიელს (1663-17369, გრაფ ლ. დაუნს (1705—1766), ერცჰერცოგ კარლს (1771—1847), თავად ფ. შვარცენბერგს (1771—1820); გერმანიაში — გრაფ ა. ვალენშტაინს (1583—1634); რუსეთში — მხედართმთავარ ა. შეინს (1662—1700), თავად ა. მენშიკოვს (1673—1729), პრინც ანტონ ულრიხ ბრაუნშვაიგელს (1714—1774), ა. სუვოროვს (1729—1800); სსრკ-ში საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსის წოდება შემოიღეს სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1945 წლის 26 ივნისის ბრძანებულებით და 1945 წლის 27 ივნისს მიანიჭეს ი. ბ. სტალინს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 3, გვ. 44, თბ., 1978