შერილინ ფენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შერილინ ფენი

შერილინ ფენი 2012 წელს
დაბადების სახელი შერილინ ენ ფენი
დაბადების თარიღი 1 თებერვალი, 1965 (1965-02-01) (59 წლის)
დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1984-დღემდე
საიტი sherilynfennxo.com

შერილინ ფენი (ინგლ. Sherilyn Fenn; დ. 1 თებერვალი, 1965) — ამერიკელი მსახიობი. პოპულარობა მოიპოვა სატელევიზიო სერიალში ტვინ პიქსი ოდრი ჰორნის როლის შესრულებით, რომლისთვისაც ემის ჯილდო და ოქროს გლობუსის ნომინაცია დაიმსახურა. მსახიობის ცნობილი ფილმებს შორისაა გულით ველურნი (1990), თაგვებსა და ადმიანებზე (1990) და ჰელენა ყუთში (1993).

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფენი მიჩიგანის ქალაქ დეტროიტში მუსიკოსების ოჯახში დაიბადა. მისი დედა, არლენ კუატრო, კლავიშისტია, დეიდა ცნობილი მომღერალი სიუზი კუატროა, ბაბუა ჯაზის მუსიკოსი იყო, ხოლო მამა მენეჯერობდა ისეთ ბენდებს, როგორებიცაა The Pleasure Seekers, Alice Cooper და The Billion Dollar Babies. დედის მხრიდან ფენი იტალიური და უნგრული, ხოლო მამის მხრიდან ირლანდიური და ფრანგული წარმოშობისაა. მან კათოლიკური აღზრდა მიიღო.[1]

ფენი დედასთან და უფროს ძმებთან ერთად ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. როცა იგი 17 წლის იყო, მისი ოჯახი ლოს-ანჯელესში დასახლდა.[2] ფენმა გადაწყვიტა, სკოლა მიეტოვებინა და მსახიობის პროფესიას გაჰყოლოდა, რა მიზნითაც ლი სტრასბერგის თეატრალურ ინსტიტუტში დაიწყო სწავლა.[2]

სამსახიობო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული კარიერა (1984-1989)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფენმა სამსახიობო კარიერა დაბალბიუჯეტური კომერციულ მიზნებზე გათვლილი ფილმებით დაიწყო. მსახიობის ამ პერიოდის ფილმებს შორისაა ველური ცხოვრება (1984), შეჯახება (1986), მძაფრსიუჟეტიანი ფანტასტიკა შურისძიების სული (1986) და ზღაპრით ურჩხული და მზეთუნახავი შთაგონებული ეროტიული ფილმი მერიდიანი (1990). ასევე ფენმა მცირე როლი შეასრულა 1985 წლის საკულტო თინეიჯერულ კომედიაში ნამდვილი მამაკაცი. 1985 წელს მან ჯონი დეპთან ერთად მოკლემეტრაჟიან სტუდენტურ ფილში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ლორი ფრენკმა ამერიკის კინოინსტიტუტისთვის გადაიღო. ფენი და დეპი სამი მომდევნო სამი წლის მანძილზე ერთმანეთს ხვდებოდნენ.[3]

ფენმა თავისი კარიერის ადრეულ ფილმებს სექსპლუატაციური უწოდა, „რომლებშიც რეჟისორები მას კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ გაშიშვლებას აიძულებდნენ.“[4] 1993 წლის ინტერვიუში ფენმა ისაუბრა:

ნაცვლად იმისა, რომ მიმტანად მემუშავა, ძალიან ბევრ ფილმში ვთამაშობდი, მსახიობობას სერიოზულად არც კი ვუდგებოდი. ცხოვრებაში პირველად ვიყავი კალიფორნიაში. კლუბებში დავდიოდი, ვერთობოდი და სამსახიობო გაკვეთილებსაც ხშირად ვაცდენდი. საბედნიეროდ, აგენტი მყავდა, რომელიც დარწმუნებული იყო ჩემს შესაძლებლობებში და მუდამ მიბიძგებდა, რომ არ შევჩერებულიყავი.[5] 

ფენის პირველი ვარსკვლავური როლი ეროტიულ დრამაში ორი მთვარის შერწყმა შედგა. ფილმში მან მდიდარი და არისტოკრატული სამხრეთული ოჯახის მემკვიდრის როლი შეასრულა, რომელიც დასაქორწინებლად ემზადება, თუმცა ამ დროს უბრალო მუშა უყვარდება. როლის შესახებ ფენმა აღნიშნა, რომ ყოველი სასიყვარულო სცენის შემდეგ ტიროდა.[6] ფილმში მონაწილეობის შემდეგ იგი „იმდენად შერცხვენილად გრძნობდა თავს, რომ ერთი წლის მანძილზე არსად ჩნდებოდა“.[5][7] ორი მთვარის შერწყმა მსახიობისთვის კარიერული გარღვევა უნდა ყოფილიყო, თუმცა მორიგი სექსპლუატაციური ფილმში გამოდგა.

