შუა ატლასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შუა ატლასი
კოორდინატები: 33°30′ ჩ. გ. 04°30′ დ. გ. / 33.500° ჩ. გ. 4.500° დ. გ. / 33.500; -4.500
ქვეყანა მაროკოს დროშა მაროკო
უმაღლესი წერტილი ჯებელ-ბუ-ნასერი
სიმაღლე 3340 
ფართობი 23 ათ. კმ²
სიგრძე 350 კმ
შუა ატლასი — მაროკო
შუა ატლასი
სურათები ვიკისაწყობში

შუა ატლასი (არაბ. الأطلس المتوسط) — ქედი ცენტრალურ მაროკოში, ატლასის მთების ნაწილი. გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ 350 კმ-ზე. ფართობი 23 ათ. კმ². გაბატონებული სიმაღლეებია 2000–3000 მ. მაქსიმალური სიმაღლე 3340 მ (მთა ჯებელ-ბუ-ნასერი). მთებიდან მნიშვნელოვანია აგრეთვე მუსა-უ-საბელი (3172 მ) და ჯებელ-ბუ-იბლანი (3081 მ). წარმოდგენილია 3000 მ-ზე მაღალი ნაოჭა ქედებითა და კარსტული რელიეფის მქონე მაგიდა ზეგნებით. სამხრეთით გაწოლილია მაღალი ატლასი, ჩრდილო-აღმოსავლეთით თელ-ატლასი, ხოლო ჩრდილოეთით ელ-რიფი. გაბატონებულია ლანდშაფტის სამი ტიპი: ძველი ნაგებობები, კარსტული პლატოები და ერუფციული არეალები.[1]

შუა ატლასის მეზოზოური დანალექების ქვეშ მოჩანს პალეოზოური ფენების თითქმის ვერტიკალური საფუძველი. დასავლეთით მეზოზოური დანალექები არ გვხვდება და გაშიშვლებულია დანაწევრებული პენეპლენი. აღმოსავლეთით, პირიქით, ჭარბობს იურული, თითქმის მთელ ზედაპირზე გაბატონებული სუსტად ტალღოვანი კირქვები, მაშინ როდესაც უძველესი წარმონაქმნები გვხვდება მხოლოდ უადების კალაპოტების ფსკერზე.[1]

ახალგაზრდა ვულკანური მოქმედების შედეგია ბაზალტური ლავური ნაკადები, რომლებსაც კარსტული პლატო 300 კმ²-ზე აქვთ გადაფარებული. კრატერები ჯგუფებადაა გადაჭიმული რიგი რღვევის გასწვრივ. შუა ატლასის შემაღლებულ ადგილებში მცენარეულობისთვის ვარგისი მიწები ცოტაა. მრავალ ადგილას ზედაპირზე შიშველი ქანების გამოსავლებია.[1]

დანგრეული ლავით გამდიდრებული ალუვიონი ხეობებშია დალექილი, სადაც მკვიდრი მოსახლეობა საარსებო საშუალებასა და თავშესაფარს პოულობს. შუა ატლასი დიდ ნაწილში პლატოა, მხოლოდ სამხრეთ და აღმოსავლეთ კიდეებთან, კერძოდ, ელ-აბიდის უადისა და მდინარე მულუის გასწვრივ გვხვდება ნამდვილი მთათა ჯაჭვები.[1]

კარსტული რელიეფის ფორმებიდან გვხვდება მღვიმეები, კარსტული ძაბრები, უფსკრულები და სხვა.[2] შუა ატლასის კალთებიდან სათავეს იღებენ მდინარეები უმ-ერ-რბია, სებუ და სხვა. დამახასიათებელია მკაცრი კლიმატი.[1]

ხშირია წვიმა და თოვლი. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა 500–800 მმ აღწევს. დეკემბრიდან მარტის ჩათვლით იცის ძლიერი ქარბუქი. 1000 მ-დან დაწყებული თოვლი დევს. უფრო მაღლა თოვლი მრავალი თვის განმავლობაში არ დნება და ზოგჯერ მისი სისქე 1.5 მ-ს აღწევს. ნოტიო კალთებზე იზრდება მთელი ჩრდილოეთი აფრიკის საუკეთესო კედრის ტყეები, ხოლო მშრალ კალთებზე ტუია, ღვია და ბუჩქნარის რაყები. 1500 მ-დან გვხვდება პირველადი კედრის ტყეები.[1]

შუა ატლასის ფარგლებშია იფრანის ეროვნული პარკი და ტაზეკის ეროვნული პარკი. პოპულარულია თევზაობა, ნადირობა და თხილამურებით სრიალი.[3] შუა ატლასი ბერბერებითაა დასახლებული, რომლებიც ქმნიან ტომთა კავშირებს.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Augustin Bernard, Afrique septentrionale et occidentale, Paris, 1939
  2. John Gunn (Editor). Encyclopedia of Caves and Karst Science, Taylor & Francis, 2004
  3. Middle Atlas mountains, Morocco | Encyclopedia Britannica