ფილმის სექსუალური შინაარსის გამო უამრავი ადამიანი ჩემს შესახებ არასასიამოვნო აზრებს გამოთქვამდა, თუმცა მე მასში მონაწილეობა გადავწყვიტე, რადგან  ეს როლი კომფორტის ზონიდან გამოსვლას მაიძულებდა.[8] არ მინდოდა მუდამ ისეთი გადაწყვეტილებები მიმეღო, რომლებიც კომფორტულ და დაცულ მდგომარეობაში მამყოფებდა. ვფიქრობდი, რომ ფილმში მონაწილეობით საინტერესო გამოცდილებას შევიძენდი.                                                     

არასასიამოვნო გამოცდილების შემდეგ ფენმა გადაწყვიტა, საკუთარი კარიერის მართვის სადავეები ხელში აეღო და სხვა ადამიანების ნება-სურვილს აღარ დამორჩილებოდა.[7]

ცნობადობის მოპოვება — ტვინ პიქსი (1990-1991)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფენმა დევიდ ლინჩის სერიალში ტვინ პიქსი (1990-1991) ოდრი ჰორნის როლი შეასრულა. მისი პერსონაჟი მაყურებლებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. სერიალში ფენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სცენაა, როცა მისი პერსონაჟი ანჯელო ბადალამენტის მუსიკაზე ცეკვავს.[9]

ტვინ პიქსის პილოტის გადაღების შემდეგ ფენმა ნიკოლას კეიჯთან და ლორა დერნთან ერთად მონაწილეობა მიიღო ლინჩის ფილმში გულით ველურნი, რომელშიც მან ავტოავარიაში მოხვედრილი გოგონას როლი შეასრულა. ფილმმა კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო მოიპოვა.

1991 წელს ფენი მარკ ჰერმონის პერსონაჟის, ჯონ დილინჯერის, შეყვარებულის როლში გამოჩნდა ABC-ის განგსტერულ ფილმში დილინჯერი. იმავე წელს მსახიობმა ცბიერი და მაცდუნებელი საბედისწერო ქალის როლი შეასრულა ნეო-ნუარის ჟანრის შავ კომედიაში სურვილი და ჯოჯოხეთი სანსეტ მოტელში.

ტვინ პიქსის შემდგომი როლები (1992-1995)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წელს ჟურნალმა Us Magazine ფენი მსოფლიოში 10 ყველაზე ლამაზ ქალს შორის დაასახელა, ხოლო 1991 წელს მსახიობი მოხვდა ჟურნალის People სიაში „50 ყველაზე ლამაზი ქალი მსოფლიოში“. 1991 წელს ფოტოგრაფმა სტივენ მეისელმა ფენი Dolce & Gabbana-ის შემოდგომა-ზამთრის 1991-1992 წლების კოლექციის კამპანიისთვის გადაიღო. ფოტოსესიაზე ფენმა ჰოლივუდის კლასიკული საბედისწერო ქალი განასახიერა.[10]

1991 წელს ფენმა მონაწილეობა მიიღო რეი ლონდონის სადებიუტო ფილმი მკვლელის დღიური.

ფენის კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული ფილმია გარი სინისის თაგვებსა და ადამიანებზე (1992), რომელიც ჯონ სტეინბეკის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციას წარმოადგენს. სინისმა მის შესახებ აღნიშნა: „შერილინი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც კანის ფესტივალზე ასეთი დადებითი გამოხმაურება მივიღეთ. იგი ფილმში უზომოდ სევდიანი ანგელოზივითაა და მხოლოდ სექსუალურ და მშვენიერ ქალს არ ასახიერებს.“[11][12] ამის შესახებ კომენტარი ფენმაც გააკეთა: „სინისი ერთ-ერთი პირველი ადამიანია, რომელმაც სხვა ადამიანების მსგავსად არ დამინახა.“[13] ფილმის შესახებ მან აღნიშნა: „ეს შესანიშნავი გამოცდილება იყო. ჰორტონ ფუტმა, რომანის ადაპტაციის ავტორმა, ჩემი პერსონაჟი ბევრად უფრო განავრცო და განავითარა.“

იმავე წელს ფენმა ითამაშა ჯონ მაკენზის ფილმში რაბი, რომელიც ჯეკ რაბის შესახებ მოგვითხრობს. მსახიობმა რამდენიმე რეალური ქალის პროტოტიპზეა შექმნილი სტრიპტიზის მოცეკვავის როლი შეასრულა. ფენის შესახებ რეჟისორმა აღნიშნა: „იგი ჭკვიანია და ყველა შესაბამისი ემოციური ინსტიქტი აქვს, რაც შესანიშნავი კომბინაციაა.“[14]

შერილინ ფენი 2010 წელს

მსახიობის შემოქმედებაში ერთ-ერთი გამორჩეული ფილმია ჯენიფერ ჩემბერს ლინჩის ჰელენა ყუთში (1993). ფილმში ფენის პერსონაჟს ავარიაში მოხვედრის შემდეგ მისი ფლობის სურვილით შეპყრობილი ჯულიან სანდსის პერსონაჟი საკუთარ სახლში ატყვევებს და კიდურებს ჰკვეთს. ფილმის თემის შესახებ ფენმა განაცხადა: „საზოგადოება, ჰოლივუდი, კაცები... მათ სურთ ქალები მცირე ზომის დახვეწილ შეფუთვებში მოაქციონ.“ ფილმმა როგორც კრიტიკული, ასევე კომერციული კრახი განიცადა. მიუხედავად ამისა, შემოქმედებითი თანამშრომლობით ორივი ქალი კმაყოფილი იყო.[15] ლინჩმა აღნიშნა: „შერილინი შესანიშნავი მსახიობია. ვფიქრობ, ფილმში მაყურებელი მის იმ ნაწილს დაინახავს, რომელიც აქამდე არასდროს უნახავს.“[16] ფილმის და რეჟისორის შესახებ ფენმა კომენტარი გააკეთა: „ჯენიფერი ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ადამიანია, ვისაც ვიცნობ... ჰელენა ყუთში არ ყოფილა იდეალური ფილმი, თუმცა, ვფიქრობ, ის ამბავი, რომლის გადმოცემასაც ვცდილობდით, საკმაოდ კარგი გამოვიდა. ჩემთვის საკმაოდ ძლიერი იყო ფილმის გზავნილი: ის, თუ როგორ გვათავსებს საზოგადოება ამა თუ იმ გზით ყუთებში.“[13]

ფენი აგრეთვე მთავარ როლში მოგვევლინა კარლ რეინერის ნეო-ნუარის ჟანრის პაროდიულ ფილმში ფატალური ინსტიქტი (1993). ფილმში მან არმანდ ასანტეს პერსონაჟის მდივნის როლი შეასრულა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sherilyn Fenn: Fenn de Siecle. Movieline (1993). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-28. ციტირების თარიღი: 2021-02-25.
  2. 2.0 2.1 Glenn O'Brien. "Fenn-Tastic! Meet Twin Peaks' Mysterious Siren Sherilyn Fenn." Playboy. December 1990. გვ. 82–91, 213–214.
  3. Stephens, Britt (May 29, 2016). „9 Famous Women Who Have Dated Johnny Depp“. Pop Sugar.
  4. Sherilyn Fenn, quoted in "The Rise and Thrall of Sherilyn Fenn" by James Steranko Prevue (US). March 1991. გვ. 42–43, 53, 57.
  5. 5.0 5.1 "Five Feet of Heaven in a Ponytail" by Simon Banner Premiere (UK). July 1993. გვ. 26–29.
  6. Sherilyn Fenn, quoted in "Fenn-Tastic! Meet Twin Peaks' Mysterious Siren Sherilyn Fenn" by Glenn O'Brien Playboy. December 1990. გვ. 82–91, 213–214.
  7. 7.0 7.1 Sherilyn Fenn, quoted in "Everybody's Mad about Sherilyn Fenn" by Jessica Sully, Movie (Australia). January 1993. გვ. 18–20.
  8. Sherilyn Fenn, quoted in "Sherilyn Fenn: The Twin Peaks Temptress Is Back for Fall" by Henry Edwards Details (US). September 1990. გვ. 130–131.
  9. Twin Peaks: What made it so good? en (July 25, 2014). ციტირების თარიღი: November 11, 2020
  10. Sherilyn Fenn | Photography Steven Meisel | Dolce & Gabbana Ad Campaign | Fall/Winter 1991/1992 it-it (2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-08. ციტირების თარიღი: 2021-03-15.
  11. Gary Sinise, quoted in the DVD audio commentary of Of Mice and Men.
  12. Gary Sinise, quoted in "Everybody's Mad about Sherilyn Fenn" by Jessica Sully Movie (Australia). January 1993. pp. 18–20.
  13. 13.0 13.1 Sherilyn Fenn, quoted in "Fenn & Now" by Dennis Hensley. Movieline. June 1999. pp. 54–59.
  14. John Mackenzie, quoted in "Phenomenal Fenn" by Diana Rico. Harper's Bazaar. 1991. pp. 132–133, 156.
  15. Jim McClellan. "Crate Expectations." The Face. Issue 57. June 1993. pp. 40–47.
  16. Jennifer Lynch, quoted in the Boxing Helena press kit. 1993.